ასტრონომებმა ირმის ნახტომისა და „მოჩვენება გალაქტიკის“ შეჯახების ნიშნები დააფიქსირეს
ასტრონომებმა ირმის ნახტომისა და „მოჩვენება გალაქტიკის“ შეჯახების ნიშნები დააფიქსირეს

ანტილა 2, „მოჩვენება გალაქტიკა“, რომელიც ირმის ნახტომს უვლის გარშემო, მრავალმხრივ არის გამორჩეული. იგი იმდენად მკრთალია, რომ მხოლოდ შარშანღა აღმოაჩინეს. როგორც ახლა ირკვევა, შესაძლოა, სწორედ ის იწვევდეს უცნაურ ჭავლებს ჩვენი გალაქტიკის გარე დისკოს წყალბადის აირში.

ახალი კვლევის მიხედვით, ანტილა 2-ის ამჟამინდელი მდებარეობა ისეთია, რომ ასობით მილიონი წლის წინ, მას ირმის ნახტომთან შეჯახება აქვს დაწყებული, რაც დღეს არსებულ გალაქტიკურ შფოთვებს უნდა იწვევდეს.

ანტილა 2 შარშან აღმოაჩინეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მიერ შეგროვებულ მონაცემებში. ფაქტი საკმაოდ მოულოდნელი იყო. იგი ირმის ნახტომთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და წარმოადგენს მის ერთ-ერთ თანამგზავრ გალაქტიკას; ამავე დროს, ის საკმაოდ დიდია, დაახლოებით მაგელანის დიდი ღრუბლის ზომის.

გალაქტიკა საკმაოდ გაფანტული და მკრთალია. მას ჩვენი გალაქტიკის დისკო ფარავს და აღმოჩენაც სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე.

„გაიას“ მონაცემები ასევე დიდ დეტალებში მიუთითებს ირმის ნახტომის დისკოში არსებულ ჭავლებზე. დისკოს ამ რეგიონის აშლილობის შესახებ ასტრონომებმა დიდი ხანია იციან, მაგრამ „გაიას“ მონაცემები გაცილებით დეტალურია.

2009 წელს, ადრეულ მონაცემებზე დაყრდნობით, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი სუკანია ჩაკრაბარტი და მისი კოლეგები ვარაუდობდნენ, რომ ამ რეგიონში არსებობდა ბნელი მატერიით სავსე ჯუჯა გალაქტიკა. მართლაც, 10 წლის შემდეგ, ზუსტად იმ ადგილას ანტილა 2 აღმოაჩინეს.

„გაიას“ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯგუფმა ანტილა 2-ის წარსული ტრაექტორია გამოთვალა და სიმულაციათა სერიაც ჩაატარა. შედეგად გაირკვა ჯუჯა გალაქტიკის არა მხოლოდ ამჟამინდელი მდებარეობა, არამედ ირმის ნახტომის დისკოში არსებული ჭავლების შესახებაც, რომლებიც მილიარდზე ნაკლები წლის წინ მომხდარი შეჯახების შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი.

რამდენიმე წლის წინ, ამ გალაქტიკურ აშლილობას მკვლევართა სხვა ჯგუფი ირმის ნახტომის კიდევ ერთ თანამგზავრთან, მშვილდოსნის ჯუჯა სფეროსებრ გალაქტიკასთან ურთიერთქმედებას უკავშირებდა.

ჩაკრაბარტიმ და მისმა ჯგუფმა ამ სცენარის სიმულაციაც ჩაატარა და დაადგინა, რომ მშვილდოსნის გალაქტიკის გრავიტაცია საკმარისად ძლიერი არ არის იმისათვის, რათა „გაიას“ მიერ დაფიქსირებული ეფექტები წარმოქმნას.

გამომდინარე აქედან, მკვლევართა ჯგუფს მიაჩნია, რომ გალაქტიკის გარე დისკოში მიმდინარე აშილილობათა მიზეზი სწორედ ანტილა 2-ია.

ანტილა 2-ის აღმომჩენი ჯგუფის მიერ წარსულში ჩატარებულმა სიმულაციებმა მიუთითა, რომ ამ ჯუჯა გალაქტიკის მატერიის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში ირმის ნახტომმა გრავიტაციული ურთიერთქმედებისას შთანთქა. მატერიის გადაცემის კიდევ ერთი გზა შეჯახებაა.

თუ გაირკვა, რომ ისინი ერთმანეთთან არიან შეჯახებული, ასტრონომები დეტალურად გაარკვევენ ანტილა 2-ის ისტორიას, რამაც შესაძლოა, გარკვეული ნათელი მოჰფინოს ბნელი მატერიის საიდუმლოსაც. ცნობილია, რომ ბნელი მატერია გალაქტიკის ცენტრისკენ თავმოყრისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ანტილა 2-ის უკიდურესი გაფანტულობა მიუთითებს, რომ მასში ეს მატერია სხვაგვარად არის გადანაწილებული.

ჩაკრაბარტის წინა პროგნოზი ძლიერ იყო დამოკიდებული ბნელი მატერიის არსებობაზე.

მისი თქმით, თუკი ანტილა 2 მართლაც ჯუჯა გალაქტიკაა, ცნობილია, რას იზამს მისი ორბიტა — ის სულ უფრო და უფრო ახლოს მივა გალაქტიკის დისკოსთან. ეს კი უნიკალური შანსი იქნება ბნელი მატერიის ბუნების შესასწავლად.

ხომალდ „გაიას“ შემდეგი მონაცემები 1-2 წელში გამოქვეყნდება. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ პასუხი ბევრ კითხვას გაეცემა.

მომზადებულია rit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.