ფედერიკა მოგერინი - საქართველოში დღეს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს ვხედავთ
ფედერიკა მოგერინი - საქართველოში დღეს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს ვხედავთ

ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

სესიაზე მოგერინიმ „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ბოლო თვეებში უსაფრთხოების ვითარება გაუარესდა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო ახლო და საიმედო პარტნიორია სამეზობლოში, ამიტომაც ევროკავშირი რისკებზე თვალს არ ხუჭავს.

„ჩვენს კონტინენტზე კონფლიქტები ჯერ არ გაუჩინარებულა. საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ ბოლო თვეებში სიტუაცია გაუარესდა. სწორედ ამიტომ ვზრდით ჩვენი მისიის წარმომადგენლობას ადგილზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპების დეკლარირება. ეს არის ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველი. საქართველო ახლო და საიმედო პარტნიორია სამეზობლოში. ამიტომაც ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში“, – განაცხადა მოგერინიმ.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა უწოდა.