საქართველოს ტოივო კლაარი ეწვევა
საქართველოს ტოივო კლაარი ეწვევა

საქართველოში უახლოეს დღეებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ჩამოვა. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აქტიურად ჩართული რჩება საქართველოში ვითარების სტაბილიზაციასა და კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით, ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ძალისხმევით, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა.

განცხადების თანახმად, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ დიპლომატთან სოფელ გუგუტინათკარში ბორდერიზაციის საკითხი განიხილა.

„მავთულხლართების აღმართვა აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და უზღუდავს ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსებისადმი წვდომას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და, რომ ყველა მონაწილემ უნდა გამოიყენოს კომუნიკაციის არსებული საშუალებები“, – აღნიშნულია მოგერინის უწყების განცხადებაში.

სატელეფონო საუბრისას ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.