ირაკლი კვირკველია - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს ბორჯომის განვითარება, მათი რეალური მიზანი საბოტაჟი და ბორჯომის გაჩერებაა
ირაკლი კვირკველია - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს ბორჯომის განვითარება, მათი რეალური მიზანი საბოტაჟი და ბორჯომის გაჩერებაა

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს ბორჯომის განვითარება და წინსვლა, მათი რეალური მიზანი საბოტაჟი და ბორჯომის გაჩერებაა, – ამის შესახებ ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კვირკველიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ზაზა ჩაჩანიძის დასაცავად ბორჯომში მელია და რატიანი ჩავიდნენ, საიდანაც ჩანს, რომ დიდი ალბათობით, ზაზა ჩაჩანიძემ „პატრიოტთა ალიანსსაც“ უღალატა და მისი ერთადერთი დასაყრდენი ნიკა მელიაა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ შეიცვალა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მერიის თანამშრომელთა მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით, ირაკლი კვირკველიამ თქვა, რომ ამით მათ სურთ, კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ პიროვნული ზიზღი არ გააჩნიათ და მოლოდინი აქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდიდან გულისხმიერი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სოციალური პროექტების დაფინანსებასა და ბორჯომის განვითარებას მხარს დაუჭერენ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნება“ მზად კომპრომისისთვის, ირაკლი კვირკველიამ განაცხადა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა გადაწყვიტა, თავისი ხელფასი დაიკლოს და ძველი 2 600 ლარი დაბლა დასამტკიცებლად ჩაიტანოს, რაც უკვე კომპრომისია.