ებოლა დაბრუნდა - რით განსხვავდება ახალი ეპიდემია 2014 წლის შემთხვევისგან
ებოლა დაბრუნდა - რით განსხვავდება ახალი ეპიდემია 2014 წლის შემთხვევისგან

თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს უიშვიათესი, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსი ატერორებდა. ყოველ რამდენიმე წელიწადში, ხდებოდა ეპიდემიის აფეთქება.

უდიდესი ეპიდემია 2014-2016 წლებში მძვინვარებდა დასავლეთ აფრიკაში, როცა ებოლამ 11 310 ადამიანი იმსხვერპლა — უფრო მეტი, ვიდრე ყველა წინა ეპიდემიამ ერთად.

ამჟამად მსოფლიო ებოლას ეპიდემიის კიდევ ერთი აფეთქების ზღვარზეა, ამჯერად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ებოლას ბოლო ეპიდემიისას დაფიქსირებულია 41 შემთხვევა, საიდანაც 20 სიკვდილით დასრულდა.

პირველი შემთხვევა აპრილის დასაწყისში დაფიქსირდა, მაგრამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ სიტუაცია „აფეთქებულად“ მხოლოდ 8 მაისს გამოაცხადა.
რა უნდა ვიცოდეთ ებოლას ბოლო საფრთხის შესახებ

რით განსხვავდება ეს ეპიდემია 2014 წლის შემთხვევისგან?

ტრადიციულად, ჯანდაცვის ინსტიტუციათა ოფიციალური წარმომადგენლები, ებოლას ეპიდემიაზე დაკვირვებისთვის მიმართავენ ე. წ. კონტაქტურ მეთვალყურეობას.

ისინი მუშაობენ თითოეულ ინფიცირებულთან, არკვევენ ყველა იმ ადამიანის ვინაობას, ვისთანაც შესაძლოა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა და შემდეგ, ამ ადამიანებს აკვირდებიან, ხომ არ აღენიშნება რომელიმე მათგანს ვირუსის რაიმე ნიშნები.


სამწუხაროდ, ეს მეთოდი ხშირად არაეფექტიანია. ებოლათი დაავადებული ადამიანების საშუალებით, ხშირად ვერ ხდება იმ ადამიანთა სრული სიის შედგენა, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა.

ერთი გამორჩენილი ადამიანიც კი, შესაძლოა, ეპიდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

მაგრამ ამჯერად, ებოლასთან საბრძოლველად არსებობს გაცილებით ძლიერი იარაღი — ექსპერიმენტული ვაქცინა rVSV-ZEBOV, იგივე V920.

 

რამდენად „ექსპერიმენტულია“ ებოლას ეს ვაქცინა?

ის ექსპერიმენტულია, რადგან ოფიციალურ უწყებებს არასოდეს უცდიათ მისი გამოყენება ეპიდემიის პრევენციისათვის. კლინიკური კვლევების მიმდინარეობის კვალდაკვალ, პრეპარატი სულ უფრო საიმედო ჩანს.

2016 წლის დეკემბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ V920-ის ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. ტესტირება 12 000 ადამიანს ჩაუტარდა გვინეაში. იმ დროისთვის, ეპიდემია დასავლეთ აფრიკაში დასასრულ ფაზაში შედიოდა.

კვლევის ფარგლებში, აცრილ დაახლოებით 6000 ადამიანს, ებოლას ვირუსი არ შეხვდა. ამავე დროს, საკონტროლო ჯგუფში მყოფ ადამიანთაგან, რომლებსაც აცრა არ ჩატარებიათ, 23 პირს ვირუსი განუვითარდა.

ებოლას ვაქცინა ჯერჯერობით ოფიციალურად ლიცენზირებული არ არის აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ, რისი მიზეზიც დამტკიცების ხანგრძლივი და გაჭიანურებული პროცესია.

მიუხედავად ამისა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მისი გამოყენება მაინც შეუძლია, FDA-ს „თანაგრძნობის“ პროტოკოლით. ეს გახლავთ პაციენტთათვის წამლის მიცემის გზა მაშინ, როცა პრეპარატზე მუშაობა ჯერ კიდევ დასრულებული არ არის.

რა გეგმა არსებობს?

16 მაისს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში ებოლას ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა — 4000 ერთეული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, გაიგზავნება დამატებითი პარტიაც.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, ვაქცინა პირველად იმ ადამიანებს გაუკეთდებათ, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ვირუსით ინფიცირებულ პირებთან. უკვე გამოვლენილია 382 ასეთი ადამიანი.

თუმცა, დიდ პრობლემას წარმოადგენს ვაქცინის მიწოდება საჭირო ადგილებში.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რთული რელიეფის გამო, ერთ-ერთი გამოწვევაა ვაქცინის ერთი რეგიონიდან მეორეში გადატანა. მეორე პრობლემაა პრეპარატის შენახვა საჭირო ტემპერატურაზე, რაც -60 -80 გრადუს ცელსიუსს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა V920-ის გამოყენება შეიძლება, სულაც არ იყოს იოლი, მას ნამდვილად აქვს პოტენციალი, რათა გადამწყვეტი როლი ითამაშოს დაავადების გავრცელების პრევენციაში, რათა კვლავ არ განმეორდეს რამდენიმე წლის წინანდელი საშინელი ეპიდემია.

და ბოლოს, თუკი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები წარმატებით დაძლევენ ლოჯისტიკურ სირთულეებს და V920-ს ეფექტიანობაც დადასტურდება, ებოლას ტერორის ზეობა შესაძლოა, სამარადისოდ დასრულდეს.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი