ფილიპ ჰემონდი - ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საქმეში უცხო ქვეყნის კავშირის დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობა შესაბამის რეაგირებას მოახდენს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა შესაბამის ზომებს მიმართავს, თუ გამოძიება დაადგენს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამლვასთან უცხო ქვეყანას აქვს კავშირი. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა ჰემონდს ჰკითხა, თუ დამტკიცდა, რომ ყოფილი ჯაშუშის მოწმალვა რუსეთის ქმედება იყო, როგორ აისახება ეს რუსეთთან ურთიერთობებზე.
„უპირველს ყოვლისა, საქმეს პოლიცია იძიებს. ჩვენ უნდა წავიდეთ იქით, საითაც მტკიცებულებებს მივყავართ, ასე რომ, გამოძიებამ კურსი უნდა გვაჩვენოს. თუმცა, თუ გამოძიება უცხო ქვეყნის ჩარევას დაამტკიცებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სერიოზული და მთავრობა შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.
ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია 4 მარტს სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.
ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამლვის საქმესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო კომიტეტის სხდომა გამართა, რომლის შემდეგაც განაცხადა, რომ გამოძიებაში ჩართულია 250-ზე მეტი სამართალდამცველი. პოლიციის მონაცემებით, საქმეს დაახლოებით 240-მდე მოწმე ჰყავს. მომწამვლელი ნივთიერების კვალი რესტორან Zizzi-ში აღმოაჩინეს.
სერგეი სკრიპალი რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის არის ნასამართლევი.