აღმოჩენილია ამ დროისათვის ცნობილი უძველესი სპირალური გალაქტიკა – #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ამ დროისათვის ცნობილი უძველესი სპირალური გალაქტიკა – #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა ჩვენთვის ცნობილ უძველესი სპირალურ გალაქტიკას ფოტო გადაუღეს; ეს გალაქტიკა 12,4 მილიარდი წლის წინ არის წარმოქმნილი.

მისი ოფიციალური სახელია BRI 1335-0417 და ის ჩილეში განთავსებულმა ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრულმა ტელესკოპმა (ALMA) გადაიღო.

როგორც ჩანს, გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 1,4 მილიარდი წლის შემდეგ არის წარმოქმნილი.

„მას წარსულში, იმაზე ერთი მილიარდი წლით ადრე მივყავართ, ვიდრე აქამდე გვეგონა, რომ დაიწყო ამჟამინდელის მსგავს გალაქტიკათა წარმოქმნა“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი, დოქტორი კაი ნოესკე.

სპირალური გალაქტიკები გალაქტიკათა ერთ-ერთი ყველაზე ჩამოყალიბებული ფორმაა.

ფორმაციის ადრეულ ფაზებში, ბნელი მატერია ცხელ გაზს პატარა ჯგუფებად უყრის თავს, საიდანაც შემდეგ ვარსკვლავები იბადებიან. ვარსკვლავთა კრებულები კი გალაქტიკებს წარმოქმნის, რომლებიც ამ ფაზაში მოუქნელი და უსწორმასწოროა.

თანდათან, ეს გალაქტიკები ბრუნვას იწყებენ და წარმოიქმნება დისკოს ფორმის გალაქტიკები.

ეს პროცესი შეგიძლიათ კომპიუტერულ სიმულაციაში იხილოთ:

სპირალურ ფორმებს გალაქტიკა მაშინ იღებს, როდესაც ეს დისკოები ირღვევა.

„საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამ სპირალურ მკლავებში გაზი შეკუმშულია. შესაბამისად, სინამდვილეში ისინი ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნის ერთგვარი კატალიზატორებია“, — აღნიშნავს ნოსკე.

ამჟამად მიღებულია პარადგიმა, რომლის მიხედვითაც, გალაქტიკათა ფორმაციამ პიკს დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 3,3 მილიარდი წლის შემდეგ მიაღწია, როდესაც უკვე წარმოქმნილი იყო სამყაროს ვარსკვლავთა უმეტესობა.

„გასაკვირია, რომ ჩვენი შედეგების მიხედვით, BRI 1335-0417-ს სტრუქტურები (ამოზნექილობა, დისკო, სპირალური მკლავები) უკვე იმაზე გაცილებით ადრე ჰქონდა, ვიდრე გალაქტიკათა ფორმაციის აქტიური ფაზა დაიწყებოდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, იაპონიის სოკენდაის უნივერსიტეტის მკვლევარი ტაკაფუმი ცუკუი.

ამ დრომდე უძველეს სპირალურ გალაქტიკად ითვლებოდა ობიექტი, რომელიც ასევე ტელესკოპმა ALMA-მ აღმოაჩინა 2019 წელს.

ის დიდი აფეთქებიდან 2,5 მილიარდი წლის შემდეგ არის წარმოქმნილი, ახლად აღმოჩენილ გალაქტიკა BRI 1335-0417-ის წარმოქმნიდან ერთი მილიარდი წლის შემდეგ.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები განაახლებს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, სად და როგორ წარმოიქმნა გალაქტიკები და მიიღეს ისეთი სრულყოფილი ფორმები, როგორიც დღეს აქვთ, თუნდაც ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომს“, — ამბობს ცუკუი.

მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენთვის ცნობილი უძველესი სპირალური გალაქტიკაა, არ არის ამ დროისათვის დაფიქსირებული უძველესი გალაქტიკა. ეს სტატუსი ეკუთვნის GNz11-ს, რომელიც გასული წლის დეკემბერში დააფიქსირეს. ის 13,4 მილიარდი წლის წინ არის წარმოქმნილი, დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 400 მილიონი წლის შემდეგ.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი