ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოავალეობას გიორგი გოგიჩაიშვილი შეასრულებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოავალეობას გიორგი გოგიჩაიშვილი შეასრულებს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოავალეობას გიორგი გოგიჩაიშვილი შეასრულებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, ამ პოსტზე ახალი თავმჯდომარის არჩევამდე იქნება. არსებული ინფორმაციით, თავმჯდომარის პოსტზეც მისი კანდიდატურა განიხილება.

„პროცედურებს ორი-სამი დღე დასჭირდება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს მერს, ასევე ფრაქციის თავმჯდომარეს ან საკრებულოს წევრთა 1/3-ს. განვიხილავთ 7 დღის ვადაში და ჩაინიშნება რიგგარეშე სხდომა და მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთ-ერთი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე – ჩემი კანდიდატურაა. გადაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული, ამას სჭირდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა, გვექნება კიდევ კონსულტაცია და მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღემდე მერიასა და საკრებულოს შორის ყველანაირი ხიდი იყო ჩატეხილი, არანაირი ურთიერთობა არ იყო. ჩვენ ვგრძნობთ პასუხიმგებლობას, რომ ვართ ბორჯომის ხელისუფლებაში, აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ბორჯომი იყოს უკეთესი, ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობდეს უკეთესად და 4 წლის შემდეგ, იმ ხალხმა, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა, არ თქვან, რომ შეცდომა დაუშვეს“, – განაცხადა გიორგი გოგიჩაიშვილმა.

ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.

ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ფარულ კენჭისყრაზე ხმა 19-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო. სხდომას სულ 21 დეპუტატი ესწრებოდა.

თავად ზაზა ჩაჩანიძე დღეს საკრებულოში არ გამოცხადებულა.

21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა განცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვს. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი იყო საჭირო.