ჰაბლმა ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოჭრილი ობიექტის ახლო ხედები გადაიღო
16:41, 17.10.2019
ნასას ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ასტრონომებს ვარსკვლავთშორისი სტუმრის, კომეტა ბორისოვის საუკეთესო კადრები მიაწოდა. ამ ობიექტის სიჩქარე და ტრაექტორია მიუთითებს, რომ ის მზის სისტემის გარედან არის მოსული.
ჰაბლმა ფოტო 2019 წლის 12 ოქტომბერს გადაიღო და წარმოადგენს ამ კომეტის ყველაზე მკაფიო ხედს ამ დრომდე. როგორც ტელსკოპმა გაარკვია, ობიექტის ბირთვის გარშემო შეიმჩნევა მტვრის ცენტრალური კონცენტრაცია.
კომეტა 21/ბორისოვი ჩვენთვის ცნობილი მეორე ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში შემოიჭრა. პირველი ვარსკვლავთშორისი სტუმარი, სახელად ოუმუამუა 2017 წელს დააფიქსირეს; ობიექტი მზეს 38 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა, შემდეგ კი მზის სისტემის დატოვება დაიწყო. ოუმუამუა უფრო მკვდარ ნამტვრევს ჰგავდა, ბორისოვი კი ამ მხრივ ნამდვილად აქტიურია, ჩვეულებრივი კომეტის მსგავსად. უცნობია, რატომ არის ეს ორი ობიექტი ერთმანეთისგან ასე განსხვავებული.
როგორც მზის სისტემაში შემოსული მეორე ვარსკვლავთშორისი ობიექტი, ეს კომეტა ასტრონომებს ფასდაუდებელ ცნობებს აწვდის ძალიან დიდი ხნის წინ, შორეულ, სულ სხვა მზის სისტემაში გამოჭედილი პლანეტური სამშენებლო ბლოკების ქიმიური შემადგენლობის, სტრუქტურისა და მტვრის მახასიათებლების შესახებ.
კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტის მკვლევრის, ამაია მორო-მარტინის განცხადებით, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ეს ვარსკვლავური სისტემა ჩვენისგან, მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომეტის მახასიათებლები ძალიან ჰგავს მზის სისტემის სამშენებლო ბლოკებისას.
ჰაბლმა კომეტა დედამიწიდან 418 მილიონი კილომეტრის მანძილზე გადაიღო. ობიექტი მზისკენ მოემართება და ჩვენს დედავარსკვლავთან ყველაზე ახლოს 2019 წლის 7 დეკემბერს მივა, თუმცა ეს მანძილი მაინც ორჯერ მეტი იქნება მზესა და დედამიწას შორის არსებულზე.
კომეტის გზა მზის გარშემო ჰიპერბოლურია და ამჟამად 177 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მკვლევართა განცხადებით, იგი იმდენად სწრაფად მიჰქრის, თითქოს სულ არ ადარდებს, რომ წინ მზე ელოდება.
2020 წლის ზაფხულში, უკან, ვარსკვლავთშორისი სივრცის გზას დამდგარი კომეტა იუპიტერს 804 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუვლის. მზის სისტემის დატოვების შემდეგ, კომეტა კიდევ მილიონობით წელიწადს იხეტიალებს კოსმოსში, სანამ კვლავ რომელიმე ვარსკვლავის სისტემას ესტუმრება.
კომეტა 2019 წლის 30 აგვისტოს ყირიმელმა ასტრონომმა გენადი ბორისოვმა აღმოაჩინა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოდან მიმდინარე აქტიური დაკვირვებების შემდეგ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტათა ცენტრმა და ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიამ კომეტის ტრაექტორია გაარკვია, რამაც დაადასტურა, რომ იგი ვარსკვლავთშორისი სივრციდან არის შემოჭრილი.
ამჟამად, მეცნიერთა მიერ აღრიცხული ყველა კომეტა მზის სისტემის განაპირა, ნარჩენებით სავსე ყინულოვანი რეგიონიდან, რომელსაც კოიპერის სარტყელს უწოდებენ. მათი წარმოშობის კიდევ ერთი ადგილია ოორტის ღრუბელი — კომეტებით სავსე გარსი, რომელიც მზიდან ერთი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ჩვენი მზის დინამიკურ საზღვარს.
მკვლევართა განცხადებით, ბორისოვი და ოუმუამუა ვარსკვლავთშორის ობიექტთა აღმოჩენის მხოლოდ დასაწყისია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მზის სისტემაში ასეთი ათასობით ობიექტია ნებისმიერ მოცემულ დროს, მაგრამ მათი უმეტესობა იმდენად მკრთალია, რომ თანამედროვე ტელესკოპებით ვერ ვაფიქსირებთ.
როგორც ჰაბლისა და სხვა ტელესკოპთა დაკვირვებები მიუთითებს, ახალგაზრდა ვარსკვლავები გარშემორტყმულია ყინულისა და ნაშალი მასალის სარტყლებით, სადაც პლანეტების ფორმაცია მიმდინარეობს. ასეთ კომეტის მსგავს ობიექტებს შორის ან სხვა ვარსკვლავთა პლანეტებს შორის მიმდინარე გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად, შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი კოსმოსში გაიტყორცნოს და ვარსკვლავთშორის სივრცეში ხეტიალი დაიწყოს.
კომეტა ბორისოვზე შემდეგ დაკვირვებას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 2020 წლის იანვარში გეგმავს.