გველების ერთი მახასიათებელი პრიმატებში უმძლავრეს ინსტინქტს აღძრავს — #1tvმეცნიერება
გველების ერთი მახასიათებელი პრიმატებში უმძლავრეს ინსტინქტს აღძრავს — #1tvმეცნიერება

მაიმუნებს, ადამიანთა მსგავსად აქვთ გველების ძლიერ სწრაფად შემჩნევის შინაგანი უნარი. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ქერცლები ის მთავარი ვიზუალური მანიშნებლებია, რომლითაც პრიმატები ამ მცურავ საფრთხეს აფიქსირებენ.

იაპონიის ნაგოიის უნივერსიტეტის კოგნიტურმა მეცნიერმა ნაბუიუკი კავაიმ ექსპერიმენტი ჩაატარა იაპონურ მაკაკებზე (Macaca fuscata), რომლებსაც იქამდე არასოდეს ჰყავდათ ნანახი რეალური ქვეწარმავლები და ამფიბიები; წინა ექსპერიმენტში ნანახი ჰქონდათ მხოლოდ გველების სურათები. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯილდოზე დაფუძნებულ იდენტიფიცირების თამაშში, ცხოველებს გველების სურათებზე გაცილებით სწრაფი, თანდაყოლილი რეაქცია ჰქონდათ, ვიდრე კუდიანი ამფიბიების ფოტოებზე.

თუმცა, როდესაც კუდიანი ამფიბიების (სალამანდრები) ფოტოები შეცვალეს და გველის კანი გაუკეთეს, მაიმუნებს ისეთივე სწრაფი რეაქცია ჰქონდათ, როგორც გველების სურათებზე. როგორც ჩანს, ქერცლიანი კანი მნიშვნელოვანი ვიზუალური აღმძვრელი მექანიზმია.

„წარსულში ვაჩვენეთ, რომ ადამიანებს და პრიმატებს გველების სწრაფად შეცნობა შეუძლიათ, მაგრამ უცნობი იყო კრიტიკული ვიზუალური მახასიათებელი. გველები სწრაფად არ რეაგირებდნენ კუდიან ამფიბიებზე — სახეობებზე, რომლებსაც გველების მსგავსი წაგრძელებული სხეული და კუდი აქვთ — იქამდე, ვიდრე სურათებში მათ გველის კანი არ გავუკეთეთ“, — ამბობს კავაი.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრულები და პატარა ბავშვები გველების დაკლაკნილ და უფეხო სხეულზე იმაზე გაცილებით სწრაფად რეაგირებენ, ვიდრე სხვა სახის ვიზუალურ სტიმულებზე.

გველის კანი შეიძლება კიდევ ერთი ვიზუალური ფაქტორი იყოს, რომელზეც პრიმატები რეაგირებენ, როცა ინსტინქტურად წყვეტენ, არის თუ არა რაიმე საშიში; ეს კი მხარს უჭერს წინა კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ მაიმუნებს უარყოფითი რეაქცია აქვთ გველის კანზე.

„ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ევოლუციისას, ჩვენს პრიმატ წინაპრებს ჩამოუყალიბდათ გველებისთვის დამახასიათებელი ქერცლების ამომცნობი ვიზუალური სისტემა. პრიმატების ევოლუციის ეს ცნობები გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას ცხოველების, მათ შორის ჩვენი მხედველობისა და თავის ტვინის ევოლუციის შესახებ“, — აღნიშნავს კავაი.

შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ გველები დღეისათვის ცხოველებს შორის ადამიანის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ — წელიწადში დაახლოებით 94 000 ადამიანს კლავენ. თუ შევადარებთ ზვიგენებს, 2023 წელს მათთან დაკავშირებული იყო მხოლოდ 14 ფატალური შემთხვევა.

ჩვენი, როგორც სახეობის ცოცხლად გადარჩენისთვის გადამწყვეტია გველების რაც შეიძლება სწრაფად შემჩნევის უნარი, რაც კარგად ხსნის, თუ რატომ აღენიშნებათ გარკვეული სახის რეაგირებები თავის ტვინში 7 თვის ჩვილებს მაშინაც კი, თუ მათ გველები იქამდე არასოდეს უნახავთ.

საჭიროა დადგინდეს, ახალი კვლევის შედეგები განმეორდება თუ არა ადამიანებშიც, მაგრამ არსებობს კარგი მიზეზი ვიფიქროთ, რომ ჩვენი ტვინიც ისეთივე უცნაურია, როგორც ჩვენი პრიმატი ნათესავების. გველის კანი შეიძლება კარგი წითელი ალამი იყოს საფრთხისთვის.

„ამ კვლევის შედეგები თანხვედრაშია გველი დაფიქსირების თეორიასთან, რომლის თანახმადაც, გველები ძლიერ სელექციურ წნეხს წარმოადგენდნენ პრიმატებში იმ ვიზუალურ ცვლილებათა სასარგებლოდ, რომლებმაც მათ გველების უფრო სწრაფად დაფიქსირების უნარი უბოძა“, — წერს კვლევის ავტორი, იაპონიის ნაგოიის უნივერსიტეტის კოგნიტური მეცნიერი ნაბუიუკი კავაი.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.