ჰაბლმა სამი გალაქტიკის ერთმანეთთან შეჯახება გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჰაბლმა სამი გალაქტიკის ერთმანეთთან შეჯახება გადაიღო — #1tvმეცნიერება

ჩვენგან 681 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტი შეიძლება ერთ რაღაც გროვად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, იქ გაცილებით მეტი რამ მიმდინარეობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ობიექტი, სახელად IC 2431, არა ერთი, არამედ სამი გალაქტიკაა, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის პროცესში იმყოფებიან და ერთ მშვენიერ დღესაც, ერთ უზარმაზარ გალაქტიკად გადაიქცევიან.

ასეთი ობიექტები იმის გაგებაში გვეხმარება, როგორ იზრდებიან და ვითარდებიან მასიური გალაქტიკები მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში, როგორ შეიცვლება სამყარო მომავალში.

თუ გავითვალისწინებთ, რამხელა სივრცეა გალაქტიკებს შორის, გალაქტიკების შეჯახება-შერწყმა თითქოს იშვიათი მოვლენა უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გალაქტიკური ევოლუციის პროცესის საკმაოდ ძირეული ნაწილია.

მაგალითად, ირმის ნახტომმა თავისი არსებობის 13,6 მილიარდი წლის განმავლობაში არაერთი შეჯახება და შერწყმა განიცადა. ასტრონომთა აზრით, გალაქტიკები ერთმანეთთან გრავიტაციულად არის მიბმული, სავარაუდოდ კოსმოსური აბლაბუდის უხილავი ძაფებით, რომლებიც უზარმაზარ მანძილებზეა გადაჭიმული და სასიცოცხლო როლს ასრულებენ სამყაროს ჩამოყალიბებაში, ჯგუფებში, რომლებიც ნელ-ნელა ერთმანეთს ერწყმიან.

ჰაბლი

ეს შეჯახებები გრავიტაციულ დაფლეთვას იწვევს, რა დროსაც გალაქტიკებში ვარსკვლავთწარმომქმნელი გაზი იკუმშება, მატერიის მკვრივი გროვები საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება და იწყება ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნის მთელი ტალღები.

ასტრონომები ყველაზე ხშირად ორი-ორი გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმას აფიქსირებენ, მაგრამ შემჩნეულია სამ-სამი გალაქტიკის შერწყმის მოვლენებიც.

თუმცა, ამის შემჩნევა ყოველთვის ადვილი არ არის და დამოკიდებულია შერწყმის სისრულეზე.

შერწყმის გვიანდელ ეტაპზე, თითოეული გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელები ერთმანეთთან გრავიტაციულად მიბმული ხდებიან და ერთმანეთის გარშემო მოძრაობს იწყებენ. როგორც ვიდეოში ხედავთ, ამ შავ ხვრელებს ზოგჯერ მტვერი ბინდავს.

ასტრონომთა აზრით, თანდათანობით ეს შავი ხვრელებიც შეერწყმება ერთმანეთს და ერთ უზარმაზარ სუპერმასიურ შავ ხვრელს წარმოქმნიან. ასეთი კოლოსალური შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები ჯერ არ დაგვიფიქსირებია, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ასეთი მოვლენა იმ სიხშირეთა მიღმა ხდებოდეს, რომლის დაფიქსირებაც ჩვენს ამჟამინდელ დეტექტორებს შეუძლია.

სრული რეზოლუციის ფოტოს ჩამოტვირთვა ESA-ს ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

მომზადებულია esahubble.org-ის მიერ.