გენური ინჟინერიით მეცნიერებმა შექმნეს „მატყლიანი“ თაგვები, რომლებიც შეიძლება, გადაშენებული მამონტების აღდგენაში გამოიყენონ — #1tvმეცნიერება
მამონტების გენეტიკური კოდის ინტენსიური კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა გენური ინჟინერიით გამოიყვანეს „მატყლიანი“ თაგვები, რომლებსაც შეცვლილი აქვთ ბალნის სისქე, ფერი და ტექსტურა, რათა აღედგინათ ამ გადაშენებული სპილოების ადაპტაცია სიცივისადმი.
ამერიკული ბიოტექნოლოგიური და გენეტიკური ინჟინერიის კომპანია Colossal Biosciences-ის მკვლევრების განცხადებით, ამ თაგვების შექმნა საკვანძო ნაბიჯია ბეწვიანი მამონტების აღდგენისკენ მიმავალ გზაზე — არა გადაშენებული სახეობის აღდგენისკენ, არამედ გენური ინჟინერიით ბეწვიანი სპილოს გამოყვანისკენ, რომელიც მსოფლიოს ტუნდრებში აღორძინდება.
ეს საკამათო კვლევა აღწერეს პუბლიკაციაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის.
„მატყლიანი თაგვები წარმოადგენს წყალგამყოფ მომენტს გადაშენებული სახეობის აღდგენის მისიაში. ცოცხალ სამოდელო სახეობაში მამონტების ევოლუციური გზების სიცივისადმი ტოლერანტული მრავალი თვისების გადმოტანით გენური ინჟინერიით, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს უნარი, ხელახლა შევქმნათ კომპლექსური გენეტიკური კომბინაციები, რომელთა შესაქმნელად ბუნებას მილიონობით წელიწადი სჭირდება. ეს წარმატება ერთი ნაბიჯით გვაახლოებს მიზანთან, რომ დავაბრუნოთ ბეწვიანი მამონტები“, — ამბობს Colossal Biosciences-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ლამი.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც Colossal Biosciences-ის გენეტიკოსი რუი ჩენი ხელმძღვანელობდა, მუხლჩაუხრელი შრომა გასწია გადაშენებულ მამონტთა და თანამედროვე სპილოების რამდენიმე სახეობის შესასწავლად.

შეისწავლეს 59 გენომი მამონტებისა, რომლებიც 3500 წლის წინ და მაქსიმუმ 1 200 000 წლის წინ ცხოვრობდნენ, მათ შორის იყო ბეწვიანი მამონტი (Mammuthus primigenius), სტეპის მამონტი (Mammuthus trogontherii) და კოლუმბის მამონტი (Mammuthus columbi).
ასეე შეისწავლეს აზიური სპილოს გემონი (Elephas maximus), ჯამში სულ 121 გენომი.

ამ ანალიზების საშუალებით, მკვლევრებმა გამოავლინეს მამონტის გენები, რომლებიც აშკარად განსხვავდება აზიური სპილოს გენებისგან. ამის შემდეგ, გამოავლინეს შვიდი გენი, რომლებიც მამონტების მდიდრულ ბეწვთანაა დაკავშირებული; ასევე დაადგინეს ცივ გარემოზე მორგებული ადაპტაციები, მაგალითად, ცხიმის დაგროვება და გადანაწილება სითბოსთვის.

ჯგუფმა გენების რედაქტირების სამი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა — RNP შუამავლობითი ნოკაუტი, მულტიპლექსური ზუსტი გენომის რედაქტირება და ზუსტი ჰომოლოგიური მიზანმიმართული შეკეთება. ასე შეძლეს მათ რვა ერთდროული რედაქტირება თაგვების ემბრიონების შვიდ გენში, რამაც მათ მშობელი თაგვებისგან განსხვავებული რამდენიმე აშკარა ცვლილება მოუტანა.
გამოყვანილ თაგვებს ჰქონდათ გარეულ თაგვებზე სამჯერ გრძელი ბეწვი, იყვნენ უფრო ფუმფულები და დატალღულები, ჩახუჭუჭებულები. მამონტების მსგავსად, უფრო ღია იყო მათი ბალანი, უფრო მოოქროსფრო, ვიდრე გარეული თაგვების მუქი ბალანი.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გადაშენებული მამონტების აღდგენას მათი უახლოესი ნათესავის, აზიური სპილოს ასეთივე გენეტიკური მოდიფიკაციების გზით შეძლებენ. ბოლოს შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, რომ ამ სამუშაოს ჩატარება მაინც ღირს. გზადაგზა ნასწავლი გაკვეთილები შეიძლება მძლავრი ხელსაწყო გახდეს დღეს გადაშენების პირას მყოფი სახეობებისთვის.
კომპანია კომპანია Colossal Biosciences-ი დედამიწაზე მამონტების აღდგენაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მათი განცხადებით, ეს პლანეტას გადაარჩენს კაცობრიობის საქმიანობის სასტიკი ეფექტებისგან.
„გარდა იმისა, რომ დავაბრუნებთ გადაშენებულ უძველეს სახეობებს, თუნდაც ბეწვიან მამონტებს, შეგვეძლება ჩვენი ტექნოლოგიების საშუალებით დავეხმაროთ კრიტიკულად საფრთხის ქვეშ, გადაშენების პირას მყოფ სახეობებს და აღვადგინოთ ცხოველები, რომელთა გაქრობაშიც ადამიანის ხელი ურევია“, — ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი ბენ ლამი.
კვლევა ხელმისაწვდომია bioRxiv-ზე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.