მზის სისტემას გარს აკრავს აჩრდილისებრი ნათება, რომლის წარმოქმნის მექანიზმი ჯერ ცნობილი არ არის — #1tvმეცნიერება
მზის სისტემას გარს აკრავს აჩრდილისებრი ნათება, რომლის წარმოქმნის მექანიზმი ჯერ ცნობილი არ არის — #1tvმეცნიერება

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების ახალი ანალიზი ადასტურებს, რომ მის სისტემის გარშემო სივრცეში ზედმეტად ბევრი სინათლეა.

რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ძლიერ ბევრი, ჭარბი სინათლე. ეს გახლავთ უბრალოდ ოდნავი, აჩრდილისებრი ნათება, სუსტი სიჭარბე, თუ გავითვალისწინებთ სინათლის გამომყოფ ყველა ობიექტს.

„აჩრდილისებრ ნათებას“, როგორც მას ასტრონომები უწოდებენ, ვერ ხსნის ყველა ის ვარსკვლავი, რომელიც მზის სისტემას აკრავს გარს, ვერც ზოდიაქური სინათლე, ანუ მტვერი მზის სისტემის სიბრტყეზე.

ჰაბლის 200 000 სურათის ანალიზისა და და პროექტ SKYSURF-ის ფარგლებში ჩატარებული ათასობით გაზომვის შემდეგ, საერთაშორისო თანამშრომლობა დარწმუნებულია, რომ ეს ჭარბი ნათება რეალურია.

უფრო მეტიც, მისი წყარო გაურკვეველია. არსებობს შესაძლებლობები, მაგრამ ჯერ არც ერთი მათგანი დადასტურებული არ არის.

რომელიც ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა? მზის სისტემის მტვრის კომპონენტი, რომელიც ჯერ უშუალოდ არ დაგვიფიქსირებია: მტვრისა და ყინულის ციცქნა ნაწილაკები შიდა ნაწილიდან მზის სისტემის ბნელი მისადგომებისკენ მოძრავი კომეტებისგან, რომლებიც მზის სინათლეს ირეკლავენ და წარმოქმნიან გაფანტულ, გლობალურ ნათებას.

სინათლის ეს წყარო ჩვენთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე კოსმოსურ ზონდ New Horizons-ის მიერ დაფიქსირებული ჭარბი სინათლე; ამ ხომალდმა პლუტონს გადაღმა, მზის სისტემის გარეთ ოპტიკური სინათლის სიჭარბე დააფიქსირა.

„თუ ჩვენი ანალიზები მართებულია, მაშინ ჩვენსა და New Horizons-ის მიერ ჩატარებული გაზომვების ადგილს შორის მტვრის კიდევ ერთი კომპონენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭარბი სინათლის გარკვეული ნაწილი მზის სისტემის შიგნიდან მოდის“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ტიმ კარლტონი.

მისი განცხადებით, იმის გამო, რომ ნარჩენი სინათლის მათეული გაზომვა New Horizons-ისაზე მაღალია, ფიქრობენ, რომ ეს ადგილობრივი ფენომენია, რომელიც მზის სისტემის გარეთ არც ისე შორს არის. ის შეიძლება მზის სისტემის კონტენტის ახალი ელემენტი იყოს, რომლის შესახებაც ვარაუდი არსებობდა, მაგრამ ამ დრომდე არ გაზომილა.

სამყაროში აურაცხელი ნათელი რამ არის: პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები, გაზი და მტვერიც კი. ზოგადად, ნათელი მასალა ის მასალებია, რომლებსაც ვუყურებთ. შესაბამისად, გარემომცველი სინათლე პლანეტებს, ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს შორის სივრცეში ძნელი დასაფიქსირებელია.

თუმცა, როდესაც მას დავინახავთ, ხანდახან აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ველოდით.

მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, რაღაც, რასაც ვერ ვარკვევთ, მაღალენერგიულ სინათლეს წარმოქმნის. ვოიაჯერ 1-მა მზის სისტემის საზღვართან დააფიქსირა წყალბადთან დაკავშირებული ჭარბი სიკაშკაშე. სულ ცოტა ხნის წინ, ჭარბი სინათლე დააფიქსირა New Horizons-მაც. იქ ყველაფერი მართლაც უცნაურად ნათელი ჩანს.

პროგრამა SKYSURF-ის მიზანი ცის სიკაშკაშის სრული დახასიათება იყო.

„ჰაბლის საარქივო ფოტოებზე, ფოტონების 95 პროცენტზე მეტი სულ მცირე 5 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან არის მოსული. ჰაბლის ადრეული დღეებიდან მოყოლებული, მის მომხმარებელთა უმეტესობამ ამ ცის-ფოტონებს უგულებელყოფს, რადგან მათი ინტერესის საგანია ფოტოებში ასახული მკრთალი ობიექტები, მაგალითად, ვარსკვლავები და გალაქტიკები“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი როჯერ ვინდჰორსტი.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ცის ფოტონები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და მისი გამოყოფაც შესაძლებელია — რადგან ჰაბლს აქვს უნარი, მკრთალი სინათლის დონე მაღალი სიზუსტით გაზომოს.

სამ სხვადასხვა პუბლიკაციაში, მკვლევრებმა ჰაბლის არქივში შეისწავლეს იმ მკრთალ გალაქტიკათა ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოგვრჩა; შემდეგ კი რაოდენობრივად დაითვალეს იმ ობიექტთა მიერ გამოყოფილი სინათლე, რომლებიც ვიცით, რომ ანათებენ.

ჯგუფმა, რომელიც დამალულ გალაქტიკებს ეძებდა, განსაზღვრა, რომ არც იმდენი გალაქტიკა იყო გამორჩენილი, რომ სწორედ მათი დამსახურება ყოფილიყო ეს ჭარბი სინათლე.

მეცნიერთა განცხადებით, მათ მიერ მიღებული ჭარბი ნათება უდრის ათი ციცინათელას მიერ გამოყოფილი სინათლის რაოდენობას მთელ ცაზე.

შეიძლება ეს არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ საკმარისია იმის გასაგებად, რომ რაღაც გამოგვრჩა, რაც მნიშვნელოვანია. მეცნიერები სულ უფრო მეტ გზას პოულობენ ვარსკვლავებს შორის სინათლის დასანახად. თუ ადგილობრივი სიჭარბე არსებობს, საჭიროა მის შესახებ ვიცოდეთ, რადგან ამან შეიძლება დაამახინჯოს ჩვენი გაგება უფრო შორეული აჩრდილისებრი ნათების შესახებ.

და რა თქმა უნდა, ამის ცოდნას გავლენა აქვს მზის სისტემის წარმოქმნისა და ისტორიის კვლევაზეც.

პროგრამა SKYSURF-ის სამი პუბლიკაცია The Astronomical Journal-სა და The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა. მათი ხილვა შეგიძლიათ აქ, აქ და აქ. მეოთხე პუბლიკაცია The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია news.asu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.