სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავში მიმდინარე დრამატული ცვლილებები შეიძლება მის აფეთქებას მოასწავებდეს — #1tvმეცნიერება

15:03, 24.02.2026

სამყაროში ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი რაღაც უცნაურად იქცევა — მეცნიერები ბჭობენ, რა შეიძლება ხდებოდეს მის თავს.

WOH G64 — უზარმაზარი ვარსკვლავი მაგელანის დიდ ღრუბელში, არის (ან იქნებ იყო) ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი წითელი სუპერგიგანტი, რომლის რადიუსიც მზისას 1500-ჯერ აღემატება. 2013 – 2014 წლებში, ტელესკოპებმა მისი დრამატული ტრანსფორმაცია ჩაიწერეს — კლასიკური წითელი სუპერგიგანტობიდან უფრო ცხელ, მოყვითალო მდგომარეობისკენ გადაიხარა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მკვლევრებმა გონსალო მუნიოს-სანჩესის ხელმძღვანელობით, დაასკვნეს, რომ ვარსკვლავი იშვიათი, ყვითელი ჰიპერგიგანტის ფაზაში გადავიდა, პოტენციურად გადადგა ნაბიჯი საბოლოო აღსასრულისკენ.

2024 წლის ნოემბერში რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე გამოქვეყნებულ კვლევაში ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ეს ცვლილება აღნიშნავდა უცაბედ გადასვლას წითელი სუპერგიგანტის ფაზიდან ხანმოკლე ევოლუციურ ეტაპზე, რომელიც წინ უძღვის ბირთვის კოლაფსით გამოწვეულ სუპერნოვად აფეთქებას.

„ეს დრამატული ტრანსფორმაცია შეიძლება აიხსნას ან ფსევდოატმოსფეროს ნაწილობრივი ამოტყორცნით, ან მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნებით 30-წლიანი განსაკუთრებული ამოფრქვევების შემდეგ“, — წერენ მკვლევრები.

მათი ანალიზების თანახმად, ცვლილებებს შორისაა ტემპერატურის ზრდა, ზომის შემცირება დაახლოებით 800 მზის რადიუსით და ატმოსფერული ქიმიის ცვლილებები. ასევე გამოავლინეს, რომ ამ ვარსკვლავს ჰყავს ცხელი მეწყვილე (კომპანიონი) ვარსკვლავი, რომელიც მასთან ურთიერთქმედებს.

თუმცა, უფრო ახალი დაკვირვებები მიუთითებს, რომ წითელი სუპერგიგანტის ფაზა ამ ვარსკვლავს შეიძლება არც არასოდეს დაუტოვებია.

წითელი სუპერგიგანტები მოცულობის მხრივ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავებია; ვითარდებიან მზეზე 8-30-ჯერ მასიური ვარსკვლავებისგან, რომლებიც ბირთვული წვის ბოლო სტადიებზე იმყოფებიან. როცა წითელი სუპერგიგანტის საწვავის მარაგები მძიმე ელემენტებისკენ წაინაცვლებს, ის იბერება და გარე ფენებს მზის რადიუსზე ასეულობით დიდ ფართობზე იფართოებს.

ასეთი ვარსკვლავები ბუნებით არასტაბილურები არიან და დრამატულ ცვლილებებს განიცდიან, მათ შორის სიკაშკაშის ან ფერის ცვლილებებს, რადგან ისინი მატერიას სივრცეში ტყორცნიან.

WOH G64 ჩვენგან დაახლოებით 160 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და არის განსაკუთრებულად დიდი და კარგად შესწავლილი ვარსკვლავი, რომელიც ასტრონომებს იშვიათ შესაძლებლობას სთავაზობს, დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან მასიური ვარსკვლავები საბოლოო ევოლუციურ ეტაპებზე.

თუმცა, ასეთ არასტაბილურ ვარსკვლავთა ქცევის ინტერპრეტირება რთულია. სიკაშკაშის ან ფერის ცვლილება აუცილებლად არ ნიშნავს მისი იდენტობის ცვლილებას.

მუნიოს-სანჩესისა და მისი ჯგუფის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ სხვა მკვლევრებს დრო მისცა შემდეგი საკუთარი დაკვირვებების ჩასატარებლად, იქამდე, ვიდრე მათი კვლევა უკვე რეცენზირებული სახით გამოქვეყნდებოდა ჟურნალ Nature Astronomy-ში.

2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე, ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯაკო ფონ ლუნმა და ჩილეს ანდრეს ბელიოს უნივერსიტეტის მკვლევარმა კეიიჩი ოჰნაკამ ვარსკვლავზე დაკვირვებები სამხრეთ აფრიკის დიდი ტელესკოპით აწარმოვეს.

2026 წლის იანვარში, ამ დაკვირვებების საფუძველზე მიღებული დასკვნები ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოაქვეყნეს. WOH G64-ის ატმოსფეროში მათ ტიტანის ოქსიდი დააფიქსირეს.

თუმცა, ყვითელი ჰიპერგიგანტი ზედმეტად ცხელია, რათა ტიტანის ოქსიდი შეინარჩუნოს.

„ამბობდნენ, რომ WOH G64 ყვითელ ჰიპერგიგანტად გადაიქცა, რაც სუპერნოვამდელი და წითელი გიგანტის შემდეგი ევოლუციური ფაზის ნიშანი უნდა იყოს. მაგრამ სამხრეთ აფრიკის დიდი ტელესკოპით მიღებული სპექტრული მონაცემები აჩვენებს, რომ მას ჰყავს ცხელი კომპანიონი ვარსკვლავი და ასევე, დავაფიქსირეთ ტიტანის ოქსიდიდან მიღებული მოლეკულური შთანთქმის მკაფიო ზოლები. ეს მიუთითებს, რომ WOH G64 ამჟამად წითელი სუპერგიგანტია და ეს ფაზა შეიძლება არც არასოდეს დაუტოვებია“, — ამბობს ფონ ლუნი.

უცნაური ცვლილებების მქონე წითელი სუპერგიგანტი, რაც აუცილებლად გარდაუვალ აფეთქებაზე არ მიანიშნებს, პრეცედენტის გარეშე არაა; ალბათ გახსოვთ ვარსკვლავ ბეთელგეიზეს დრამატული ჩაბნელებების ამბავი, რა დროსაც მისი სიკასკაშე თითქმის 25 პროცენტით დაეცა.

ეს არც იმას ნიშნავს, რომ ამ ვარსკვლავის თავს არაფერი დრამატული არ ხდება. ფონ ლუნი და ოჰნაკა თანხმდებიან, რომ ამ ვარსკვლავს სავარაუდოდ წყვილური (ბინარული) კომპანიონი ვარსკვლავი ჰყავს. მათი აზრით, ურთიერთქმედება ორ ვარსკვლავს შორის შეიძლება გაართულა გარემო მათ გარშემო და წარმოქმნა ცვლილებები, რომელიც შეიძლება წააგავდეს სპექტრულ ცვლილებას ფუნდამენტური ევოლუციური ნახტომის საჭიროების გარეშე.

იმისათვის, რათა უკეთესად გავიგოთ, რა ხდება WOH G64-ს თავს, საჭიროა მეთვალყურეობის გაგრძელება. როგორ გააგრძელებს ის განვითარებას, მეცნიერებს უფრო მკაფიო სურათს მისცემს იმის თაობაზე, ეს ვარსკვლავი ევოლუციური გადასვლის ზღვარზეა თუ არეულობა მისი ამჟამინდელი საბაზისო მდგომარეობაა.

თუმცა, ერთი რამ ძლიერ აშკარაა. ეს უცნაური სისტემა სავსეა სიურპრიზებით და ჩვენს გაოცებას მომავალშიც გააგრძელებს.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია keele.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი