არქტიკის მყინვარებმა შესაძლოა, რომის იმპერიის ისტორია ხელახლა დაწეროს
არქტიკის მყინვარებმა შესაძლოა, რომის იმპერიის ისტორია ხელახლა დაწეროს

მკვლევართა ჯგუფი რომის იმპერიის ეკონომიკის სრულიად ახალი დეტალების გარკვევას ცდილობს. ამაში მათ უძველესი პოლარული ყინული ეხმარება. კვლევის შედეგად, ისტორიკოსებმა შესაძლოა, გაცილებით მეტი შეიტყონ რომის იმპერიის ძალაუფლების შესახებ.

არქტიკული მყინვარები ალბათ ბოლო ადგილია, სადაც კი შეიძლება, რომ ვინმემ რომის ისტორიის ძიება გადაწყვიტოს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მყინვარები უზარმაზარ ინფორმაციას ინახავენ ჩვენი პლანეტის წარსულის შესახებ. არქტიკაში წყლის დიდი ნაწილი იყინება, მაგრამ აღარასოდეს დნება. შესაბამისად, ყინულები ხშირად ათასობით წელს ძლებს.


ამ ყინულებში შემონახულია იმ ატმოსფეროს ნიმუშები, რომელიც გაყინვის დროს არსებობდა. შესაბამისად, კლიმატის მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ისტორიის რამდენიმე ათასწლიან მონაკვეთებში.

თუმცა, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გარდა კიდევ გაცილებით მეტი რამ არის. შესაბამისად, სხვა შემადგენელთა საშუალებით, მკვლევრებს შეუძლიათ ფარდა ახადონ უძველესი ისტორიის მრავალ საინტერესო დეტალს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მკვლევრები ტყვიის კვალს ეძებდნენ — ძველ რომში, მაღაროებში ვერცხლის მოპოვებისა და რაფინირების პროცესში, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა ტყვია.

მკვლევართა აზრით, ატმოსფეროში არსებული ბევრი ტყვია მიუთითებს რომაულ მაღაროებში უფრო ბევრი ვერცხლის წარმოებაზე. ბევრი ვერცხლი კი უდავოდ ნიშნავს უფრო ძლიერ რომის იმპერიას. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები ალბათ ვერასოდეს გაარკვევენ რომის იმპერიის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) წლიდან-წლამდე, ადვილად შეუძლიათ განსაზღვრონ ატმოსფეროში ტყვიის შემცველობა წლიდან წლამდე.


ტყვიის კვალმა მეცნიერებს უკვე უამბო მრავალი ისეთი დეტალი, რომელთა შესახებ აქამდეც კარგად იცოდნენ. მაგალითად, ტყვიის ოდენობა გაზრდილია ისეთ აყვავებულ ხანაში, როგორიც იყო ე. წ. პაქს-რომანა (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 180). გარდა ამისა, ტყვიის შემცირებული ოდენობა შეიმჩნევა ეპიდემიებისა და შემოსევების დროს.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ამ მეთოდით კვლევის შედეგად, დღის სინათლეს იხილავს რომის იმპერიის აქამდე უცნობი მრავალი საინტერესო ცნობა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით