ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, მთვარე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ძილზე — #1tvმეცნიერება
ფართომასშტაბიანი კვლევის მიხედვით, მთვარე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ძილზე — #1tvმეცნიერება

ძილი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლო რამ არის, მაგრამ მილიონობით ჩვენგანს მაინც საკმარისად არ სძინავს.

ზოგიერთი რამ, რაც ძილში ხელს გვიშლის, აშკარაა. თუმცა, ზოგი მიზეზი არც ისე ცხადია და მეცნიერებს შორის დავის საგანია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადამიანებს ძილში სავარაუდოდ ათასობით წლის წინაც უშლიდა ხელს.

ამ შემთხვევაში, საუბარია მთვარესა და მის ციკლებზე, რომლის პოტენციურ გავლენას ადამიანის ძილზე, უკვე დიდი ხანია სწავლობენ; მიუხედავად ამისა, ასეთი ანალიზების შედეგები ყოველთვის გარკვეულწილად შეუსაბამო იყო.

ახალ კვლევაში, რომელიც მკვლევართა განცხადებით უდიდესია ამ მიმართულებით ოდესმე ჩატარებულთა შორის, მეცნიერთა ჯგუფი შვედეთის ქალაქ უფსალაში 850-ზე მეტი ადამიანის ძილს აკვირდებოდა; პოლისმონოგრაფიის გამოყენებით ზომავდნენ ძილის დასაწყისს, ხანგრძლივობასა და ხარისხს მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში.

ინდივიდთა ამ ერთღამიან გაზომვებს რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებდნენ, როგორც კაცებში, ისე ქალებში. ჩასაწერ ღამეებს მთვარის ციკლის სხვადასხვა ეტაპებს ამთხვევდნენ — ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე და ე. წ. მილევის დროსაც, ანუ შემდეგ ახალ მთვარემდე პერიოდში.

არსებობს მოსაზრება, რომ „მზარდი“ მთვარის მზარდი სიკაშკაშე, რომელიც პიკს სავსემთვარეობისას აღწევს, ადამიანის ძილზე ზოგადად საზიანოდ უნდა მოქმედებდეს, რადგან ადამიანები წყვდიადში უკეთესად იძინებენ.

ზოგიერთმა კვლევამ ეს თეორია დაამტკიცა, მაგრამ ზოგიერთმა მისი გამეორება ვერ შეძლო.

ახალი კვლევის შედეგები როგორც ჩანს ადასტურებს, რომ მთვარის ციკლებს ადამიანის ძილზე მნიშვნელოვანი და დაფიქსირებადი გავლენა აქვს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს გავლენა ყველაზე ერთნაირი არ არის.

„დავადგინეთ, რომ კაცებში, რომელთა ძილსაც მთვარის ციკლის ზრდის (სიკაშკაშის) პერიოდში ვიწერდით, დაბალი იყო ძილის ეფექტიანობა, გაღვიძების დრო კი გაზრდილი — იმ კაცების ძილთან შედარებით, რომელთა ძილსაც მილევადი მთვარის პერიოდში ვიწერდით“, — ამბობს კვლევის ავტორი, უფსალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ბენედიქტი.

მისივე განცხადებით, ამის ფონზე, ქალების ძილი დიდწილად უცვლელი იყო მთვარის ციკლების მიუხედავად.

მიუხედავად იმისა, რომ ქალებში მიღებული შედეგები მათ ძილზე მთვარის გავლენას ნაკლებად მიუთითებს, ეს ფენომენი მთლად უკვალო მაინც არ არის.

კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილე ქალებს საშუალოდ თითქმის 12 წუთით ნაკლები ეძინათ მთვარის ზრდის პერიოდში, ვიდრე მილევადი პერიოდის ღამეებში.

რაც შეეხება კაცებს, მთვარის ზრდის პერიოდში მათ 20 წუთით ნაკლები ეძინათ და მათში უფრო აშკარა იყო მთვარის ეფექტების სხვა მარკერები; მათ შორის, ძილის 3,4 პროცენტით ნაკლები ეფექტიანობა, მეტი უძილობა და ძილის ეტაპების ხანგრძლივობის მეტად მოშლა მთვარის ზრდის პერიოდში.

ვინაიდან ეს კვლევა დაკვირვებადი იყო, ჯგუფს არ აქვს პრეტენზია, რომ ამ შემთხვევაში საქმე მიზეზობრივ ეფექტთან გვაქვს.

„რა თქმა უნდა, ჩვენს კვლევას არ შეუძლია იმის მტკიცება, მთვარის ციკლთან ძილის კავშირი მიზეზობრივი იყო თუ უბრალოდ თანაფარდობითი“, — ამბობს ბენედიქტი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს რაღაც ისეთთან, რომელიც ადამიანების ძილზე ახდენს გავლენას, იმის სინქრონულად, რამდენად კაშკაშა და სავსეა მთვარე მოცემულ ღამეს. ამ ეფექტის მოცულობის ავტორიტეტულად განსაზღვრა რთულია.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები მაინც ბედნიერი არიან, რომ რაღაც კვალზე გავიდნენ.

„მთვარის ზრდის ფაზაში, ყოველ მომდევნო დღეს მთვარე დედამიწას კიდევ უფრო მეტ მზის სინათლეს აშუქებს, მაქსიმალურ განათებას კი სავსემთვარეობისას აღწევს. გარდა სინათლისა, ძილის დროისა და ხარისხის მაკონტროლებელ სადღეღამისო რიტმზე გავლენას ახდენს სინათლესთან კავშირის არმქონე ფაქტორებიც, მაგალითად, გრავიტაცია… შესაბამისად, ჩვენ მიერ ძილში შემნჩეულ სხვაობებს შეიძლება ხსნიდეს მთვარის ზრდისა და მილევის ფაზებში მისი გრავიტაციული მიზიდვის სხვაობებიც“, — წერენ მკვლევრები.

გარდა ამისა, ამ საქმეში შეიძლება ჩართული იყოს პოტენციური გეომაგნიტური ეფექტებიც, რასაც უკვე სხვა კვლევები სჭირდება.

თუმცა, სულ მცირე ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ მთვარე დედამიწას მზისგან არეკლილი სინათლით მნიშვნელოვნად ანათებს და ეს ფაქტორი ციკლურად უძილო ღამეების ყველაზე გონივრული ახსნა ჩანს.

კვლევა Science of the Total Environment-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uu.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი