ვულკანმა ვეზუვიმ პომპეის მოსახლეობა 15 წუთში გაანადგურა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ვულკანმა ვეზუვიმ პომპეის მოსახლეობა 15 წუთში გაანადგურა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის მიერ ამოტყორცნილმა ფერფლისა და გაზის ღრუბელმა ქალაქ პომპეის მცხოვრებლები 15 წუთში დახოცა. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს.

ძველრომაული ქალაქის 2000-მდე მოსახლემ გაქცევა ვერსად შეძლო; ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ, მაგრამ არა ლავით წალეკვის მიზეზით, არამედ გაზებითა და ფერფლით გამოწვეული ასფიქსიის შედეგად, შემდეგ კი ყველაფერი ლავამ შთანთქა უძველესი ქალაქი ათასწლეულების შემდეგაც დროში გაშეშებული შემოგვინახა.

იტალიის ქალაქ ბარის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა დეპარტამენტის, იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) და ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის მეცნიერთა მიერ ერთობლივად ჩატარებულმა კვლევამ ე. წ. პიროკლასტური დინების ხანგრძლივობა განსაზღვრა, ანუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ლავის გამყარებული, მკვრივი ნაჭრების, ვულკანური ფერფლისა და გაზების დინება, რომელმაც რომაულ ქალაქს ვულკანის ამოფრქვევიდან რამდენიმე წუთში დაარტყა.

„სასიკვდილო ღრუბლის ტემპერატურა 100 გრადუსს აღემატებოდა, შედგებოდა CO2-ის, ქლორიდების, გავარვარებული ფერფლისა და ვულკანური მინების ნაწილაკებისგან“, — ამბობს იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) ვეზუვის ობსერვატორიის უფროსი მკვლევარი რობერტო ისაია.

მისივე თქმით, ახალი კვლევის მიზანი იყო მოდელის შექმნა, რომლის საშუალებითაც შეეცდებოდნენ ვეზუვის მთიდან 10 კილომეტრში მდებარე ქალაქ პომპეისთვის პიროკლასტური ნაკადების მიერ მიყენებული ზიანის გარკვევას რა რაოდენობრივ შეფასებას.

კვლევა ადასტურებს, რომ მოსახლეობა არ გაქცეულა და ადამიანთა უმეტესობა საკუთარ სახლსა და საწოლში, ანდაც ქალაქის ქუჩებში და მოედნებზე გაიგუდა. ისაიას მოდელის მიხედვით, გაზებს, ფერფლსა და ვულკანურ ნაწილაკებს ქალაქი დაახლოებით 10-20 წუთში უნდა შთაენთქა.

„სავარაუდოდ, ბევრი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა ვულკანიდან ამოტყორცნილი ქვის ნატეხების წვიმის მსხვერპლი, რომელიც პომპეის ამოფრქვევის შემდეგ დაატყდა თავს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ასფიქსიით დაიღუპა“, — ამბობს ისაია და იქვე დასძენს, რომ პიროკლასტურ ნაკადს პომპეიმდე ვულკანის აფეთქებიდან რამდენიმე წუთში უნდა მიეღწია.

მისი განცხადებით, ასეთ ჯოჯოხეთურ ღრუბელს შიგნით მოქცეულთათვის ეს 15 წუთი დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.

„მათ ალბათ ვერც კი წარმოიდგინეს, რა ხდებოდა. პომპეის მოსახლეობას ხშირად ახსენებდა თავს მიწისძვრები, მაგრამ არა ამოფრქვევები. შესაბამისად, ეს მოვლენა მათთვის ძალიან გასაკვირი უნდა ყოფილიყო და ვიდრე რაიმეს გაცნობიერებას შეძლებდნენ, მათი ქალაქი ფერფლის ღრუბელმა შთანთქა“, — ამბობს ისაია.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (INGV) პიროკლასტურ ნაკადებს აღწერს, როგორც „ფეთქებადი ამოფრქვევების ყველაზე გამანადგურებელ დარტყმას“.

„ზვავისებური ნაკადისგან განსხვავებით, ისინი წარმოქმნილია ამოფრქვევის სვეტის (სუპერცხელი ფერფლისა და სხვა პროდუქტების ღრუბელი) კოლაფსით. ამ გზით გაჩენილი ცხელი, ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციის მქონე ვულკანური ფერფლი მთის კალთებს თავქვე მიუყვება ასობით კმ/სთ სიჩქარით“, — წერია კვლევაში.

დღეისათვის, პომპეის ნანგრევები იტალიის მეორე ყველაზე მონახულებადი არქეოლოგიური ძეგლია რომის კოლიზეუმის შემდეგ.

მომზადებულია TheGuardian.com-ის მიხედვით.