ქრონიკული ძილნაკლულობის დროს, ტვინი საკუთარი თავის ჭამას იწყებს - კვლევა
ქრონიკული ძილნაკლულობის დროს, ტვინი საკუთარი თავის ჭამას იწყებს - კვლევა

ძილის საჭიროება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ენერგიის აღდგენა ყოველ 12 საათში. ძილის დროს ჩვენი ტვინი სრულიად იცვლის მდგომარეობას, რათა გათავისუფლდეს დღის განმავლობაში ნერვული აქტივობის შედეგად დარჩენილი შუალედური პროდუქტებისაგან.

უცნაურია, მაგრამ ზუსტად იგივე პროცესი იწყება ქრონიკულად ძილნაკლული ადამიანის ტვინშიც.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მუდმივი ძილნაკლულობა ტვინს აიძულებს გაანადგუროს მნიშვნელოვანი ოდენობის ნეირონები და სინაპტიკური შეერთებები. თანაც, შემდეგი ძილი ზიანს უკვე ვეღარ გამოასწორებს.

იტალიელ ნეირომეცნიერთა ჯგუფმა მიკელე ბელესის ხელმძღვანელობით, შეისწავლა ძუძუმწოვრის ტვინის პასუხი ძილნაკლულობაზე და საოცარი მსგავსება აღმოაჩინა კარგად დასვენებულ და ძილნაკლულ თაგვებში.

სხეულის სხვა ნაწილებში არსებულ უჯრედთა მსგავსად, თავის ტვინის ნეირონებიც გამუდმებით ახლდება. საუბარია გლიის უჯრედების ორ სხვადასხვა ტიპზე — მხარდამჭერ უჯრედებზე, რომლებსაც ხშირად ნერვული სისტემის წებოსაც უწოდებენ.

მიკროგლიის უჯრედები ბებერ და გაცვეთილ უჯრედებს სპობს პროცესის შედეგად, რომელსაც ფაგოციტოზს უწოდებენ.

ასტროციტული პროცესის შედეგად, იჭრება ტვინში არსებული არასაჭირო სინაპსები (ნერვული უჯრედების შეერთების ადგილები), რათა გამტარები უფრო მახვილი და უნარიანი გახდეს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ეს პროცესი მხოლოდ ძილში მიდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის გარკვეულწილად მაშინაც მიმდინარეობს, როცა ძილი გვაკლია.

თითქოს ამაში ცუდი არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს ტვინი ფარგლებს სცდება, განადგურება ზედმეტი მოსდის და საკუთარი თავის დაზიანებას იწყებს.

„დავადგინეთ, რომ ძილნაკლულობის გამო, სინაპსების გარკვეულ ნაწილს ასტროციტული პროცესი პირდაპირ ჭამს“, — ამბობს ბელესი.

ამის დასამტკიცებლად, მკვლევრებმა შეისწავლეს სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილებული თაგვების ტვინები.

  • ერთ ჯგუფს 6-8 საათი ეძინა
  • მეორე ჯგუფს პერიოდულად აღვიძებდნენ
  • მესამე ჯგუფი დამატებით 8 საათის განმავლობაში არ დააძინეს (ძილნაკლულობა)
  • ბოლო ჯგუფი კი ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში არ დააძინეს (ქრონიკული ძილნაკლულობა).

როცა მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს ოთხივე ჯგუფის ასტროციტი, აღმოჩნდა, რომ კარგად გამოძინებული თაგვების ტვინში სინაპსები 5,7 პროცენტი იყო, იმ თაგვებში კი, რომლებსაც პერიოდულად აღვიძებდნენ — 7,3 პროცენტი.

ძილნაკლულ და ქრონიკულად ძილნაკლულ თაგვებში მათ რაღაც განსხვავებული შენიშნეს — ასტროციტის აქტივობა იმდენად გაიზარდა, რომ სინაპტიკურ შეერთებათა ნაწილი ზუსტად ისე შეჭამა, როგორც მიკროგლიური უჯრედები ჭამენ ნარჩენებს. ამ პროცესს ასტროციტულ ფაგოციტოზს უწოდებენ.

ბელესის განცხადებით, უდიდესი იყო იმ სინაპსურ კავშირთა უმეტესობა, რომლებიც თაგვების ორ ძილნაკლულ ჯგუფში შეიჭამა. გარდა ამისა, ისინი ძალზე ძლიერ გამოყენებადი იყო.

როცა ჯგუფმა ოთხივე ჯგუფში შეამოწმა მიკროგლიურ უჯრედთა აქტივობა, გაირკვა, რომ ისინი მნიშვნელოვნად ნაკლული იყო ქრონიკულად ძილნაკლულ ჯგუფში.

ეს კი საკმაოდ სახიფათოა, რადგან მიკროგლიის უკონტროლო აქტივობა დაკავშირებულია ტვინის ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ალცჰაიმერი და ნეიროდეგენერაციის სხვა ფორმები.

მკვლევართა ცნობით, მხოლოდ ქრონიკული უძილობა ააქტიურებს მიკროგლიის უჯრედებს და ხელს უწყობს მათ ფაგოციტურ აქტივობას. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ძილის მუდმივი დარღვევა შესაძლოა, ტვინს გამოუსწორებელ ზიანს აყენებდეს.

კითხვა ნამდვილად ბევრი რჩება. მათ შორის, მიმდინარეობს თუ არა ადამიანის ტვინშიც იგივე პროცესი, ანდაც შეუძლია თუ არა ძილის აღდგენას ზიანის გამოსწორება.

თუმცა, ფაქტად რჩება, რომ 1999 წლის შემდეგ, ალცჰაიმერით სიკვდილიანობა 50 პროცენტით გაიზარდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ჩვენგანს ძილის რეჟიმი ნამდვილად დარღვეული აქვს.

კვლევა Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი