გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - რუსეთი ადამიანების სიცოცხლით „კამათელს თამაშობს“
გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - რუსეთი ადამიანების სიცოცხლით „კამათელს თამაშობს“

გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი კარენ პირსი აცხადებს, რომ რუსეთი ადამიანების სიცოცხლით „კამათელს თამაშობს“. როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, ამის შესახებ პირსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სოლსბერიში სკრიპალების საქმეს განიხილავდნენ.

ბრიტანეთის წარმომადგენელმა რუსეთის ხელისუფლება სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.
კარენ პირსის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს ზომები, ქიმიური იარაღის გამოყენებისგან და უცხოური მტრული ჩარევის საფრთხისგან მოსახლეობის დასაცავად.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ზომებს განიხილავს.

ამასთან, როგორც გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, სკრიპალების საქმე სოლსბერის საზღვრებს სცდება.

„ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს გვსურს, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის აქტივობას, რომელიც არა მხოლოდ მავნებელი, არამედ არაგონივრულიცაა“, – განაცხადა პირსმა.

მისი შეფასებით, ეს არის პირდაპირი გამოწვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისთვის.

როგორც პირსმა აღნიშნა, მოსკოვი მუშაობს „პარალელურ სამყაროში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალური წესები თავდაყირაა“.

დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა, ბენ უოლესმა სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს დააკისრა. 5 სექტემბერს სკოტლანდ იარდმა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების სახელები გაასაჯაროვა. მოგვიანებით კი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ყოფილი ორმაგი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები დაადანაშაულა. ტერეზა მეის თქმით, ისინი რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ. თავის მხრივ, რუსეთში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებებს „ანტირუსული ისტერია“ უწოდეს.