რეკორდი მოხსნილია — აღმოჩენილია ამ დროისათვის ყველაზე შორეული ვარსკვლავი, რომელიც დიდი აფეთქებიდან 900 მლნ წლის შემდეგ პერიოდს ეკუთვნის #1tvმეცნიერება
რეკორდი მოხსნილია — აღმოჩენილია ამ დროისათვის ყველაზე შორეული ვარსკვლავი, რომელიც დიდი აფეთქებიდან 900 მლნ წლის შემდეგ პერიოდს ეკუთვნის #1tvმეცნიერება

ასტრონომებმა დააფიქსირეს ვარსკვლავის სინათლე, რომელიც ჩვენამდე სივრცე-დროის მილიარდობით წლის სიგანის ოკეანის გაღმიდან, სამყაროს გარიჟრაჟის პერიოდიდან მოვიდა.

აღმომჩენებმა მას „ირენდელი“ უწოდეს, „ცისკრის ვარსკვლავის“ ანგლო-საქსური შესატყვისი. ამ დროისათვის, ის ამ სახის ყველაზე შორეული ობიექტია ჩვენ მიერ აღმოჩენილთა შორის და მიეკუთვნება დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 900 მილიონი წლის შემდეგ პერიოდს.

ვინაიდან ირენდელის სინათლემ ჩვენამდე მოსასვლელად ძალიან ბევრი იარა, ძნელი გასარკვევია მისი მახასიათებლები, მაგრამ უკვე დამტკიცდა, რომ მას შემდეგში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დააკვირდება.

დიდი აფეთქება 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა და ამ მოვლენის შემდეგი მილიარდი წელიწადი, რომელსაც კოსმოსურ განთიადს უწოდებენ, ძალიან ძნელად სანახავია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ადრეულ ეტაპზე ის ბნელი, წყვდიადით მოცული იყო, ვიდრე პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები გაჩნდებოდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ის წარმოუდგენლად შორს არის. ხშირად, სამყაროში ყველაზე კაშკაშა ობიექტების, კვაზარების პოვნაც კი აღემატება ჩვენს ამჟამინდელ ტექნოლოგიათა და ანალიზის მეთოდთა შესაძლებლობებს.

თუმცა, არსებობს გრავიტაციული ხრიკი, რომელსაც შეუძლია გვაჩვენოს პატარა, შორეული ობიექტები, რომელთა შემჩნევაც სხვაგვარად ჩვენს შესაძლებლობებს მიღმა იქნებოდა. ამ ხრიკს გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებენ და წარმოადგენს მასიური ობიექტის გარშემო სივრცე-დროის გამრუდებას, მაგალითად, გალაქტიკის ან გალაქტიკათგროვის გარშემო.

თუ ასეთი მასიური ობიექტი ჩვენსა და უფრო შორეულ ობიექტს შორის შესაფერის ადგილას არის მოთავსებული, შორეული ობიექტის სინათლე სივრცე-დროის გრავიტაციული გამრუდების გასწვრივ გაივლის. ამას კი წარმოუდგენლად გიგანტური ლინზის ეფექტი აქვს: შორეული ობიექტის სინათლე შეიძლება „დაისვაროს“ და დამახინჯდეს, მაგრამ ამავე დროს დიდდება და ხშირად დუბლირდება კიდეც.

ამის შემდეგ, ინჟინერიის დახმარებით, ასტრონომებს შეუძლიათ ამ სინათლის საფუძველზე დაადგინონ, რამდენად არის ობიექტი გადიდებული. კოსმოსური განთიადის მანძილზე, როგორც წესი, ასეთი ლაქები გალაქტიკები აღმოჩნდება ხოლმე.

ერენდელის მშობლიური გალაქტიკა, სახელად WHL0137-LS, პირველად ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დაიჭირა ასეთი ლაქის სახით, რომელსაც მასიური გალაქტიკათგროვა ადიდებდა. მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ჯონ-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბრაიან ბელჩი ხელმძღვანელობდა, ამ გალაქტიკაში აღმოაჩინა ერთი კაშკაშა ობიექტი, რომელიც ზუსტად ლინზირებული კრიტიკული გამრუდების თავზე იჯდა.

როდესაც სხვა გალაქტიკაში ეულ კაშკაშა ობიექტს ვხედავთ, როგორც წესი, შემდეგში ირკვევა, რომ ისინი რაღაც უფრო კაშკაშებია, ვიდრე ტიპური ვარსკვლავები; მაგრამ ტიპურ ვარსკვლავზე გაცილებით კაშკაშა ნებისმიერი რამ ძირითადად წარმავალია, მაგალითად, ნოვა ან შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის გადაყლაპვა, ანუ გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა.

3,5 წლის მანძილზე მიმდინარე დაკვირვებებისას, ირენდელის სიკაშკაშე არ შეცვლილა. უცვლელი იყო მისი ადგილმდებარეობაც, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის გარდამავალი ობიექტი კი არ იყო, არამედ კაშკაშა ვარსკვლავი შესაბამის ადგილას და შესაბამის დროს.

მისი სინათლის გაჭიმვის საფუძველზე ვიცით ისიც, რამდენად შორს არის ის ჩვენგან. სამყაროს გაფართოება სინათლის ტალღების მილევას იწვევს, მახასიათებელს, რომელსაც წითელ წანაცვლებას უწოდებენ. ადრეული სამყაროს ობიექტებამდე მანძილს ასტრონომები სინათლის წითელ წანაცვლებაზე დაყრდნობით ადგენენ.

ირენდელის ულტრაიისფერი სინათლის ანალიზი მიუთითებს, რომ ამ ობიექტს ჩვენს მზეზე დაახლოებით 50-ჯერ მეტი მასა აქვს. თუმცა, ხელმისაწვდომი მონაცემებით სხვა დეტალების გარკვევა ურთულესია. მაგალითად, უცნობია ვარსკვლავის სპექტრული კლასიფიკაცია, რაც ძლიერ გამოსადეგი ცნობა იქნებოდა.

მეცნიერებს ნანახი აქვთ სამყაროს ზოგიერთი სხვა უძველესი ვარსკვლავი, რომლებმაც მილიარდობით წელიწადს გაუძლეს, მაგრამ რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი, მით უფრო მალე კვდება და შესაბამისად, თუ გვეცოდინება, რა ტიპის არის ვარსკვლავი, ძალიან ბევრ რამეს გვეტყვის სამყაროს ადრეული ევოლუციის შესახებ.

არც ის ვიცით, ის ეული ვარსკვლავია თუ ბინარული (ორმაგი) და 50 მზის მასა მათ ჯამურ მასას წარმოადგენს. თუმცა, ჩვენთვის ცნობილ მასიურ ბინარულ ვარსკვლავურ სისტემებში ძირითადად ერთი გაცილებით უფრო მასიურია და სისტემის სინათლის უმეტესობას სწორედ ის გამოყოფს; მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ თუ ორმაგია, ირენდელიც ასეთი იქნება.

ჩვენ მიერ ამ დროისათვის ყველაზე შორეული ვარსკვლავის დაფიქსირებამ შეიძლება საინტერესო ამბები მოგვიყვეს ადრეული სამყაროს შესახებ. მაგალითად, ამჟამად არ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რომლებმაც სინათლეს სამყაროში თავისუფლად მოძრაობის საშუალება მისცა, რასაც რეიონიზაციას უწოდებენ. ასტრონომთა აზრით, ამის მიზეზი ვარსკვლავები და გალაქტიკები გახდა, მაგრამ არ გაგვაჩნია პირდაპირი დაკვირვებები, რომლითაც დავადგენდით, კონკრეტულად როგორ.

უკვე დაფიქსირებული გვაქვს კოსმოსური განთიადის პერიოდის გალაქტიკებიც. უდავოდ ძალიან საინტერესოა ჩვენი ცოდნის დაყვანა იმავე პერიოდის ინდივიდუალურ ვარსკვლავებამდე.

უკვე გამოყოფილია დრო, რომლის განმავლობაშიც ირენდელს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დააკვირდება; ველჩი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ ის ვარსკვლავის შესახებ გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, მათ შორის, მის ასაკს, კლასიფიკაციას , უფრო დეტალურ მასას და გვეტყვის იმასაც, არის თუ არა ის ბინარული (ორმაგი) სისტემა.

ჯეიმს ვები პირველ სამეცნიერო ოპერაციებს ამ ზაფხულს დაიწყებს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.go-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი