ევროკავშირი ვენესუელას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
ევროკავშირი ვენესუელას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირი ვენესუელას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისი განმარტებით, ახალ შავ სიაში ის პირები შევლენ, რომლებიც ლათინური ამერიკის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან არიან დაკავშირებული.

მოგერინიმ აღნიშნა, რომ ვენესუელას ციხეში რაფაელ აკოსტას გარდაცვალება ქვეყანაში ვითარების გაუარესების ნათელი მაგალითია. ამასთან, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ თუ ვენესუელას ოპოზიციასა და ნიკოლას მადუროს მთავრობას შორის მოლაპარაკებები პროგრესს არ განიცდის, ევროკავშირი ლათინური ამერიკის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო გააფართოებს.

ცოტა ხნის წინ ვენესუელას ციხეში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ აკოსტა დაიღუპა. მანამდე კი, პატიმრის მუდმივი წამების შესახებ ვრცელდებოდა ცნობები. რაფაელ აკოსტას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები უკვე დააწესა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის პარალელურად ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.