როდის და როგორ სრულდება პანდემიები — როგორია ისტორიული გამოცდილება #1tvმეცნიერება
როდის და როგორ სრულდება პანდემიები — როგორია ისტორიული გამოცდილება #1tvმეცნიერება

როდის დასრულდება პანდემია? ეს ის კითხვაა, რომელიც ალბათ მთელი ამ თვეების განმავლობაში ყოველდღე გებადებათ.

პანდემიის დაწყების დღიდან, ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები პროგნოზის გაკეთებას მათემატიკური მოდელების გამოყენებით ცდილობენ.

თუმცა, ინფექციური დაავადების მოდელირება ფრიად რთულია. ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მოდელები უტყუარი არ არის და ყველაზე დახვეწილ ვერსიებსაც კი, მათ შორის კომბინირებული პროგნოზებისა და მანქანური სწავლების გამოყენებას არ შეუძლია დაზუსტებით გვითხრას, როდის დასრულდება პანდემია ან რამდენ ადამიანს იმსხვერპლებს.

სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის ისტორიის ასოცირებული პროფესორი ნიუკეტ ვერლიკი, რომელიც დაავადებებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას სწავლობს, გვირჩევს, რომ გასაღების მომავალში ძიების ნაცვლად, შეგვიძლია წარსულში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რა მოგვიტანა ეპიდემიებმა.

პანდემიის დასაწყისში მრავალ ადამიანს ჰქონდა იმედი, რომ კორონავირუსი უბრალოდ გაქრებოდა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, რომ ის თავად გაქრებოდა ზაფხულის სიცხესთან ერთად. ზოგიც ირწმუნებოდა, რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანის ინფიცირების შემდეგ ჩამოყალიბდებოდა კოლექტიური იმუნიტეტი. თუმცა, არც ერთი ეს სცენარი არ ასრულდა.

დამტკიცდა, რომ პანდემიის შეკავებისა და შესუსტებისათვის ყველაზე ეფექტიანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებათა კომბინაცია, მათ შორის, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების კვლევა, სოციალური დისტანცირება და ნიღბების ტარება.

გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მხოლოდ ეს ზომები პანდემიას ვერ დაასრულებს. ყველას მზერა ახლა ვაქცინისკენ არის მიმართული, რომელზე მუშაობაც უპრეცედენტო სიჩქარით მიმდინარეობს.

თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ეფექტიანი ვაქცინისა და პრეპარატის გამოჩენის შემთხვევაშიც კი, COVID-19 შეიძლება არასოდეს გაქრეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პანდემიას მსოფლიოს რომელიმე ნაწილში აღვკვეთთ, ის სავარაუდოდ გაგრძელდება სხვა ადგილებში და ინფექცია კვლავ ყველგან გავრცელდება.

მაშინაც კი, თუ ის პანდემიის დონის საფრთხე აღარ იქნება, კორონავირუსი სავარაუდოდ ენდემური გახდება — ანუ შენარჩუნდება ნელი, მდგრადი გადადება. კორონავირუსი მცირე აფეთქებებს გააგრძელებს, ზუსტად ისე, როგორც სეზონური გრიპი.

პანდემიების ისტორია სავსეა იმედგაცრუების ასეთი მაგალითებით.

დაავადებათა ყველა პათოგენი, ბაქტერიული, ვირუსული თუ პარაზიტული, რომლებიც კაცობრიობას ბოლო რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში შეხვდა, დღემდე ჩვენთან არის, რადგან მათო სრულად ამოძირკვა თითქმის შეუძლებელია.

ერთადერთი დაავადება, რომელიც ვაქცინაციის გზით სრულად ამოიძირკვა, არის ყვავილი. 1960-1970-იან წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანია წარმატებული აღმოჩნდა და 1980 წელს ყვავილი ადამიანის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ სრულად ამოძირკვულ დაავადებად გამოცხადდა.

გამომდინარე აქედან, ყვავილის მსგავსი წარმატებული ამბები გამონაკლისია და თითქოს კანონია, რომ ყოველი ახალი დაავადება არსად მიდის, რჩება.

მაგალითად, ავიღოთ ისეთი პათოგენი, როგორიც არის მალარია. ის პარაზიტებით ვრცელდება, თითქმის კაცობრიობის ხნის არის და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა — 2018 წელს, მსოფლიოში მალარიით ინფიცირების 228 მილიონი და სიკვდილის 405 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

1955 წლიდან მალარიის ამოსაძირკვად მრავალი გლობალური პროგრამა მიმდინარეობს, იყენებენ ინსექტიციდ DDT-სა და პრეპარატ ქლოროკინს, არის გარკვეული წარმატებაც, მაგრამ მალარია ე. წ. გლობალური სამხრეთის მრავალ ქვეყანაში დღემდე რჩება ენდემურად.

ასევე რამდენიმე ათასწლეულია ჩვენთან ერთად არის ისეთი დაავადებები, როგორებიც არის ტუბერკულოზი, კეთრი თუ წითელა. მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, მათი ამოძირკვა ჯერ გარიჟრაჟზეც არ ჩანს.

ამას ემატება შედარებით ახალგაზრდა პათოგენებიც, მაგალითად, აივ-ი, ებოლას ვირუსი, გრიპის ვირუსები და კორონავიორუსები SARS-ი, MERS-ი და SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ს იწვევს; შედეგად, ნათელი ხდება ზოგადი ეპიდემიოლოგიური სურათი.

დაავადებათა გლობალური სიმძიმის (GBD) კვლევა აჩვენებს, რომ ინფექციურ დაავადებათა მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებელი, რომელთა უმეტესობაც განვითარებად მსოფლიოში ხდება, გლობალურად მთლიანად სიკვდილიანობის დაახლოებით მესამედს უდრის.

დღეს, გლობალური საჰაერო მოგზაურობების, კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიურ აშლილობათა ხანაში, მუდმივად ვიმყოფებით ახალ ინფექციურ დაავადებათა საფრთხის წინაშე.

მას შემდეგ, რაც ადამიანთათვის საზიანო პათოგენთა სიას შეემატება, ინფექციურ დაავადებათა უმეტესობა არსად მიდის, ჩვენთან რჩება.

დღემდე კლავს ადამიანებს ისეთი ინფექციებიც კი, რომელთა საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინები და პრეპარატებიც გვაქვს. ამას ისე კარგად არც ერთი სხვა დაავადება არ გვიჩვენებს, როგორც შავი ჭირი — ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება კაცობრიობის ისტორიაში. მისი სახელი დღემდე საშინელების სინონიმია ყველა ენაში.

შავ ჭირს იწვევს ბაქტერია Yersinia pestis-ი. გასული 5000 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია შავი ჭირის უამრავი ადგილობრივი აფეთქება და სულ მცირე სამი დადასტურებული პანდემია, რასაც ასობით მილიონი ადამიანი შეეწირა. ყველა პანდემიას შორის ყველაზე ცნობილია შავი სიკვდილი მე-14 საუკუნის შუა წლებში.

სულ მცირე ექვსი საუკუნის განმავლობაში, შავი სიკვდილი უკან ბრუნდებოდა თითქმის ყოველ ათწლეულში ან უფრო ხშირად და ურტყამდა ისედაც დასუსტებულ საზოგადოებებს.

მე-19 საუკუნის სანიტარულ რევოლუციამდეც კი, ყოველი აფეთქება თვეების ან წლების განმავლობაში თანდათან სუსტდებოდა ტემპერატურისა და ტენიანობისა ცვლილებასთან და მასპინძლების, ვექტორებისა და საკმარისი ოდენობის მოწყვლადი ინდივიდების ხელმისაწვდომობასთან ერთად.

ზოგიერთმა საზოგადოებამ შავი სიკვდილით გამოწვეული დანაკარგები მალევე აღიდგინა, ზოგიერთმა კი ვერასდროს. მაგალითად, შუა საუკუნეების ეგვიპტემ პანდემიის საზარელი ეფექტები სრულად ვერ აღიდგინა, რამაც გაანადგურა მისი აგრარული სექტორი.

მოსახლეობის შემცირების ეფექტის გამოსწორება შეუძლებელი გახდა. ამან კი გამოიწვია მამლუქების სასულთნოს თანდათანობით დასუსტება და საბოლოოდ, ოსმალების მიერ დაპყრობა.

შავი ჭირის ეს საშინელი ბაქტერია დღემდე ჩვენთან არის და შეგვახსენებს ამ პათოგენის წარმოუდგენელ მდგრადობას და გამძლეობას.

საბედნიეროდ, COVID-19 ათასწლეულებს ნამდვილად ვერ გაუძლებს, მაგრამ ეფექტიან ვაქცინამდე და შეიძლება მის შემდეგაც, უსაფრთხოდ არავინ არის.

აქ უკვე გადამწყვეტია პოლიტიკა — როდესაც ვაქცინაციის პროგრამები სუსტდება, ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს. უბრალოდ შევხედოთ წითელასა და პოლიოს, რომლებიც მაშინვე ზვირთდებიან, როგორც კი ვაქცინაციის პროგრამები ფერხდება.

ასეთი ისტორიიდან და ამჟამინდელი პრეცედენტებიდან გამომდინარე, კაცობრიობას შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ადვილად მოსაშორებელი და ამოსაძირკვი პათოგენი აღმოჩნდება.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.