გრიგოლ ლილუაშვილი - საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და მასზე განხორციელებული აგრესია განიხილება როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა
გრიგოლ ლილუაშვილი - საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და მასზე განხორციელებული აგრესია განიხილება როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა

საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და მასზე განხორციელებული აგრესია განიხილება როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისთვის საკმარისი დრო არ გასულა.

„წინასწარი ინფორმაციით, არსებობს რესურსი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თემთან მოლაპარაკების გზით გადაწყდეს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დონის პრობლემა. თუმცა, ის ფაქტი, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებსა და სხვადასხვა ნივთს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და მასზე განხორციელებული აგრესია განიხილება როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც პანკისში და ვერც სხვა რაიონში. ეს იყო წმინდა საყოფაცხოვრებო დონეზე წარმართული ინციდენტი, სადაც რესურსი კიდევ არსებობს თანამოქალაქეებთან საუბრის და ეს რესურსი უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები აღჭურვილი იყვნენ არა საიერიშო აღჭურვილობით, არამედ თავდაცვითი შეიარაღებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად გააკეთა განცხადება, როდესაც 37 პოლიციელი უზრუნველყოფდა იქ ჰესზე მომუშავე ადამიანებისა და თანამშრომლების უსაფრთხო გარემოში მუშაობას, ამის შემდეგ მოხდა თავდასხმის პროვოცირება პოლიციელებზე, რის შედეგადაც შეიყვანეს დამატებითი ძალები. თუმცა, იქ შეყვანილი დამატებითი რაზმები აღჭურვილი არ იყვნენ საიერიშო შეიარაღებით, არამედ იყვნენ თავდაცვითი შეიარაღებით. თუ ჩვენ დავთვლით დაშავებული ადამიანების რაოდენობას, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ვნახავთ, რომ დაზარალებულია 35 პოლიციელი და 17 მშვიდობიანი მოქალაქე. შესაბამისად, თქვენ კარგად მიხვდებით, თავს იცავდა პოლიცია, თუ იერიშზე იყო გადასული“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.