ახალი ექსპერიმენტი მიუთითებს, რატომ არ არის ბევრი ძილი ყოველთვის სასარგებლო — #1tvმეცნიერება
ახალი ექსპერიმენტი მიუთითებს, რატომ არ არის ბევრი ძილი ყოველთვის სასარგებლო — #1tvმეცნიერება

საკმარისი ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და სწორედ ამიტომ არის, რომ მეცნიერები გამუდმებით ეძებენ გზებს, რათა ამით უზრუნველყოფილი ვიყოთ.

ინდოეთში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, საწოლში გატარებული ზედმეტი საათები აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ეს სასარგებლოა, თუკი ძილის ხარისხი სათანადო არ არის.

კვლევა ქალაქ ჩენაიში ჩატარდა, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 452 დაბალშემოსავლიანი მუშა მონაწილეობდა. ასევე დადგინდა, რომ შუადღეს ჩათვლემა უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე ღამით ძილში გატარებული დამატებითი საათები; ყოველ შემთხვევაში, ასე აღმოჩნდა კვლევის იმ მონაწილეთა შემთხვევაში, რომლებსაც ღამის ძილი ძალიან დარღვეული ჰქონდათ.

გაზომვები აქტიგრაფებით ჩაატარეს: მოძრაობის პატარა, პორტატული სენსორებით, რომლებსაც ძილის ციკლზე დაკვირვება შეუძლია და სულ უფრო პოპულარული ხდება სამეცნიერო კვლევებში. აქტიგრაფს ადამიანის ძილზე დაკვირვება სახლში შეუძლია, ყოველგვარი დამატებითი აღჭურვილობისა და რთული კონფიგურაციის გარეშე.

მკვლევრებმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს, წაახალისეს, სახლში საძილე გარემო გაუუმჯობესეს და შედეგად, მიაღწიეს იმას, რომ მუშებს ყოველ ღამით საშუალოდ ნახევარი საათით მეტხანს ეძინათ, რასაც მათ ჯანმრთელობაზე მოსალოდნელი სარგებელი არ მოჰყოლია.

„ჩვენდა გასაკვირად, ღამის ძილში ასეთ ჩარევებს არანაირი დადებითი ეფექტი არ ჰქონია ჩვენ მიერ გაზომილ არც ერთ შედეგზე“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინტიტუტის (MIT) ეკონომისტი ფრენკი შილბახი.

ეს შედეგები კი მოიცავდა შემეცნებას, პროდუქტიულობას, გადაწყვეტილებათა მიღებას და კარგად ყოფნას. შემცირდა სამუშაო საათების საშუალო რაოდენობაც, რადგან საწოლში გატარებული მეტი დრო ნაკლებ სამუშაო დროს ნიშნავს. მოხალისეები მონაცემთა შეყვანის სამუშაოს ასრულებდნენ, რაც მხოლოდ ამ კვლევისთვის იყო განკუთვნილი და შესაძლებელი იყო მათი ყურადღებისა და პროდუქტიულობის გაზომვა.

მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს კვლევის სხვა გარემოებებიც. კვლევამდე, მონაწილეები ძილში რვის ნაცვლად საშუალოდ 5,5 საათს ატარებდნენ, ვიდრე მკვლევრები ამ დროის გაზრდას შეძლებდნენ.

ერთთვიანი ექსპერიმენტების დასასრულს, მუშები საწოლში ღამეში დამატებით 38 წუთს ატარებდნენ, რაც ძილში გატარებულ საშუალოდ 27 დამატებით წუთს უდრის.

როგორც ჩანს, ძილის ასეთი დაბალი ეფექტიანობა ხელს უშლის უფრო ღრმა და აღდგენითი ხასიათის ძილს, რომელიც ძლიერ სასარგებლოა ზოგადი ჯანმრთელობისთვის. არაერთი წინა კვლევა აჩვენებს ღამით არასაკმარისი ძილს მრავალ უარყოფით შედეგს, მათ შორის დემენციის რისკის ზრდას.

მკვლევართა განცხადებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში, კვლევის მონაწილეებს ღამეში საშუალოდ 31-ჯერ ეღვიძებოდათ. ანუ, კვლევამდე არსებული ძილის ხარისხი შეესაბამებოდა მდიდარი ქვეყნის იმ მცხოვრებლებისას, რომლებსაც უძილობა ან ძილის აპნოე აწუხებთ.

„ჩენაიში შეგიძლია ნახო რიკაშაში (ეტლი) მძინარე ადამიანები. ხშირად, ერთ ხმაურიან ოთახში 4-5 ადამიანს სძინავს. ბევრგან ნახავ მაგისტრალებზე, გზის სეგმენტებს შორის მძინარე ადამიანებსაც“, — ამბობს შილბახი.

მისივე განცხადებით, იქ ღამით წარმოუდგენლად ცხელა და ბევრი მწერია, განსაკუთრებით ჩენაიში, სადაც ძილს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს.

მონაწილეთა ნახევარი ასევე წაახალისეს დღის განმავლობაში ნახევარსაათიანი წაძინებით, რასაც რამდენიმე დადებითი შედეგი მოჰყვა: გაუმჯობესდა პროდუქტიულობა, შემეცნების ფუნქცია და შეინიშნებოდა ფსიქოლოგიური კეთილდღეობაც.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სამუშაო დროის შემცირებისა, მონაწილეებს არ სურდათ ან ვერ ახერხებდნენ წაძინებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ დროს სამსახურში იყვნენ წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტი საქმის კეთება უწევდათ.

მკვლევართა განცხადებით, საჭიროა ბევრი ასეთი კვლევა განვითარებად ქვეყნებში და არა მდიდარი ქვეყნების ძილის ლაბორატორიებში.

მათი აზრით, სამომავლო კვლევები ძილის ხარისხზე უნდა კონცენტრირდეს და არა ხანგრძლივობაზე; მხედველობაში უნდა მივიღოთ ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, მაგალითად, სტრესი და შფოთვა, რაც ხშირია დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებში.

კვლევა The Quarterly Journal of Economics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი