ფედერიკა მოგერინი - ვგმობთ სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარებას“
საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დავგმეთ სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს განაცხადა.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. ახლახან სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მაშინვე დავგმეთ სირიის ეს ნაბიჯი. ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და გაართულებს კონფლიქტის მოგვარებას“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მაისს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .