სერგეი სკრიპალმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურს ნიკოლაი პატრუშევის მიერ 1990-იან წლებში მართულ კორუფციულ სქემაზე ინფორმაცია გადასცა
სერგეი სკრიპალმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურს ნიკოლაი პატრუშევის მიერ 1990-იან წლებში მართულ კორუფციულ სქემაზე ინფორმაცია გადასცა

სერგეი სკრიპალმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურს ნიკოლაი პატრუშევის მიერ 1990-იან წლებში მართულ კორუფციულ სქემაზე ინფორმაცია გადასცა.

ამის შესახებ New York Times-ი ახალ წიგნზე დაყრდნობით წერს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ბრიტანელ რედაქტორ მარკ ურბანს სერგეი სკრიპალი ამის შესახებ გასულ წელს ჩატარებული ინტერვიუს დროს ესაუბრა. ​BBC-ის რედაქტორი მაშინ შპიონაჟზე წიგნს წერდა.

ინტერვიუში სერგეი სკრიპალმა განაცხადა, რომ რუსეთში უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცია გასაიდუმლოებული იყო. ყოფილი ორმაგი აგენტის თქმით, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობის დროს მან და ერთმა ოფიცერმა დასავლურ დაზვერვას საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს. 2004 წელს კი აღნიშნული ოფიცერი სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი თვითმკვლელობა იყო, თუმცა, მის ხსეულს წამების კვალი ეტყობოდა. ინტერვიუს დროს სერგეი სკრიპალმა განაცხადა, რომ ოფიცერი დაკითხვის დროს გაგუდეს.

ბრიტანული დაზვერვის დასკვნით, სერგეი სკრიპალმა ოფიცრის ბედი მხოლოდ იმიტომ არ გაიზიარა, რომ რუსეთში დაკითხვის დროს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ნიკოლაი პატრუშევის მიერ მართული კორუფციული სქემის შესახებ არაფერი თქვა.

სერგეი სკრიპალის ინტერვიუ მარკ ურბანის ახალ წიგნში „სკრიპალის საქმე: რუსი ჯაშუშის ცხოვრება და სიკვდილთან მიახლოება“ არის გამოყენებული, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვაში დღეს ჩაეშვება.

2018 წლის 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. გამოძიების ჩატარების შემდეგ „სკოტლანდ იარდმა“ გახმაურებულ საქმეში მთავარ ეჭვმიტანილებად ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი დაასახელა.