დედამიწის სიახლოვეს დაფიქსირებულია აქამდე შეუმჩნეველი „ვარსკვლავების მდინარე“
დედამიწის სიახლოვეს დაფიქსირებულია აქამდე შეუმჩნეველი „ვარსკვლავების მდინარე“

თუ სამხრეთ ნახევარსფეროში ცხოვრობთ, ღამის ცას ახედეთ. ცის დიდი ნაწილი დაფარულია ვარსკვლავთგროვით, რომელიც გალაქტიკურმა გრავიტაციულმა ძალებმა დაფლითა და შედეგად, ჩვენს სიახლოვეს, 4 000 ვარსკვლავისგან შემდგარი გიგანტური მდინარის სახით მიედინება.

მიუხედავად იმისა, რომ ის თვალითაც ჩანს, მისი აღმოჩენა მხოლოდ ახლახან მოხერხდა „გაიას“ კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების შედეგად, რომელმაც ჩვენი გალაქტიკის ყველაზე ზუსტი 3D რუკა შექმნა.

ეს ვარსკვლავური ნაკადი განსაკუთრებით ამაღელვებელია დედამიწასთან სიახლოვის გამო. მდებარეობს ჩვენგან მხოლოდ 326 სინათლის წლის მანძილზე, რაც უნიკალურ შანსს გვაძლევს დაფლეთილი ვარსკვლავთგროვის დინამიკის შესასწავლად.

„ახლომდებარე დისკოსებრი ნაკადების იდენტიფიცირება თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს. ამ ნაკადს ასტრონომები უკვე დიდი ხანია ხედავდნენ, რადგან ის ღამის ცის დიდ ნაწილს ფარავს, მაგრამ მხოლოდ ახლაღა მოხდა იმის გაანალიზება, რომ ეს ის არის, უზარმაზარია და მზესთან შოკისმომგვრელად ახლოს მდებარეობს“, — ამბობს ვენის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჟუან ალვიში.

მისი თქმით, ჩვენს სიახლოვეში ასეთი აღმოჩენები განსაკუთრებით გამოსადეგია, რადგან ობიექტები არც მკრთალია, არც ბუნდოვანი და დეტალური კვლევების საშუალებას იძლევა.

როგორც წესი, ვარსკვლავები იბადებიან გროვებად, ვარსკვლავურ ინკუბატორებში, თუმცა, ისინი შეჯგუფებულად რამდენიმე ათასწლეულზე მეტხანს არ რჩებიან. იმისათვის, რათა გროვამ გრავიტაციით ერთიანობა შეინარჩუნოს, საჭიროა დიდი მასა. ირმის ნახტომის გარშემო მოძრავი პატარა გალაქტიკებიც კი შეიძლება დაფლითოს ჩვენი გალაქტიკის გრავიტაციამ და შედეგად, თავისკენ წამოიყვანოს გრძელი ვარსკვლავური მდინარეების სახით.

ალვიშის თქმით, ამის დანახვა რთულია, რადგან ამ ვარსკვლავთა ერთმანეთთან დასაკავშირებლად საჭიროა ცოტა ინფორმაცია. სწორედ ეს მონაცემები მოგვაწოდა ხომალდმა „გაიამ“. მან მოგვაწოდა ვარსკვლავთა არა მხოლოდ უზუსტესი 3D მდებარეობის ცნობები, არამედ მონაცემები მათი სიჩქარის შესახებაც. აღფრთოვანებული ასტრონომები ამ მონაცემებს ვარსკვლავურ ნაკადთა იდენტიფიცირებისთვის იყენებენ.

შესაბამისად, როცა ვენის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ერთად მოძრავ ვარსკვლავთა ჯგუფი შენიშნეს, გადაწყვიტეს მათი უფრო დეტალური შესწავლა. აღმოჩნდა, რომ ჯგუფს გააჩნდა ხელწერა ვარსკვლავთგროვისა, რომელიც დაიფლითა და ვარსკვლავურ ნაკადად გადაიქცა.

გამომდინარე იქიდან, რომ „გაიას“ მგრძნობელობა შეზღუდულია, მათ მხოლოდ 200 ვარსკვლავის დეტალური ანალიზი შეძლეს. თუმცა, ვარსკვლავთა შორის არსებული ურთიერთქმედების წყალობით, მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ეს ნაკადი სულ მცირე 4000 ვარსკვლავს უნდა შეიცავდეს.

ვარსკვლავების მდინარე საკმაოდ დიდია — სიგანეში 652 სინათლის წელს აღწევს, სიგრძეში კი 1305-ს. ზომების წყალობით, შესაძლებელია მისი ასაკის გარკვევაც.

მკვლევართა ჯგუფის მტკიცებით, ამ ნაკადის ასაკი დიდად არ განსხვავდება ჰიადების ღია გროვის ასაკისგან. ჰიადების ასაკი დაახლოებით 625 მილიონი წელია და ემჩნევა გრავიტაციული კუდის კვალი; ის დაფლეთვის ადრეულ ეტაპზე იმყოფება.

გამომდინარე აქედან, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ნაკადი ჰიადებზე ბებერია. შედარებებსა და ვარსკვლავური იზოქრონულობის მონაცემებზე (გამოიყენება ვარსკვლავთა ასაკის დასადგენად) დაყრდნობით, ჯგუფმა დაადგინა, რომ ნაკადის ასაკი დაახლოებით მილიარდი წელია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო მას უკვე ოთხჯერ აქვს შემოვლილი (ერთი ორბიტისთვის მზეს 230 მილიონი წელი სჭირდება), რაც სრულიად საკმარისი დროა, რათა მას ასეთი მოგრძო ფორმა მიეღო.

„როგორც კი ვარსკვლავთა ამ განსაკუთრებული ჯგუფის დეტალური კვლევა დავიწყეთ, მივხვდით, რომ სწორედ ის ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით — კოევალური, ნაკადის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც ასობით სინათლის წელზეა გადაჭიმული მთელი ცის თითქმის მესამედზე“, — ამბობს ასტრონომი ვერენა ფიურნკრანცი.

ირმის ნახტომის ამ დრომდე იდენტიფიცირებულ ნაკადთა უმეტესობა გალაქტიკური დისკოს გარე ორბიტაზე მოძრაობს და უფრო დიდებია. თუმცა, იმის გამო, რომ ეს ნაკადი დისკოს შიგნით მოძრაობს, ნამდვილად ღირებულია. მაგალითად, მისი გამოყენება შესაძლებელია ირმის ნახტომში მასების გადანაწილების დასადგენად.

გარდა ამისა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მან შეიძლება ასევე ნათელი მოჰფინოს, როგორ ჩნდებიან გალაქტიკებში ვარსკვლავები, და შეამოწმოს ირმის ნახტომის გრავიტაციული ველი.

„გაიას“ მონაცემების გამოყენებით, მკვლევრები კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაკადის ძებნას გეგმავენ.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნა.

მომზადებულია aanda.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი