ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაკავებული გიორგი გოგიჩაიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულის ადვოკატის, დავით ნოზაძის განცხადებით, გოგიჩაიშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაო, 20 000 ლარის ოდენობით შესთავაზა.

პროცესზე გიორგი გოგიჩაიშვილმა მოსამართლეს სიტყვითაც მიმართა.

„არსებობს სამაჯურიც და შეგვიძლია, თბილისიდან გაუსვლელობაც კი გამოვიყენოთ. რაც შეეხება იმას, მე მოვახდენ ვინმეზე ზეწოლას, მარტო ვმოქმედებდი. ყველაფერი გამოძიებულია და როგორ შეიძლება მოვახდინო ზეწოლა. ეს ყველაფერი ხდება ბორჯომში. მე თბილისში ვცხოვრობ მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად. ერთ-ერთი წარმატებული საკრებულოს თავმჯდომარე ვარ“,- განაცხადა ბრალდებულმა.

საქმეზე წინასამართლო სხდომა 22 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

ლევან ლიპარტიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობას ამ წუთებში იწყებს.