სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილები - სოლსბერიში ჩვენ უბრალო ტურისტები ვიყავით
სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილები - სოლსბერიში ჩვენ უბრალო ტურისტები ვიყავით

BBC-ი Russia Today-ის ექსკლუზიურ ჩანაწერზე დაყრდნობით სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილების ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბორიშოვმა განაცხადეს, რომ სოლსბერიში ურალოდ ტურისტული მიზნით, ქალაქის დასათვალიერებლად ჩავიდნენ.

ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორთან, მარგარიტა სიმონიანთან საუბრის დროს, გახმაურებული საქმის ფიგურანტებმა აღნიშნეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მათი მეგობრები ქალაქ სოლსბერიში ვიზიტს ურჩევდნენ, რადგან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკათედრო ტაძარი მდებარეობს.

„თავიდან ვაპირებდით ლონდონში გასართობად ჩასვლას. ეს არ ყოფილა ბიზნესვიზიტი. ჩვენი გეგმის მიხედვით, ბრიტანეთში ვიზიტის დროს ლონდონი და სოლსბერი უნდა დაგვეთვალიერებინა, თუმცა, იმ დღეს სოლსბერი მთლიანად პარალიზებული იყო დიდთოვლობის გამო. ქალაქში გადაადგილებას ნორმალურად ვერც კი ვახერხებდით. სოლსბერის დათვალიერება მხოლოდ მომდევნო დღეს მოვახერხეთ, როდესაც თოვა შეწყდა“, – განაცხადა რუსლან ბოშიროვმა ინტერვიუს დროს.

როგორც BBC-ი რუსული მედიის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს აგენტები არ არიან. სინამდვილეში ფიტნესინდუსტრიაში არიან ჩართულნი, ამიტომ საქმის გამო, კერძოდ, ევროპული ბაზრის შესასწავლად ევროპაში ვიზიტი ხშირად უწევთ, თუმცა ბოლო წლებში ევროპის ქვეყნებს, მათ შორის შვეიცარიას რამდენჯერმე ტურისტული მიზნითაც ესტუმრნენ.

გახმაურებული საქმის ფიგურანტებმა ასევე განაცხადეს, რომ სუნამოს ბოთლი, რომელშიც ბრიტანული საგამოძიებო უწყების მონაცემებით, ეჭვმიტანილებს მომწამვლელი ნივთიერება გადაჰქონდათ, არასდროს უნახავთ. ბოშიროვის თქმით, აეროპორტში შემოწმების დროს მამაკაცისთვის ქალის სუნამოს აღმოჩენის შემთვევაში კითხვები გაჩნდებოდა, რაც უკვალოდ არ ჩაივლიდა.

ინტერვიუს ბოლოს ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა განაცხადეს, რომ სერგეი სკრიპალის შესახებ მანამდე არაფერი სმენიათ. მათი თქმით, სკრიპალის არსებობის შესახებ მხოლოდ მოწამვლის ფაქტის გახმაურების შემდეგ შეიტყეს.

2018 წლის 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. გამოძიების ჩატარების შემდეგ „სკოტლანდ იარდმა“, გახმაურებულ საქმეში მთავარ ეჭვმიტანილებად სწორედ ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი დაასახელა.  ბრიფინგზე ასევე გამოაქვეყნეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელზეც აღნიშნული პირების გადაადგილებაა ასახული. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ორი ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთში მარტის დასაწყისში ჩავიდა და ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ ჩაიტანა, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს.

დატოვე კომენტარი