ძველრომაულ გზებს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დღემდე აქვს ერთი უცნაური ეფექტი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ძველრომაულ გზებს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დღემდე აქვს ერთი უცნაური ეფექტი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ძველმა რომაელებმა გზების მშენებლობა მართლაც შესანიშნავად იცოდნენ; ამჯერად, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ რუკაზე დატანილი ათასობით წლის წინანდელი გზები დღემდე დაკავშირებულია რეგიონებთან, რომლებიც ამ დრომდე კეთილდღეობით გამოირჩევა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ თქვენ 2000-ზე მეტი წლის წინ აშენებულ რომაულ საგზაო ქსელთან ახლოს ცხოვრობთ, დიდი ალბათობით, თქვენ შედარებით მდიდარ ზონაში ცხოვრობთ. ვაჭრობა, მოგება და განვითარება, რის საშუალებასაც ეს გზები იძლეოდა, დღემდე მნიშვნელოვანია.

თუმცა, ამ გზების თავდაპირველი დანიშნულება ეს არ ყოფილა; ძველრომაელები გზებს ძირითადად ჯარების გადაადგილების გასაადვილებლად აგებდნენ. დროთა განმავლობაში, გზებმა მნიშვნელოვანი ქალაქებისა და დასახლებების ერთმანეთთან დაკავშირება დაიწყო.

„გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამე მოერგო თანამედროვე ვითარებებს. თუმცა, საოცარია, რომ როგორც ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომაულმა გზებმა ხელი შეუწყო ქალაქების კონცენტრაციას და მათ გასწვრივ ეკონომიკურ აქტივობას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს აღარ არსებობს და ახალი გზებით არის დაფარული“, — ამბობს შვედეთის ქალაქ გოტენბურგის უნივერსიტეტის ეკონომისტი ოლა ოლსონი.

გაფართოების პიკში, ახ. წ. მეორე საუკუნის დასაწყისში, რომის იმპერიაში აშენებული იყო ჯამში დაახლოებით 80 000 კმ სიგრძის გზა; სამხედრო მომარაგების პირველი გზის მშენებლობა იქ ძვ. წ. 312 წელს დაიწყო.

რომის იმპერიის გზების რუკები მკვლევრებმა მაღლიდან გადაადეს თანამედროვე გზების თანამგზავრულ ფოტოებს; ეკონომიკური აქტივობის მიახლოებით ინდიკატორად გამოიყენეს ღამის განათების სიძლიერე. დეტალური ანალიზისთვის, რუკა მცირე უჯრედებად დაიყო, გრძედის ერთი გრადუსი გაზომეს განედის ერთი გრადუსით.

როგორც ჯგუფი იუწყება, გამოიკვეთა „გამძლეობის გამორჩეული ნიმუში“ რომაული გზების მარშრუტებსა და თანამედროვე ეკონომიკურ აქტივობას შორის, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი რომაული ინფრასტრუქტურა დღეს მთლიანად გამქრალია.

უცნობია, ამ გზებმა ეკონომიკურ აყვავებას შეუწყო ხელი თუ უკვე აყვავებულ მარშრუტთა გასწვრივ აშენდა, მაგრამ არსებობს მინიშნებები, რომლებიც პირველ მოსაზრებას უჭერს მხარს, ანუ, გზების მიზანი ვაჭრობისა და კეთილდღეობის ზრდა იყო. მკვლევართა განცხადებით, გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო ამ გზებზე საბაზრო ქალაქების გამოჩენა.

„კვლევის ამ სფეროში ეს დიდი გამოწვევაა. ეს კვლევა იმითაც არის საინტერესო, რომ თავად ეს გზები გაქრა და რომის იმპერიის დაცემის შემდეგ დასავლეთ ევროპაში გამეფებულ ქაოსს ეკონომიკური სტრუქტურისთვის მიმართულება უნდა შეეცვალა. მიუხედავად ამისა, ურბანული მახასიათებლები მაინც გადარჩა“, — ომბობს ოლსენი.

თუმცა, კვლევის შედეგები ყველგან თანმიმდევრული არ აღმოჩნდა: ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც აქლემების ქარავნები ახ. წ. მე-4 – მე-6 საუკუნეში ბორბლიანმა ტრანსპორტმა ჩაანაცვლა, რომაული გზები არც აშენებულა და არც ჩანაცვლებულა.

ამ რეგიონებში არ გამოიკვეთა კავშირი ძველ გზებსა და თანამედროვე ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის, ზოგადად, იქ ნაკლები ეკონომიკური კეთილდღეობაა. მკვლევრები კვლავაც აღნიშნავენ, რომ გადამწყვეტია საბაზრო ქალაქები, ანუ ამ შემთხვევაში მათი არარსებობა.

კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი უნდა იყოს მომავალი ინფრასტრუქტურის დაგეგმვაშიც. გადაწყვეტილებებს გზისა და რკინიგზის გაყვანის ადგილების შესახებ, აქვს პოტენციალი, რომ მოცემულ ზონაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკური კლიმატი; და როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ასეთმა გაუმჯობესებამ შეიძლება ძალიან დიდხანს გასტანოს.

კვლევა Journal of Comparative Economics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია gu.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.