სხვა გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავს დეტალური ფოტო გადაუღეს — #1tvმეცნიერება
სხვა გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავს დეტალური ფოტო გადაუღეს — #1tvმეცნიერება

ჩვენგან დაახლოებით 160 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს ახლო პორტრეტები გადაუღეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სხვა გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავი ასე ახლოდან გადაიღეს.

ამ წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის სახელია WOH G64 და მდებარეობს ირმის ნახტომის თანამგზავრ ჯუჯა გალაქტიკა მაგელანის ღრუბელში. ეს ვარსკვლავი წარმოუდგენლად დიდია, აქვს ჩვენს მზეზე თითქმის 2000-ჯერ დიდი რადიუსი.

სწორედ ასეთი კოლოსალური ზომის გამოა ის იდეალური სამიზნე ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპისთვის (VLT). იმდენად დიდია, რომ შესაძლებელი გახდა მისი მოახლოება და ჯერ არნახულ დეტალთა დანახვა.

„დავინახეთ, რომ ვარსკვლავს ახლოდან აკრავს გარშემო კვერცხის ფორმის გარსი. გვიხარია, რადგან ის შეიძლება დაკავშირებული იყოს დრამატულ ამოფრქვევასთან, რომელიც მომაკვდავ ვარსკვლავზე სუპერნოვად აფეთქებამდე მოხდა“, — ამბობს ჩილეს ანდრეს ბელიოს ეროვნული უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კეიჩი ოჰნაკა.

ვარსკვლავების გადაღება აქ, ირმის ნახტომშიც რთულია. ამის ნათელი მაგალითია წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელგეიზე; მიუხედავად იმისა, რომ მისი რადიუსი მზისას 764-ჯერ აჭარბებს და ის ჩვენგან 650 სინათლის წლითაა დაშორებული, მისი ფოტოები იმდენად ბუნდოვანია, რომ ასტრონომები ჯერ კიდევ არკვევენ, რატომ მერყეობს მისი სინათლე ასე დრამატულად.

WOH G64 ზომით ბეთელგეიზეზე დაახლოებით სამჯერ დიდია, მაგრამ ჩვენგან მასზე 250-ჯერ უფრო შორსაა. შესაბამისად, ის ჩვენი ღამის ცის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავზე — ბეთელგეიზეზე გაცილებით პატარა და მკრთალი მოჩანს. ოჰნაკა და მისი კოლეგები WOH G64-ს უკვე წლებია სწავლობენ, მაგრამ იძულებული იყვნენ მოეცადათ, ვიდრე გამოჩნდებოდა იმდენად მძლავრი ტექნოლოგია, რომელიც მისი დეტალური პორტრეტის გადაღებას შეძლებდა.

ეს ტექნოლოგია კი აღმოჩნდა ინსტრუმენტი, სახელად GRAVITY, რომელიც ძლიერ პატარა და მკრთალ ობიექტებზე დაკვირვებისთვის შეიქმნა. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად შორს მდებარეობს WOH G64, ის ნამდვილად პატარა და მკრთალი მოჩანს. მკვლევრებმა მასზე დაკვირვებები 2020 წლის დეკემბერში ჩაატარეს, შემდეგ კი მონაცემთა გასუფთავების, დამუშავებისა და რეკონსტრუქციის ძალიან რთული სამუშაოები დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ სურათი შეიძლება ბუნდოვანი მოგეჩვენოთ, მკვლევართა მიერ მიღწეული დეტალები უბრალოდ გასაოცარია.

წითელი სუპერგიგანტი

2005 და 2007 წლებში ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ WOH G64-ს გარს აკრავს მტვრიანი მატერია. ვინაიდან ვარსკვლავი წითელი სუპერგიგანტის ფაზაში იმყოფება, ეს ფაქტი საკმაოდ ამაღელვებელია. წითელი სუპერგიგანტის ფაზა მზეზე 8-დან 35-მდე მეტი მასის მქონე ვარსკვლავთა სიცოცხლის ბოლო ეტაპია. როდესაც ასეთი ვარსკვლავები ბირთვში ბირთვულ საწვავს ამოწურავენ, არასტაბილური ხდებიან, იწვიან ძლიერ ცხელად და უზარმაზარ ზომებამდე იბერებიან, შემდეგ კი სუპერნოვად ფეთქდებიან.

მტვრიანი მატერია მეტყველებს, რომ WOH G64 სიცოცხლის ძლიერ არასტაბილურ ეტაპზე იმყოფება და რაც უფრო აღსასრულისკენ მიდის, მით მეტ მასას კარგავს.

ამჯერად, ახალმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ვარსკვლავის ჩაბნელებამ მოიმატა.

„დავადგინეთ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ვარსკვლავი მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც ვარსკვლავის სიცოცხლეზე რეალურ დროში დაკვირვების უნიკალურ შანსს გვაძლევს“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი გერდ ვეიგელტი.

მკვლევართა აზრით, ვარსკვლავის ჩაბნელების მიზეზი შეიძლება მასის დაკარგვა იყოს, რასაც ის ახლა განიცდის. მის მიერ ამოფრქვეული გაზი და მტვერი ჩვენკენ მომავალი სინათლის გარკვეულ ნაწილს ბლოკავს, რის გამოც, ჩვენს ტელესკოპებში ის უფრო ჩაბნელებული მოჩანს.

წითელი სუპერგიგანტი

სრულიად მოულოდნელად, ასტრონომებმა ვარსკვლავიდან კვერცხის ფორმის ამონატყორცნო ბუშტი დააფიქსირეს. წინა დაკვირვებებზე დაყრდნობით ჩატარებულმა მოდელირებამ მიუთითებდა, რომ ფორმა სხვანაირი უნდა ყოფილიყო. უცნობია, რატომ ჰქონდა მას ასეთი ფორმა, მაგრამ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ახსნა.

შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდეს მატერიის ამოტყორცნის გზას; ვარსკვლავის გარშემო სივრცეში მისი მოძრაობის მანერას; ანდაც შეიძლება, მას ჩვენთვის ჯერ უცნობი წყვილური (ბინარული) კომპანიონი ჰყავს, რომელიც ვარსკვლავისგან გადინებულ მატერიას გარკვეულ ფორმას აძლევს.

ეს მონსტრი ვარსკვლავი მეცნიერებს კვლევებისთვის მრავალმხრივ უნიკალურ შანსს აძლევს. წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავის მიერ მასის დაკარგვა რამდენიმე ათასწლეულს გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვარსკვლავი ნამდვილად ზღვარზეა. მან შეიძლება ბევრი ისეთი რამ გვითხრას მასიურ ვარსკვლავთა აღსასრულის შესახებ, რაც ჯერ არ ვიცით.

„ეს ვარსკვლავი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელია ამ სახის ვარსკვლავთა შორის. ნებისმიერმა დრამატულმა ცვლილებამ ის შეიძლება კიდევ უფრო ახლოს მიიყვანოს ფეთქებად აღსასრულთან“, — ამბობს ბრიტანეთის კილის ობსერვატორიის დირექტორი ჯაკო ფონ ლუნი.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.