ფედერიკა მოგერინი - ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების გაუქმება ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს.
მოგერინის თქმით, ეს შეთანხმება გლობალურ უსაფრთხოებაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხში ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენ უმთავრეს პარტნიორად, რომელთანაც დიალოგს გავაგრძელებთ. თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არასწორ ნაბიჯად მივიჩნევთ. ამ შეთანხმების მომავალი ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის, ვერც ერთი ხელმომწერი ქვეყანა ამ შეთანხმებას ვერ ჩაშლის. ეს დოკუმენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კუთხით ერთ-ერთ მთავარ საკვანძო შეთანხმებას წარმოადგენს. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, როგორც ევროპის, ასევე მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მოგერინიმ.
მისივე თქმით, ეს შეთანხმება გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციით არის მხარდაჭერილი.
ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. საგანგებო განცხადება 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა გაავრცელა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ ევროკავშირში. ვაშინგტონის თანამოაზრე ახლა მხოლოდ ისრაელის მთავრობაა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თითქმის სამი წელია, ამტკიცებს, რომ აღნიშნული შეთანხმების გვერდის ავლით ირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას მაინც განაგრძობს.
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლას არ იზიარებს ამ დოკუმენტის კიდევ ორი ხელმომწერი – რუსეთი და ჩინეთი. 2015 წელს ვენაში საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, ირანმა ურანით გამდიდრება უნდა შეწყვიტოს, რის საფუძველზეც შეჩერდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. სანაცვლოდ, დასავლეთი ირანს სანქციების ეტაპობრივად შემსუბუქებას დაპირდა. 2015 წლის ზაფხულში ბირთვულ შეთანხმებას ხელი შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთისა და თავად ირანის პირველმა დიპლომატებმა მოაწერეს. შეთანხმების პროცესში დიდი როლი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ შეასრულა.