პომპეის სიახლოვეს თითქმის ხელუხლებელი ძველრომაული სააღლუმო ეტლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პომპეის სიახლოვეს თითქმის ხელუხლებელი ძველრომაული სააღლუმო ეტლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

იტალიაში, ვულკანის მიერ ჩამარხულ ქალაქ პომპეის სიახლოვეს თითქმის ხელუხლებელი რომაული დახვეწილი ეტლი აღმოაჩინეს. არქეოლოგთა განცხადებით, აღმოჩენა უნიკალურია.

ოთხბორბლიანი სააღლუმო ეტლი თავლაში იპოვეს, სადაც 2018 წელს ასევე აღმოაჩინეს სამი ცხენების ჩონჩხი, მათ შორის ერთს აღკაზმულობაც კი შემორჩენილი ჰქონდა.

ქალაქი პომპეი ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვიდან ამოფრქვეულმა ლავამ შთანთქა, რასაც 2000 – 20 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„აღმოვაჩინეთ თითქმის ხელუხლებელი, მოზრდილი საცერემონიო ოთხთვლიანი ეტლი რკინის კომპონენტებითა და ბრინჯაოსა და კალის ულამაზესი დეკორაციებით, მინერალიზებული მერქნის ნაშთებითა და ორგანული მასალების ტვიფრებით“, — წერენ არქეოლოგები განცხადებაში.

მათივე თქმით, აღმოჩენა განსაკუთრებულია და შენახვის ბრწყინვალე მდგომარეობის მხრივ, იტალიაში ამ დრომდე ანალოგი არ აქვს.

გათხრების ადგილს ჩივიტა ჯულიანას უწოდებენ და წარმოადგენს ქალაქგარე ვილას უძველეს ქალაქ პომპეიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით.

გათხრები ჩატარდა პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც ამ ზონაში არალეგალურ საქმიანობასთან ბრძოლაა — ადამიანთა ჯგუფები უკანონოდ თხრიან გვირაბებს და ეძებენ არტეფაქტებს, რომლებსაც შემდეგ შავ ბაზარზე ყიდიან.

როგორც ჩანს, მძარცველებს გადაურჩათ ორივე მხრიან გამოთხრილი ოთახი, რომელშიც ეტლი თითქმის 2000 წლის განმავლობაში იყო მოთავსებული.

სპეციალისტებმა ეტლი მიწიდან დიდი სიფრთხილით ამოიღეს, რათა არ დაკარგულიყო ორგანული მასალებით შესრულებული, უკვე გახრწნილი ტვიფრები.

„ყოველი ახალი აღმოჩენით პომპეი ჩვენს გაოცებას განაგრძობს და ალბათ ასე იქნება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, რადგან კიდევ 20 ჰექტარი ტერიტორია გვაქვს გასათხრელი“, — ამბობს იტალიის კულტურის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი.

პომპეის გამორჩეული, კარგად შენახული ნაშთები ნელ-ნელა გამოდის დღის სინათლეზე. ის იტალიის მესამე ყველაზე მონახულებადი ტურისტული ძეგლია, რომელსაც 2019 წელს 3,9 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.

უძველესი ქალაქი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული იყო, მაგრამ 2021 წლის 18 იანვარს მნახველთათვის კვლავ გაიხსნა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.