ფედერიკა მოგერინი - საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება, ეს არის ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველი
ფედერიკა მოგერინი - საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება, ეს არის ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის მოქმედმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ ისაუბრა.

„კონფლიქტები ჯერ არ გაუჩინარებულა ჩვენს კონტინენტზე. უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაცია საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ გაუარესდა ბოლო თვეებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვზრდით ჩვენი მისიის წარმომადგენლობას ადგილზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპების დეკლარირება, ეს არის ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველი. საქართველო ახლო და საიმედო პარტნიორია სამეზობლოში. ამიტომაც ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მოგერინიმ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა უწოდა. ფედერიკა მოგერინის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში ეს პროგრამა ფოკუსირებული იყო ხალხზე და არა გეოპოლიტიკაზე.

„მე ამაყი ვარ, რომ გიტოვებთ თქვენ და ჩემს შემცვლელს მყარ საფუძველს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის და ექვსი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, ფედერიკა მოგერინის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე 1-ლი დეკემბრიდან ჯოზეფ ბორელი შეცვლის.