The New York Times - სერგეი სკრიპალი ბოლო წლებში ესპანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა
The New York Times - სერგეი სკრიპალი ბოლო წლებში ესპანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა

სოლსბერიში მოწამლული სერგეი სკრიპალი ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი რამდენჯერმე იმყოფებოდა ესპანეთში და სპეცსამსახურებს რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებებზე უწევდა კონსულტაციას.

გამოცემა წერს, რომ სერგეი სკრიპალი 1990-იანი წლების შუა პერიოდში ბრიტანეთის დაზვერვამ ესპანეთში გადაიბირა, სადაც რუსეთის საელჩოში სამხედრო ატაშედ მუშაობდა.

გამოცემის წყარო ამბობს, რომ სერგეი სკრიპალი ესპანეთის გარდა არაერთხელ იმყოფებოდა ჩეხეთსა და ესტონეთშიც და ადგილობრივი სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებს რუსული დაზვერვის მუშაობის მეთოდებზე ესაუბრებოდა.

2018 წლის 4 მარტს სერგეი სკრიპალი თავის შვილ იულია სკრიპალთან ერთად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში ნახეს. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, სკრიპალები რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ლონდონმა მოსკოვი ქიმიურ თავდასხმაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.