ასტრონომებმა ირმის ნახტომის ძალადობრივი, დრამატული წარსულის ახალი რუკა შექმნეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა ირმის ნახტომის ძალადობრივი, დრამატული წარსულის ახალი რუკა შექმნეს — #1tvმეცნიერება

სამყაროს მთელი ისტორიის განმავლობაში, ირმის ნახტომი გალაქტიკათშორის სივრცეში მშვიდად ნამდვილად არ დაცურავდა. ყველაფერი საპირისპიროდ იყო. მთელი 13,6 მილიარდი წლის მანძილზე, ჩვენი გალაქტიკა მრავალ სხვა გალაქტიკას შეეჯახა, ზოგიერთი მათგანი გადასანსლა კიდეც.

მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ, ასტრონომებმა მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარ კიათი მალჰანის ხელმძღვანელობით, ექვსი ასეთი უძველესი გალაქტიკური შეჯახება აღწერეს; ხუთი მათგანის შესახებ უკვე ცნობილი იყო, მეექვსე კი ახლა აღმოაჩინეს. შედეგები ჩვენი გალაქტიკის უფრო სრულყოფილ ისტორიას დაგვიხატავს, ბევრ ახალს გვეტყვის მისი ზრდისა და ევოლუციის, მისი ვარსკვლავების წარმოშობის შესახებ.

„ირმის ნახტომის შეჯახებების დინამიკური ატლასი მოქმედებაში გალაქტიკის ფორმაციის გლობალურ ხედს გვთავაზობს. ჩვენს კვლევას წვლილი შეაქვს გალაქტიკის სრული იერარქიული მშენებლობის საწყისი ეტაპების გამოვლენაში, ირმის ნახტომის ჰალოში სფეროსებრი ვარსკვლავთგროვებისა და ვარსკვლავური ნაკადების წარმომავლობის გაგებაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ირმის ნახტომი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ვარსკვლავებისგან შედგენილი, სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრავი გაბრტყელებული დისკო. მისი გრავიტაციული წვდომა სფერულია, სფერო, რომელიც მხოლოდ გალაქტიკური სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ კი არ იშლება, არამედ გარს აკრავს ამ დისკოსა და მის შემოგარენს. ამ სტრუქტურას გალაქტიკურ ჰალოს უწოდებენ და ის ძირითადად მრავალ სხვა გალაქტიკასთან შერწყმის გზით წარმოიქმნა.

გალაქტიკის ისტორიის დადგენა გარკვეულ ინოვაციურ, დეტექტიურ სამუშაოებს მოითხოვს. პირველი, რეალურად ძნელი სირთულის დადგენა კოსმოსში არის იმის ცოდნა, რამდენად შორსაა საგნები. ვარსკვლავების რუკაზე დატანა შესაძლებელია X და Y ღერძებით, მაგრამ ვიდრე არ გვეცოდინება, რამდენად კაშკაშაა შინაგანად რაღაც, ძნელია იქამდე მანძილის დადგენა. ამის გამო, ბოლო დრომდე საკმაოდ რთული იყო ვარსკვლავთა ჯგუფების კვლევას.

როდესაც ირმის ნახტომი სხვა გალაქტიკასთან ურთიერთქმედებს, შედეგები იდეალური ნამდვილად არ არის. პროცესში ჩართული გრავიტაციული ძალები სხვა გალაქტიკას ჭიმავს და წარმოქმნის ე. წ. ვარსკვლავურ ნაკადებს — ცაში თაღივით გადაჭიმულ ვარსკვლავთა მდინარეს, დაშლილი გალაქტიკის ნარჩენებს.

ამას გარდა, ვარსკვლავების მკვრივი გროვები, იგივე სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები და თანამგზავრი გალაქტიკები ხშირად ასეთ გალაქტიკურ შერწყმათა ნარჩენებად მიიჩნევა და ისინი ჰალოში იმალებიან.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტ „გაიას“ წყალობით, ბოლო წლებში ასტრონომებმა გალაქტიკურ ჰალოში ბევრი ასეთი ნაკადი აღმოაჩინეს. გაია კოსმოსური ხომალდია, რომელიც ვარსკვლავური პარალაქსის მეთოდით ადგენს ირმის ნახტომში ვარსკვლავთა ადგილმდებარეობას და მოძრაობას, თანაც სამგანზომილებიან სივრცეში და ამ დროისათვის უდიდესი სიზუსტით; მისი აღმოჩენები ფრიად საოცარია, მათ შორის არის გაია-ენცელადის (იგივე სოსისის გალაქტიკა) გალაქტიკასთან შერწყმა 9 მილიარდი წლის წინ.

გაიას მონაცემთა მესამე კრებული 2020 წლის დეკემბერში გახდა ხელმისაწვდომი. ვარსკვლავთა შეჯგუფებების ხელით დამუშავების ნაცვლად, მალჰანმა და მისმა კოლეგებმა სტატისტიკური პროცედურა გამოიყენეს, რათა დაედგინათ, ეყო თუ არა ეს ჯგუფები დაკავშირებული გალაქტიკურ შერწყმებთან. ჯამში შეისწავლეს 170 სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა, 41 ვარსკვლავური ნაკადი, 46 თანამგზავრი გალაქტიკა და მათგან 62 ობიექტი პატარა გალაქტიკებთან ექვს შეჯახებას მიაკუთვნეს.

მათგან ხუთი უკვე ცნობილი იყო. ესენია გაია-ენცელადი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ; ვეშაპის გალაქტიკასთან შერწყმა; LMS-1/ვუკონგთან შერწყმა, რაც 2020 წელს აღმოაჩინეს; სეკვოიას გალაქტიკა, რომელიც ირმის ნახტომს დაახლოებით 9 მილიარდი წლის წინ შეერწყა; და მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც უკვე მილიარდობით წელია, ირმის ნახტომის დისკოში შედის და გადის.

გარდა ამისა, ჯგუფმა აღმოაჩინა აქამდე სრულიად უცნობი შერწყმა, რომელსაც მათ პონტო დაარქვეს. პონტოს შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ მასთან დაკავშირებული ვარსკვლავები ძალიან ნელა მოძრაობენ, ირმის ნახტომის ძირითად ვარსკვლავთა მოძრაობის საპირისპიროდ. მკვლევართა აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს შერწყმა გალაქტიკის ისტორიის ძალიან ადრეულ ეტაპზე მოხდა, დაახლოებით 8-10 მილიარდი წლის წინ.

ახალი ცნობები შეიტყვეს LMS-1/ვუკონგის შესახებაც: მასთან დაკავშირებული ნაკადებიდან სამში, ირმის ნახტომის ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავები იყრის თავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ვარსკვლავთა წინაპარი გალაქტიკა ძალიან ადრე, სამყაროს ისტორიის გარიჟრაჟზეა წარმოქმნილი, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, როდის შეერწყა ის ირმის ნახტომს.

არის ირმის ნახტომთან სხვა გალაქტიკების შერწყმათა ნიშნებიც. ავტომატიზებულ ძებნას გამორჩა ორი ცნობილი შერწყმა, მათ შორის კრაკენის გალაქტიკასთან; ჯგუფის მიერ მონაცემთა ხელით ანალიზი მიუთითებდა, რომ მონაცემებში კიდევ ერთი, აქამდე უცნობი შერწყმა იმალებოდა. მასთან დაკავშირებული შეიძლება იყოს სულ მცირე 195 ცნობილი ობიექტი.

მკვლევართა განცხადებით, შემდეგი ნაბიჯია ყველა ამ შერწყმის ქრონოლოგიის აღდგენა.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.