როგორ შთანთქა შორეულმა ვარსკვლავმა საკუთარი პლანეტა — ასტრონომებმა საოცარი დეტალები გაარკვიეს #1tvმეცნიერება
როგორ შთანთქა შორეულმა ვარსკვლავმა საკუთარი პლანეტა — ასტრონომებმა საოცარი დეტალები გაარკვიეს #1tvმეცნიერება

ორი წლის წინ, ასტრონომებმა დააფიქსირეს, როგორ გადაყლაპა ვარსკვლავმა საკუთარი პლანეტა. ამჯერად, ამ პროცესის შესახებ მათ უფრო მეტი, საოცარი დეტალი გაარკვიეს.

ირკვევა, რომ განწირული პლანეტა გაფართოებულმა ვარსკვლავმა კი არ შთანთქა, არამედ აღსასრულის გზას თავად პლანეტა გაუყვა — ვარსკვლავისკენ სპირალურ ორბიტაზე დაიძრა, ვიდრე საბოლოოდ მასში არ შთაინთქა.

აღმოჩენა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების საფუძველზე გაკეთდა და გარკვეულ ახალ ცნობებს გვთავაზობს პლანეტური სისტემების ევოლუციისა და მათი უცნაური ქცევების გზების შესახებ.

„ვინაიდან ჩვენთვის ასე ახალი მოვლენაა, წარმოდგენა არ გვქონდა, რა შეიძლება გვენახა, როცა ტელესკოპი ამ მიმართულებით შევატრიალეთ. ინფრაწითელ დიაპაზონში ვების მაღალი რეზოლუციის მხედველობის წყალობით, ღირებულ ცნობებს ვიღებთ პლანეტური სისტემების საბოლოო ბედის შესახებ, მათ შორის, ჩვენი საკუთარი პლანეტისაც“, — ამბობს აშშ-ის NOIRLab ლაბორატორიის ასტრონომი რაიან ლაუ.

ამ მოვლენამ ასტრონომთა ყურადღება პირველად 2020 წელს მიიპყრო, როცა დააფიქსირეს, რომ ჩვენგან 1200 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავი უცბად თავის სინათლეზე 1000-ჯერ მეტად აკაშკაშდა, შემდეგ კი სწრაფად ჩაბნელდა თავდაპირველ ნიშნულამდე. შესაძლებლობათა დეტალური ანალიზით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მოვლენა, რომელსაც ZTF SLRN-2020 უწოდეს, შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო მხოლოდ ვარსკვლავის მიერ საკუთარი პლანეტების შთანთქმით.

აღმოჩენა ძალიან დიდია. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასტრონომები ვარსკვლავის მიერ საკუთარი პლანეტების განადგურებას დააკვირდნენ. შედეგად, მივიღეთ ცნობები მზის მსგავსი ვარსკვლავის პლანეტური სისტემის სიცოცხლის საბოლოო ფაზის შესახებ, რაც მაშინ დგება, როცა ასეთი ვარსკვლავი წითელი გიგანტის ფაზაში გადავა, გაიბერება და მის გარშემო მოძრავ პლანეტებს შთანთქავს.

„ჩვენ ვუყურებთ დედამიწის მომავალს“, — ამბობდა მაშინ კავალის ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი კიშელი დი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე სულაც არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც ლაუ და მისი კოლეგები ვარსკვლავს ჯეიმს ვების შუა და ახლო-ინფრაწითელი ინსტრუმენტებით დააკვირდნენ, სრულიად განსხვავებული ამბის მომსწრე გახდნენ.

ვარსკვლავები თავის ბირთვში ატომების სინთეზს ახდნენ, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო მძიმე ელემენტები; ამ დროს, ვარსკვლავს სიცოცხლის მთავარი მიმდევრობის ეტაპი უდგას. როცა მზის მსგავსი ვარსკვლავების საწვავი ამოწურვას იწყებს, იბერება და წითელ გიგანტად გარდაიქმნება. ამ დროს, ვარსკვლავი უფრო ცხელი, კაშკაშა და დიდი ხდება — სიკვდილის პირას მისული არასტაბილური გიგანტი.

გაბერვის დიაპაზონში მყოფი ნებისმიერი პლანეტა ამ დროს უბრალოდ გადაიხრუკება. მეცნიერთა აზრით, რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, როცა მზე წითელი გიგანტის ფაზას მიაღწევს, იმდენად გაიბერება, რომ მარსის ორბიტამდე მიაღწევს.

თუმცა, როცა მოვლენა ZTF SLRN-2020-ის გამომწვევ ვარსკვლავს დააკვირდა, ჯეიმს ვების შუა-ინფრაწითელმა ინსტრუმენტმა (MIRI) დაადგინა, რომ ეს ვარსკვლავი ახლოსაც კი არ იყო იმ სიკაშკაშესთან, რაც წითელი გიგანტის ფაზაში უნდა ჰქონოდა. სინამდვილეში, მისი სიკაშკაშე შეესაბამებოდა K-ტიპის ვარსკვლავს, აქვს მზის მასის დაახლოებით 70 პროცენტი და მიეკუთვნება ნარინჯისფერ ჯუჯათა კატეგორიას, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მთავარი მიმდევრობის ფაზაში 70 მილიარდ წლამდეა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის პატარა, მკრთალი, შედარებით ცივი ვარსკვლავია, რომელიც ჯერ კიდევ კომფორტულად იმყოფება მთავარი მიმდევრობის ფაზაში. ის არც გაბერილია და ჯერ კიდევ ძალიან დიდხანს არ გაიბერება. ანუ გამოდის, რომ ეგზოპლანეტის სიკვდილის მიზეზი რაღაც სხვა გახდა.

არსებობს ეგზოპლანეტათა კატეგორია, რომელმაც შეიძლება ეს მოვლენა ახსნას. ირმის ნახტომში საოცრად ბევრი „ცხელი იუპიტერია“. ეს გახლავთ იუპიტერის ზომის პლანეტები, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავის გარშემო უკიდურესად ახლო მანძილიდან მოძრაობენ — იმდენად ახლოს, რომ იქ არ უნდა წარმოქმნილიყვნენ, რადგან ეს შეუძლებელია.

ასევე დაფიქსირებულია, როგორ ორთქლდებიან ვარსკვლავთან ასე ახლო მანძილზე მყოფი ცხელი იუპიტერები და წარმოქმნიან მატერიის გრძელ კუდებს. ეს შეძლება პლანეტის განადგურების ერთ-ერთი ადრეული ეტაპი იყოს — ეგზოპლანეტა კარგავს მასას, მისი ორბიტა კიდევ უფრო ვიწროვდება, საბოლოოდ კი ვარსკვლავში ვარდება და იღუპება.

ლაუს და მისი კოლეგების აზრით, სწორედ ეს მოხდა ZTF SLRN-2020-ის შემთხვევაში. იუპიტერის ზომის პლანეტა თავის ვარსკვლავის გარშემო ახლო ორბიტაზე მოძრაობდა, უფრო ახლოს, ვიდრე მერკური მზის გარშემო. მილიონობით წლის განმავლობაში, ეს ორბიტა თანდათან მოიშალა, საბოლოოდ კი განადგურების წერტილს მიაღწია.

„პლანეტამ თანდათან ვარსკვლავის ატმოსფეროში შესვლა დაიწყო. ამ მომენტიდან კი დაიწყო სწრაფად ვარდნის გაურკვეველი პროცესი. ჩავარდნის დროს, ვარსკვლავის გარშემო თავის მატერიას მიმოფანტავდა“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომი მორგან მაკლეოდი.

საბოლოოდ, პლანეტა ვარსკვლავში ჩაიკარგა და მისგან დარჩა მხოლოდ გაზის ბუშტი, რომელიც ცივ მოლეკულურ გაზად გადაიქცა. თუმცა, ჯეიმს ვების ინსტრუმენტმა NIRSpec-მა რაღაც მოულოდნელი დააფიქსირა. ცივ გაზზე უფრო ახლოს, ვარსკვლავთან იყო ცხელი მოლეკულური გაზის ღრუბელი, რომელიც შეიცავდა ისეთ მოლეკულებს, როგორიცაა ნახშირჟანგი (ნახშირბადის მონოოქსიდი) და ფოსფინი.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ნახშირჟანგი: ის საოცრად ჰგავდა ახალგაზრდა ვარსკვლავთა გარშემო მდებარე პლანეტების წარმომქმნელ მტვრის დისკოებში არსებულ ნახშირჟანგს. ჯერ არ შეუსწავლიათ, რას შეიძლება ნიშნავდეს მისი არსებობა პლანეტის სიკვდილის პროცესში.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია science.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.