ღამით დაძინების არარეგულარულ დროს დრამატული გავლენა აქვს განწყობასა და დეპრესიაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ღამით დაძინების არარეგულარულ დროს დრამატული გავლენა აქვს განწყობასა და დეპრესიაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

უკვე არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომლებიც მეტყველებს, რომ ჯანმრთელი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარულ დროს დაძინება, მიუხედავად იმისა, ჯამში რამდენ საათს ვიძინებთ. ამჯერად, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ძილის რეჟიმის დარღვევა კავშირშია ცუდ განწყობასა და დეპრესიასთან.

მეცნიერებმა შეისწავლეს 2115 ექიმის ძილის დროისა და განწყობის ერთწლიანი პირდაპირი მონაცემები და დაადგინეს, რომ ცვალებადი ძილის რეჟიმის მქონე პირები კითხვარებში უფრო მეტად იუწყებოდნენ დაბალი განწყობისა და მაღალი დეპრესიის შესახებ.

აღმოჩნდა, რომ ძილის ცვალებადი დრო დეპრესიის ისეთივე რისკებს ფლობდა, როგორც ზოგადად ძილნაკლულობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღეღამური ციკლის (ცირკადული ციკლი) შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, როგორც სათანადო რაოდენობის ძილი.

„ეს აღმოჩენა წარმოაჩენს, რომ ძილის თანმიმდევრულობა დაუფასებელი ფაქტორია დეპრესიასა და კარგ ჯანმრთელობასთან მიმართებაში“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სრიჯან სენი.

კვლევაში მონაწილე ექიმთა საშუალო ასაკი 27 წელი იყო და ტრეინინგის პირველი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ეს კვლევა არ წარმოადგენს მოსახლეობის დიდ ნაწილს, მაგრამ ჯგუფმა მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ შეესწავლათ ბევრი ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ერთნაირ სიტუაციაში იყო.

როგორც მოსალოდნელიც იყო, ჯამში უფრო მეტი ძილი, გვიან ადგომა და ადრე დაწოლა, ისევე როგორც ძილის უფრო ორგანიზებული რეჟიმის დაცვა — მონაწილეთა გუნება-განწყობას აუმჯობესებდა. ამ კვლევამდე კარგად არ იყო დოკუმენტირებული, რამდენად მნიშვნელოვანია ძილის რეგულარული რეჟიმი სხვა ფაქტორებთან მიმართებაში.

მონაცემები ძილის ძილის საკონტროლებელი სატარებელი მოწყობილობების — სმარტფონის აპლიკაციებისა და მონაწილეთა გამოკითხვის საშუალებით შეაგროვეს. რაც შეეხება სატარებელ მოწყობილობებს, მართალია, ისინი შეიძლება ძილის მონიტორინგისთვის ისეთი ზუსტი არ იყოს, როგორც ლაბორატორიის ინსტრუმენტები, მაგრამ მეცნიერებს ერთდროულად ბევრი ადამიანის ჩვევების კონტროლის საშუალებას აძლევს, დიდი პერიოდის განმავლობაში, თანაც ისე, რომ ამ ადამიანებს ხელი არ შეეშალოთ ყოველდღიურ საქმიანობასა და ძილში.

„მოწინავე სატარებელი ტექნოლოგიები მენტალური ჯანმრთელობის ქცევითი და ფიზიოლოგიური ფაქტორების შესწავლის საშუალებას გვაძლევს, მათ შორის ძილის; თანაც, გაცილებით დიდი მასშტაბითა და სიზუსტით, ვიდრე ოდესმე აქამდე, რაც კვლევის საინტერესო სფეროს გვიხსნის“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი იუ ფანგი.

მისივე თქმით, მათ მიერ მიღებული დასკვნები გამოდგება არა მხოლოდ ძილის ქცევის თვითმართვის სახელმძღვანელოდ, არამედ ინსტიტუციური დაგეგმვის სტრუქტურების ინფორმირებისთვისაც.

მართალია, ყველა ვთანხმდებით, რომ ძილის უკეთესი ჩვევები კარგია ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ახალი კვლევის ავტორებს სურთ უფრო მეტი კვლევა იხილონ იმის შესახებ, როგორ აისახება ინდივიდუალურ კეთილდღეობაზე ძილის ჰიგიენის, დაძინების დროის, სეირნობის დროის, ძილის რეჟიმისა და ზოგადად ძილის სხვადასხვა ასპექტები.

ახალი კვლევა ეთანხმება კიდევ ერთ წინა კვლევას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი დღეღამური რიტმის უგულებელყოფამ შეიძლება დააზიანოს ჩვენი გუნება-განწყობა და დროთა განმავლობაში გაზარდოს დეპრესიის რისკი. თუ შეგიძლიათ, რომ დაიცვათ დაძინების ერთი და იგივე დრო დიდი პერიოდის განმავლობაში — შეიძლება მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდეთ გუნება-განწყობა და თვალთახედვა.

ამის შემდეგ, მკვლევრებს სურთ ხალხის სხვა ისეთი ჯგუფების შესწავლა, რომლებსაც შეიძლება სრული კონტროლი არ ჰქონდეთ იმაზე, თუ როდის იძინებენ, როდის დგებიან და რამდენ ხანს სძინავთ — მაგალითად, პატარა ბავშვების მშობლების.

„მინდა, რომ ჩემმა 1 წლის ბავშვმა ამ დასკვნებზე ისწავლოს, მე კი ყოველდღე დილით 08:21 საათზე ავდგე“, — ამბობს კვლევის ავტორი მიჩიგანის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი იუ ფანგი.

კვლევა ჟურნალ npj Digital Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.