გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ქალაქ არასში თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში არ იმყოფება
გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ქალაქ არასში თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში არ იმყოფება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთის ქალაქ არასში თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში არ იმყოფება.

სუს-ის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ქალაქ არასში სკოლის მასწავლებელზე თავდასხმისთვის დაკავებულის, 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის მამა რამდენიმე წლის წინ საფრანგეთიდან გააძევეს და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

„არ იმყოფება, მცდარი ინფორმაციაა. ჩვენ ფრანგ კოლეგებთან გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, მათ შორის ნებისმიერ ინფორმაციაზე, არა მარტო დამნაშავის მშობლის თაობაზე, არამედ უმნიშვნელო ტენდენციაზე და ანალიტიკაზეც გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთკავშირი. ისინი ჩვენი სამსახურის მიმართ მადლიერები არიან. ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ წამოსვამდე კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ საფრანგეთის საელჩოში. თუკი არსებული გამოძიების ფარგლებში ფრანგ კოლეგებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ამისთვის არსებობს სამართლებრივი დახმარების მექანიზმი, ოფიციალური მექანიზმი. საქართველოში მორეაგირე უწყება არის გენერალური პროკურატურა, ეგზავნება მას სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნა და ამის საფუძველზე ვახორციელებთ შემდეგ უწყებები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

საქართველოში რვა მილიონი ადამიანი შემოდის, თუმცა ამ ადამიანებს, მათ შორის მის მშობელს საქართველოში კანონი არ დაურღვევია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.