აღმოჩენილია ვარსკვლავების ვრცელი ნაკადი, რომელიც ირმის ნახტომის მრისხანე წარსულზე მიუთითებს — #1TVმეცნიერება
აღმოჩენილია ვარსკვლავების ვრცელი ნაკადი, რომელიც ირმის ნახტომის მრისხანე წარსულზე მიუთითებს — #1TVმეცნიერება

როდესაც ღამის მოწმენდილ ცას უყურებთ, მასზე მშვიდი და წყნარი ალბათ არაფერი გგონიათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით მშვიდი ვარსკვლავების უმეტესობა მშფოთვარე წარსულის მტკიცებულებას წარმოადგენს; მათი საიდუმლოს ამოხსნას ასტრონომები აქტიურად ცდილობენ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ „გაიას“ მონაცემების გამოყენებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავების ვრცელი ნაკადი, რომელიც მათი აზრით, გალაქტიკის დისკოსთან შეჯახებული მასიური ჯუჯა გალაქტიკის ნარჩენია. ამ ნაკადს მათ ნიქსი უწოდეს, ბერძნული მითოლოგიის ღამის ქალღმერთის მიხედვით.

სამყაროს ევოლუციის სტანდარტული მოდელის მიხედვით, გალაქტიკები ზომაში იზრდებიან პატარა გალაქტიკებთან შერწყმისა და მათი შთანთქმის გზით, რასაც აკრეციას უწოდებენ. არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი რამ ირმის ნახტომშიც მოხდა — აღმოჩენილია რამდენიმე ნაკადი, რომლებიც ჩვენი გალაქტიკის გრავიტაციული ძალის მიერ განადგურებული ჯუჯა გალაქტიკებისა და სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების ნარჩენებია.

ამის შემდეგ, საქმეში „გაია“ ჩაერთო. ის 2013 წელს გაუშვეს და მას შემდეგ აგროვებს მონაცემებს ირმის ნახტომის ყველა დროის ყველაზე დეტალური 3D რუკის შესაქმნელად. ფრთხილად აკვირდება ვარსკვლავთა მოძრაობებს, რადიალურ სიჩქარეებს და მანძილებს, რათა განსაზღვროს, სად რა არის და როგორ მოძრაობს ყველაფერი.

შედეგად კი უპრეცედენტო დეტალებში გამოვლინდა ირმის ნახტომის შეჯახებათა ისტორია ვარსკვლავების სხვა გროვებთან, მაგალითად, ანტლია 2-თან, მშვილდოსნის ჯუჯა სფეროსებრ გალაქტიკასთან და სოსისის გალაქტიკასთან. რომ არაფერი ვთქვათ თევზები-ერიდანუსის ვარსკვლავურ ნაკადზე, რომელიც ვარსკვლავთგროვის ნარჩენად მიიჩნევა.

ეს ყველაფერი აღმოვაჩინეთ საგნების მოძრაობასა და მათ შემადგენლობაზე დაკვირვებით. გაცილებით რთულია დაქუცმაცებული გალაქტიკის ნარჩენების გამოვლენა. შეიძლება სრულიად გამოგვრჩეს ვარსკვლავები, რომლებიც გალაქტიკის დისკოს ბრუნვის მიმართულებით მოძრაობენ და აქვთ აქ დაბადებულ ვარსკვლავთა მსგავსი ქიმიური შემადგენლობა.

შესაბამისად, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსმა ლინა ნესიბმა და მისმა კოლეგებმა ხელოვნური ნეირონული ქსელის გამოყენებით შექმნეს „გაიას“ მონაცემთა მეორე წყების იმ ვარსკვლავთა კატალოგი, რომლებიც ჩვენს გალაქტიკაში არ არიან დაბადებული და აქ შემდეგში მოხვდნენ.

„ქსელი იღებს ხუთგანზომილებიან კინემატიკას თითოეული ვარსკვლავისთვის (ორ კუთხურ კოორდინატს, ორ მოძრაობას და პარალაქსს) და შემდეგ, გამოაქვს ვარსკვლავის მიერთების ალბათობასთან დაკავშირებული ქულა“, — განმარტავენ მკვლევრები.

როდესაც მათ გამოაცალკევეს ის ვარსკვლავები, რომლებზეც ნეირონულმა ქსელმა ყველაზე მეტად მიუთითა, რომ ისინი შემდეგში არიან მიერთებული, ჯგუფმა იპოვა 232-ვარსკვლავიანი ჯგუფი, რომლებიც ერთად მოძრაობენ პროგრადული მოძრაობით, ანუ გალაქტიკის ბრუნვის მიმართულებით და აქვთ მსგავსი ქიმიური შემადგენლობა. ეს ჯგუფი აქამდე სხვა რომელიმე ვარსკვლავურ ნაკადთან დაკავშირებული არ ყოფილა.

როცა ამ ვარსკვლავთა ორბიტების მილიარდ წლიანი სიმულაცია მოახდინეს წარსულში, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მათ ჰქონდათ ორბიტული მახასიათებლები, რომლებიც ირმის ნახტომის სქელი და თხელი დისკოს ვარსკვლავებისგან განსხვავდებოდა.

„თუ ამ დაკვირვებას იმ ფაქტსაც დავურთავთ, რომ ნიქსი დისკოს ~90კმ/წმ−1 -ით ჩამორჩება და აქვს არსებითი რადიალური სიჩქარის კომპონენტი, ჩნდება ძლიერი მტკიცებულება, რომ ის თანამგზავრი გალაქტიკის შერწყმის შედეგად არის წარმოქმნილი“, — წერენ მკვლევრები.

ერთად მოძრავი ვარსკვლავური ჯგუფები სხვა გზებითაც შეიძლება წარმოიქმნას, მაგალითად, გალაქტიკური ფირფიტის შფოთვით გამოწვეული რეზონანსებით, ანდაც სპირალური მკლავების სიმკვრივის ტალღებით; თუმცა, ნიქსს არც ერთი ეს ვერსია არ ერგება. ამ ფენომენის სიმულაციებმა ნიქსის მოძრაობაში ჩამორჩენა ვერ ახსნა სხვა გამომწვევი ეფექტების გარეშე, რომლებიც მონაცემებში არ ვლინდება.

ჯგუფის აზრით, მათ მონაცემებს საუკეთესოდ ეთავსება ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც ირმის ნახტომს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში შეეჯახა, შემდეგ გაიჭიმა ვარსკვლავთა ნაკადად და ირმის ნახტომის ბირთვის გარშემო მოძრაობა დაიწყო.

როდესაც მკვლევრებმა კვლევა ოდნავ შესუსტებული დამაჯერებლობით გაიმეორეს, მიაგნეს ვარსკვლავების კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც თითქმის ზუსტად ემთხვეოდა ნიქსის ჯგუფს. იგივე იყო პროგრადული გალაქტიკური ორბიტა და ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ მეორე ჯგუფს ჰქონდა საპირისპირო რადიალური სიჩქარე. ისიც ასევე ემთხვევა ჯუჯა გალაქტიკის მოდელს, რადგან როგორც სიმულაციებმა აჩვენა, მეორე ჯგუფი შეიძლება იყოს იმავე ჯუჯა გალაქტიკის კიდევ ერთი გავლის ნარჩენები.

სავარაუდოა, რომ ნიქსი შეიცავს ვარსკვლავებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ამ კვლევაში ვერ მოხერხდა, რადგან რჩება ნეირონული ქსელის მკაცრად შეზღუდულ პარამეტრებს მიღმა. თუმცა, ამ მოვლენას შეიძლება სინათლე მოჰფინოს სამომავლო კვლევამ — როდის მოხდა, როგორ მოხდა და რამდენად მასიური იყო ეს ჯუჯა გალაქტიკა.

გამომდინარე იქიდან, რომ ასევე არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მიერთებული ვარსკვლავები ურთიერთკავშირშია ბნელი მატერიის იმ გროვებთან, რომლებიც ირმის ნახტომში ამ ვარსკვლავებთან ერთად უნდა მოხვედრილიყო შეჯახების შედეგად, ნიქსის წყალობით შეიძლება ავხსნათ, რა წვლილი შეაქვს ასეთ შერწყმებს გალაქტიკის ბნელი მატერიის დისკოში.

„თუკი ნიქსი მართლაც ასეთი შერწყმის შედეგია, უნდა შემოგვთავაზოს მიერთებულ პროგრადულ ვარსკვლავთა მტკიცებულება და პოტენციურად, თანმხლები ბნელი მატერიისაც ამ ნაკადში ან დისკოში“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ბნელი მატერიის ასეთი კომპონენტის არსებობა არსებითად შეცვლის ჩვენს ამჟამინდელ წარმოდგენას ადგილობრივი ბნელი მატერიის ფაზურ-სივრცული გადანაწილების შესახებ და მნიშვნელოვანი გამოძახილები ექნება ბნელი მატერიის ნაწილაკების ძებნაში.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.