ველური ბუნებით ვაჭრობა შემდეგი პანდემიების უდიდეს რისკებს ფლობს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ველური ბუნებით ვაჭრობა შემდეგი პანდემიების უდიდეს რისკებს ფლობს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ვირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, ცხოველებიდან ადამიანზე გადმოსული პირველი პათოგენი არ არის და არც უკანასკნელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2-ის ზუსტი წყარო ცხოველი შეიძლება ვერასოდეს დავადგინოთ, შეგვიძლია კვლევათა სტრატეგია იქით მივმართოთ, რომ შემდეგი ასეთი შემთხვევისთვის მოვემზადოთ.

ამ საკითხისადმი მიძღვნილი ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა რაოდენობრივად შეაფასეს ბუნებაში ცირკულირებული ვირუსების ცხოველებიდან, ძირითადად ძუძუმწოვრებიდან ადამიანებზე გადასვლის რისკი; მთავარი აქცენტი მათ ველური ბუნებით გლობალურ ვაჭრობაზე გააკეთეს, როგორც კანონიერზე, ისე უკანონოზე.

ველური ბუნებით ვაჭრობაში ჩართულ ველურ ძუძუმწოვართა ერთი-მეოთხედი ყველა ცნობილ ზოონოზურ ვირუსთა 75 პროცენტს ატარებს, მაგრამ როგორც კვლევით დგინდება, ამ მაჩვენებლისგან შორს არც შინაური და ვაჭრობის მიღმა არსებული ძუძუმწოვრები არიან.

„ჩვენი შეფასებით, ველური ბუნებით საერთაშორისო ვაჭრობაში წელიწადში მილიარდი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტია ველურ ბუნებას, ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს შორის“, — ამბობს კვლევის ავტორი, კონსერვაციული ბიოლოგი შივაპრაკაშ ნაგარაჯუ.

მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ახლო კონტაქტი ზრდის ცხოველური წარმოშობის პათოგენების, მაგალითად, ვირუსების ადამიანებზე გადასვლის შანსებს, რამაც შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ზოონოზური დაავადება და მისი გავრცელება.

როგორც კვლევიდან ჩანს, საკმაოდ ბევრ ზოონოზურ ვირუსს მხოლოდ რამდენიმე საკვანძო ცხოველი ატარებს. კითხვა იმაში მდგომარეობს, ვეძებთ თუ არა მათ შესაბამის ცხოველებში?

„იმ სახეობათა დადგენით, რომლებიც ადამიანებზე ზოონოზური დაავადებების გადასვლის ყველაზე მაღალ რისკს ფლობენ, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კვლევა ჯანდაცვის გლობალურ ექსპერტებს დაეხმარება პრიორიტეტთა განსაზღვრაში, საით უნდა მიმართონ ძალისხმევა, რათა მოხდეს შემდეგი გლობალური პანდემიის პრევენცია“, — ამბობს ნაგარაჯუ.

ეს რისკი ახალი არ არის, უბრალოდ ერთ-ერთია, რომელმაც მკვლევართა ყურადღება მიიქცია. ველური ბუნებით ვაჭრობა მხოლოდ ერთადერთი მამოძრავებელი ფაქტორი არ არის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ადამიანის ყოველი ათი შემაშფოტებელი ინფექციურ დაავადებიდან ექვსი ზოონოზური, ანუ ცხოველური წარმოშობისაა; მათ შორის არის შავი ჭირი, ცოფი და ახალი კორონავირუსები.

ებოლა, აივ ინფექცია, MERS-ი, SARS-ი — COVID-19-მდე გამოჩენილი ყველა ეს ვირუსი ზოონოზური წარმოშობისაა. სულელი უნდა იყო, რომ ამ ყველაფერში ადამიანის ხელის მონაწილეობა არ აღიარო.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ადამიანის ექსპლუატაციური აქტივობებმა, მაგალითად, ხე-ტყის ჩეხვამ და ურბანიზაციამ, რაც გავლენას ახდენს ბუნებრივ ჰაბიტატზე და ველურ ცხოველებს ადამიანებთან კონტაქტისკენ უბიძგებს, პირდაპირი წვლილი შეიტანა ზოონოზურ დაავადებათა გავრცელებაში.

ზოონუზური დაავადებების ორი ძირითადი წყაროა ღამურები და მღრღნელები, რომლებიც მჭიდრო კოლონიებად ცხოვრობენ და ადვილად ეგუებიან გარემოს, რომელშიც ადამიანია გაბატონებული.

თუმცა, ახალი კვლევა, ძუძუმწოვართა 800 სახეობაში წარმოდგენილი 226 ცნობილი ზოონოზური ვირუსის მეტა-ანალიზი, სხვა ისეთ პოტენციურ წყაროებზეც მიუთითებს, რომლებიც შეიძლება გამოგვრჩა.

ამჟამინდელ ველური ბუნებით ვაჭრობაში, ადამიანთა ჯანმრთელობისთვის უფრო დიდ რისკს შეიძლება ფლობდნენ პრიმატები და ჩლიქოსანი ცხოველები, მაგალითად, თხები, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და ღორები, ვიდრე ღამურები და მღრღნელები, რომლებიც ყველა ცნობილ ზოონოზურ ვირუსთა 30 პროცენტს ატარებენ.

„ვაჭრობაში ჩართული ძუძუმწოვრები ასევე ატარებენ უფრო ზოონოზური ვირუსების განსხვავებულ შემადგენლობას და წარმოადგენენ უფრო სხვაგვარ მასპინძელ რეზერვუარებს, ვიდრე ვაჭრობის მიღმა მყოფი შინაური ძუძუმწოვრები“, -— წერს ნაგარაჯუ.

თუმცა, როგორც კვლევამ დაადგინა, ველური ბუნებით ვაჭრობის მიღმა, ბუნებაში ზოონოზური ვირუსების მთავარი რეზერვუარები მაინც ღამურები და მღრღნელები არიან.

ასეთი ანალიზები კარგი მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ხელმისაწვდომია მონაცემები ლიტერატურაში, მოხსენებებსა და მონაცემთა ბაზებში, ეს კი ეფუძნება იმას, თუ რომელი ვირუსების ნიმუშებია აღებული და სად.

დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია ბუნებაში, ველურ ცხოველებში ცირკულირებად მრავალ მილიონ ვირუსთან შედარებით. მეცნიერთა შეფასებით, მხოლოდ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში დაახლოებით 1,7 მილიონი ისეთი ვირუსია, რომლებიც ჯერ არ აღმოგვიჩენია და მათ შესახებ უბრალოდ არაფერი ვიცით.

„ჩვენ მიერ დაფიქსირებული ვირუსული ჩატვირთვის ფილოგენეტიკური სიგნალი შეიძლება ძუძუმწოვართა სახეობებში ვირუსების არასრული ნიმუშებისა და აღმოუჩენელი მრავალფეროვნების ნიშანი იყოს“, — წერენ მკვლევრები.

ამასობაში, ბოლო დროს ჩატარებული სხვა კვლევებიც მიუთითებს, რომ მეთვალყურეობის პროცესში საჭიროა გავცდეთ ღამურებისა და მღრღნელების კვლევებს, რადგან შეიძლება, ეს ცხოველები სულაც არ იყვნენ ისეთი „სპეციალური“ ვირუსული რეზერვუარები, როგორადაც ისინი წარსულის კვლევებმა დაგვისახა. ცხოველთა ასეთი ჯგუფები მოიცავს უფრო მეტ სახეობას და მათ შეუძლიათ მასპინძლობდნენ მრავალ ისეთ ვირუსს, რომლებმაც შეიძლება ადვილად მონახონ ადამიანებამდე მისასვლელი გზა.

ახალი კვლევის მიხედვით, ვირუსის ზოგიერთი თვისება, მაგალითად, როგორ მრავლდება ის, შეიძლება იმაზე დიდი ფაქტორი იყოს ზოონოზურ გადაცემებში, ვიდრე მასპინძელ ცხოველთა ბიოლოგიური მახასიათებლები. თუმცა, როგორც სხვა კვლევები მიუთითებს, მნიშვნელოვანი ფაქტორებია გეოგრაფია და სახეობათა გავრცელებაც.

ველური ბუნებით ვაჭრობა დიდი გლობალური პრობლემაა.

2009 წლის ანალიზის მიხედვით, 2000-2006 წლებში აშშ-ში განხორციელდა 1,5 მილიარდი ცოცხალი ცხოველის იმპორტი; მათი დაახლოებით 80 პროცენტი ველური ცხოველი იყო. ცნობილია, რომ მრავალი მათგანი ზოონოზურ დაავადებათა მატარებელია, სახეობათა იდენტიფიცირება კი ამ სფეროში ძირითადად მწირია.

„თუ გვსურს, შემდეგი პანდემია დაწყებამდე შევაჩეროთ, ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ სხვა ზომებთან ერთად, ძალისხმევის ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ველური ბუნებით ვაჭრობაში მღრღნელების, ღამურების, პრიმატების, ჩლიქოსნებისა და ხორცისმჭამელების ჩართვა“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯო კისეკერი.

თუმცა, მკვლევრები იქვე აღნიშნავენ, რომ ველური ბუნებით ვაჭრობის მართვა სამომავლო ზოონოზურ პანდემიების პრევენციის მხოლოდ ერთი ნაწილია.

„ასეთივე მნიშვნელობის საფრთხეს წარმოადგენს მიწათსარგებლობა, სოფლის მეურნეობის გაფართოება, ინფრასტრუქტურული განვითარება და ურბანიზაცია“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nature.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.