ბორჯომის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ბორჯომის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გიუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გიორგი გიუაშვილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრია, პირველ არხთან აცხადებს, რომ ვერ ითანამშრომლებს უპრინციპო და საკუთარ კეთილდღეობაზე მომუშავე ადამიანებთან, ამიტომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გიუაშვილის თქმით, ის ბორჯომისთვის ბრძოლას თანამდებობის გარეშე გააგრძელებს, თუმცა საკრებულოს დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს.

ლეიბორისტული პარტიის წევრი საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი გოგიჩაიშვილს  თანამდებობის დატოვების შესახებ წერილობით დღეს მიმართავს.

„ვერ ვითანამშრომლებ „სულგაყიდულ“, უპრინციპო, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ თანამდებობის პირებთან. მიმიფურთხებია „ასეთი“ თანამდებობებისთვის და ხელფასებისთვის, თქვენზე მეტი მიბრძოლია და მიკეთებია ჩემი ბორჯომისთვის და ასე გავაგრძელებ მომავალშიც, თანამდებობის და ხელფასის გარეშე“ – წერს გიორგი გიუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გოგიჩაიშვილმა პირველ არხს განუცხადა, თუ გიუაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას შეიტანს, ის დღესვე დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ,  გიორგი გიუაშვილი ბორჯომის საკრებულოს გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ 2017 წლის 20 ნოემბერს სხდომაზე აირჩიეს.