აღმოჩენილია სხვა გალაქტიკებიდან ირმის ნახტომისკენ მომავალი მაღალსიჩქარიანი ვარსკვლავები
აღმოჩენილია სხვა გალაქტიკებიდან ირმის ნახტომისკენ მომავალი მაღალსიჩქარიანი ვარსკვლავები

გალაქტიკის ყველაზე დეტალური რუკის გამოყენებით, ასტრონომებმა შენიშნეს ათზე მეტი მაღალი სიჩქარის ვარსკვლავი, რომლებიც სხვა გალაქტიკებიდან ირმის ნახტომისკენ მოჰქრიან. მკვლევართა თქმით, სავარაუდოდ, ეს ჩვენკენ მომავალი ვარსკვლავების მხოლოდ მცირე ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიზანი იყო იმ მაღალსიჩქარიან ვარსკვლავთა პოვნა, რომლებიც ირმის ნახტომიდან გარეთ მიემართებიან. ამის ნაცვლად, მკვლევართა ჯგუფმა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ვარსკვლავები აღმოაჩინა.

ასე გრძელ მანძილზე მოგზაური ვარსკვლავები საკვანძო ცნობებს უნდა ფლობდნენ ჩვენი გალაქტიკის უკიდურესი გარე მისადგომებისა და ახლომდებარე სხვა გალაქტიკების შესახებ.

ვარსკვლავს, რომელიც გრავიტაციულად არ არის მიბმული გალაქტიკის ბრუნვასთან, ასტრონომები შეუბოჭავ ვარსკვლავს უწოდებენ.

ამ ვარსკვლავებს შორის ყველაზე ჩქარებს ჰიპერჩქარი ვარსკვლავები ეწოდება და ისინი წამში 700 კმ სიჩქარით გადაადგილდებიან. მიჩნეულია, რომ ისინი გალაქტიკის ცენტრიდან არიან გამოტყორცნილი მას შემდეგ, რაც იქ გაწოლილ სუპერმასიური შავ ხვრელს გვერდით ძალიან ახლოს გაუარეს. ამ დრომდე აღმოჩენილია ასეთ ვარსკვლავთა ძალიან მცირე ოდენობა.

მკვლევართა განცხადებით, ამ ვარსკვლავთაგან ზოგიერთი გალაქტიკის დისკოდან შიდა მიმართულებით მიჰქრის, მაგრამ ზოგიერთი, მაგელანის დიდი ღრუბლიდან და სხვა ახლომდებარე გალაქტიკებიდან მოსული გალაქტიკათშორისი სტუმარი უნდა იყოს.

ჯგუფის წევრის, ტომაზო მარჩეტის განცხადებით, მათ მიერ შემჩნეულ მაღალსიჩქარიან ვარსკვლავთა უმეტესობა გალაქტიკის ცენტრიდან კი არ მიჰქრის, არამედ პირიქით, მისი მიმართულებით მოძრაობს. მისი აზრით, ეს ვარსკვლავები სხვა გალაქტიკებიდან უნდა იყვნენ მოსული.

ეს აღმოჩენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა „გაიამ“ ასტრონომებს უპრეცედენტო სიზუსტის მონაცემები მოაწოდა ირმის ნახტომის დაახლოებით 1,7 მილიარდი ვარსკვლავის შესახებ.

შვიდი მილიონი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისათვის, „გაიამ“ შეადგინა 3D და 2D მოძრაობის სქემები. შედეგად, მკვლევრებმა გამოავლინეს 20 შეუბოჭავი მაღალსიჩქარიანი ვარსკვლავი. შვიდი მათგანი შიდა მიმართულებით გალაქტიკის დისკოდან მიჰქრის, 13 კი ირმის ნახტომის საზღვრებს გარედანაა მოსული.

თუკი ეს კოსმოსური იმიგრანტები მართლაც სხვა გალაქტიკებიდან არიან მოსული უდავოა, რომ ისინი მეცნიერებს ძალიან ბევრ ცნობას მიაწვდიან თავიანთ მშობლიურ გალაქტიკათა მახასიათებლების შესახებ, ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტები გვაწვდიან კოსმოსის სიღრმეების შესახებ.

ირმის ნახტომში 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია, რომელთა უმეტესობაც თქვენთვის კარგად ცნობილი დისკოს ფორმითაა განლაგებული. სხვა გალაქტიკათა მსგავსად, ამ მკვრივი დისკოს ცენტრში მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც პასუხისმგებელია ზოგიერთ ამ სუპერსიჩქარეზე.

მკვლევარ ელეონორა მარია როსის განცხადებით, ვარსკვლავები ასეთ მაღალ სიჩქარეს სუპერმასიურ შავ ხვრელთან ურთიერთქმედებისას იძენენ და შესაბამისად, ამ ვარსკვლავთა აღმოჩენა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ასეთი სუპერმასიური შავი ხვრელები მეზობელ გალქტიკებშიც არის.

მისი თქმით, შესაძლებელია ისიც, რომ ეს ვარსკვლავები ერთ დროს ბინარული (ორმაგი) სისტემის ნაწილი იყვნენ, მაგრამ ირმის ნახტომისკენ მას შემდეგ გამოიტყორცნენ, რაც მათი კომპანიონები სუპერნოვებად აფეთქდნენ.

ალტერნატიული მოსაზრების მიხედვით, ამ ვარსკვლავთა ასეთი უჩვეულო სიჩქარე და ტრაექტორია ასევე შესაძლოა, აიხსნას იმით, რომ ისინი ირმის ნახტომის ჰალოდან იყვნენ წამოსული. ეს გახლავთ ჩვენი გალაქტიკის გარე მისადგომებში არსებული იმ ჯუჯა გალაქტიკების ნარჩენები, რომლებიც ერთ დროს ირმის ნახტომმა შთანთქა. მკვლევართა თქმით, ყველაფერი ამ ვარსკვლავთა შემადგენლობისა და ასაკის განსაზღვრის შემდეგ გაირკვევა.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.