რატომ სძინავთ პატარა ბავშვებსა და ცხოველებს დიდხანს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
რატომ სძინავთ პატარა ბავშვებსა და ცხოველებს დიდხანს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალფეხადგმული ბავშვებისთვის ცხოვრება სავსეა ახალი გამოცდილებებით. ახლახან, მეცნიერებმა ერთი სრულიად ახალი საკვანძო მოვლენა შემატეს ცვლილებათა იმ გრძელ სიას, რომლებიც პატარა ბავშვებში ხდება — დრამატული ცვლილება თავის ტვინის ფუნქციაში, რომელიც ძილს კრიტიკულ მიზანს ანიჭებს.

თავის ტვინის განვითარებასა და მოვლაში ძილის მნიშვნელობის ათწლეულობით კვლევებმა საკმაოდ კარგი წარმოდგენა შეგვიქმნა საკმარისი რაოდენობის ძილის მნიშვნელობაზე.

ამჯერად, ამერიკელმა მეცნიერებმა ძილის უმთავრესი ფუნქციების შესახებ ჩვენს წარმოდგენას ახალი დეტალები შესძინეს; ამისათვის მათ შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ იცვლება ჩვენი ძილის ქცევა ბავშვობის წლებიდან გამოსვლის შემდეგ.

„შოკირებული ვიყავი იმის ნახვით, რამხელა ცვლილება ხდება ძალიან მოკლე დროში და თანაც მაშინ, როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ. ეს გადასვლა ზუსტად ჰგავს მომენტს, როდესაც წყალი ყინულად გარდაიქმნება“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი ვან სავაჯი.

მიუხედავად იმისა, რომ ძილი ისეთი რამაა, რასაც ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად გამოვცდით, მის შესახებ ჯერ მაინც ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ რაც უფრო დეტალურად ვიკვლევ, ვხედავთ, რომ ეს ფუნქცია მით უფრო კომპლექსურია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ძილი ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად ჩამოყალიბდა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ცხოველური სიცოცხლის ამ დროის მხარჯველ ფუნქციას თან ახლდა მრავალი ფსიქოლოგიური ფუნქცია“, — წერენ სავაჯი და მისი კოლეგები.

ძილის პროცესის მთავარი მომენტია ცნობიერების მდგომარეობაში შესვლა, რასაც მოსდევს თვალების მოძრაობა სიზმრის დროს; ამას სწრაფი ძილის ფაზას უწოდებენ.

ზრდასრულებში ეს გრძელდება ჩაძინებიდან დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში და როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმ გამოცდილების გაერთიანებისთვისა და დამახსოვრებისთვის, რაც გაღვიძებამდე მივიღეთ.

ახალშობილები ძილის ნახევარს ამ ფაზაში ატარებენ, მაგრამ უკვე 10 წლის ასაკში, სწრაფი ძილის ფაზა ძილში გატარებული დროის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს. 50 წლის ასაკში მეხსიერების ფორმირების ეს ფაზა ძილის მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს.

შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვილებს სწრაფი ძილის ფაზა ტვინის განვითარების გასაძლიერებლად სჭირდებათ, აგროვებენ გამოცდილებებს, რომლებიც მათ უკვე ფეხის ადგმის შემდეგ გამოადგებათ.

რა ხდება დანარჩენ დროს? უმოქმედობის ეს მონაკვეთი სხეულისთვის კარგი შესაძლებლობაა ნარჩენების გასუფთავებისა და აღდგენისთვის. ძილის ამ ნაწილის დაკლების შემთვევაში გროვდება ნარჩენები, რომლებიც სამომავლოდ ნევროლოგიური დაზიანებების რისკს ზრდის, მაგალითად, დემენციის.

თუმცა, იმ ყველაფრით, რაც ძილის მახასიათებლების შესახებ ვიცით, არ გვაქვს სრულყოფილი მოდელები, რომლებიც უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნიდა იმის შესახებ, როგორ და რატომ ჩამოყალიბდა ის.

ნეირომეცნიერებაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში საკუთარი ცოდნა მკვლევრებმა გამოიყენეს ძილის შესახებ ჩატარებული ათობით კვლევის მონაცემებში, რათა დაედგინათ, არსებობს თუ არა ზოგადი კავშირი სწრაფ ძილში გატარებულ დროსა და სხეულის ზომას შორის ჩვენს განვითარებაში.

მართლაც, მათ აღმოაჩინეს კავშირი სხეულის მასასა და ძილის დროის შემცირებას შორის. ბავშვებში ტვინი სხეულის დანარჩენ ნაწილზე სწრაფად იზრდება და დიდ ფოკუსირებას მოითხოვს კავშირების წარმოქმნაზე.

მიუხედავად ამისა, კავშირი ტვინის ზრდასა და შენარჩუნებას შორის პროპორციულია. მას შემდეგ, რაც ტვინი ასე თუ ისე ჩამოყალიბდება, ძილი ძირითადად საჭიროა მისი მოვლისთვის, ზომის შესაბამისად.

ჩატარდა პირველადი გაზომვები სხვა ცხოველებშიც, რამაც გარკვეული ცნობები მოგვცა ამ მიმართულებით კურდღლების, ვირთხებისა და ზაზუნების განვითარების შესახებ.

ანალიზებმა გამოავლინა სახეობებს შორის თანმიმდევრულობის გასაოცარი რაოდენობა; სწრაფი ძილის ფაზა მათში ადამიანის 2,5 წლის ასაკის ეკვივალენტთან ერთად მცირდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ფუნქცია კრიტიკული უნდა იყოს ძუძუმწოვრების განვითარებაში.

ჯერ ძალიან ადრეა, რომ რაიმე ზოგადი ძლიერი დასკვნა გავაკეთოთ ძუძუმწოვართა განვითარების მოდელიდან, ანდაც გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ის სხვა ცხოველებსაც მოვარგოთ.

თუმცა, ასეთი მათემატიკური მიდგომა მკვლევრებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, ძილის ძირითად დანიშნულებაში მთავარი გარდატეხა ზოგადი ეტაპია მთლიანად ცხოველთა სამეფოს განვითარებაში, თუ უბრალოდ ჩვილი ბავშვების ტვინია ამ მხრივ განსაკუთრებული.

„ამ პერიოდში თავის ტვინი რაღაც საოცარს და მართლა განსხვავებულს აკეთებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ევოლუციური ბიოლოგი ვან სავაჯი.

პატარა ბავშვების თავში მართლაც ბევრი რამ ხდება და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მათაც და თქვენც, რაც შეიძლება ხშირად გჭირდებათ ღამის კარგი ძილი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია santafe.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი