არქტიკაში ტბები საგანგაშო მაჩვენებლით შრება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
არქტიკაში ტბები საგანგაშო მაჩვენებლით შრება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

არქტიკისთვის დანაკარგები უცხო არ არის. ეს რეგიონი მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად დნება და შედეგად, ინგრევა მყინვარები, ზიანდება ველური ბუნება და ჰაბიტატი გაქრობას რეკორდული მაჩვენებლით აგრძელებს.

ახლახან, კიდევ ერთი საფრთხე გამოაშკარავდა: არქტიკული ტბები შრება. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა გლობალურ კლიმატურ დაფაზე ახალ გამაფრთხილებელ შუქს ანთებს.

ამ კვლევის მიხედვით, გასული 20 წლის განმავლობაში, არქტიკული ტბები ზომაში შემცირდა ან მთლიანად დაშრა პან-არქტიკაში — რეგიონში, რომელიც მოქცეულია კანადის, რუსეთის, გრენლანდიის, სკანდინავიისა და ალასკის ჩრდილოეთ ნაწილებში. კვლევის შედეგები გვაძლევს მინიშნებებს იმის შესახებ, რატომ ხდება ტბების მასობრივი დაშრობა და როგორ შეიძლება ეს პროცესი შევანელოთ.

ეს ტბები არქტიკის ეკოსისტემის ქვაკუთხედია. წარმოადგენს მტკნარი წყლის სასიცოცხლო წყაროს ადგილობრივი საზოგადოებებისა და წარმოებისთვის. ტბის ჰაბიტატზეა დამოკიდებული საფრთხის ქვეშ მყოფი მრავალი სახეობა, მათ შორის გადამფრენი ფრინველები და წყლის არსებები.

ტბებში წყლის დონის შემცირება მოულოდნელი აღმოჩნდა. მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ კლიმატის ცვლილებას ტუნდრაში ტბები თავდაპირველად უნდა გაეზარდა, რადგან ხმელეთის ყინულის დნობისას, იცვლება მიწის ზედაპირი; შემდეგ კი, 21-ე საუკუნის შუა პერიოდში ან 22-ე საუკუნეში თანდათან უნდა დამშრალიყო.

ამის ნაცვლად, მრავალწლოვანი მზრალობის, ანუ არქტიკის გაყინული ნიადაგის დნობამ შეიძლება ტბების ჩაჟონვა გამოიწვიოს და ამან ზომაში მატების ეფექტის გადააჭარბოს. მკვლევართა აზრით, გაყინული ნიადაგების დნობა ტბებს იმიტომ შეიძლება ამცირებდეს, რომ წარმოქმნიდეს სადრენაჟო არხებს და ტბებში ზრდიდეს ნიადაგის ეროზიას.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ გაყინული ნიადაგების დნობა იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე წარმოგვედგინა. ასევე მიუთითებს, რომ ეს რეგიონი სავარაუდოდ ადგას ისეთ ტრაექტორიას, რომ მომავალში ლანდშაფტში უფრო მეტი დრენაჟი გამოჩნდება“, — ამბობს კვლევის ავტორი ელიზაბეთ ვები.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ტემპერატურის მატების გარდა, გაყინული ნიადაგების დეგრადირებას და ტბების გაჟონვას იწვევს შემოდგომით გაზრდილი წვიმები.

„შეიძლება ურთიერთგამომრიცხავად მოგეჩვენოთ, რომ წვიმების რაოდენობის ზრდა ტბის ზედაპირის წყალს ამცირებს, მაგრამ როგორც ჩანს, ამის ფიზიკური ახსნა უკვე არსებობს სამეცნიერო ლიტერატურაში: წვიმის წყალი ნიადაგს ათბობს და გაყინული ნიადაგის დნობას აჩქარებს, რაც მიწისქვეშა არხებს ხსნის და იქიდან წყალი იჟონება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ჯერემი ლიხშტაინი.

თუკი დამნაშავე გაყინული ნიადაგების დნობაა, ამბავი ძლიერ არასასიამოვნოა. არქტიკის გაყინული ნიადაგები ორგანული მასალებისა და მცენარეების გამათბობელი აირების ბუნებრივი საცავია.

„გაყინული ნიადაგი ატმოსფეროზე თითქმის ორჯერ მეტ ნახშირბადს ინახავს. მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ ამ ნიადაგების დნობის შედეგად, ნახშირბადი მოწყვლადი ხდება და ატმოსფეროში მეთანისა და ნახშირორჟანგის სახით გამოიყოფა“, — ამბობს ვები.

არის ერთი კარგი ამბავიც. ტბების დინამიკის წინა მოდელები პროგნოზირებდა, რომ ტბის გაფართოებას მიმდებარედ გაყინული ნიადაგების დნობა უნდა გამოეწვია. თუმცა, ვინაიდან ტბები შრება, მათ ახლომახლო გაყინული ნიადაგები ისე სწრაფად აღარ გადნება.

ვების ჯგუფმა კვლევაში თანამგზავრული მონაცემები გამოიყენა, რომელთა საფუძველზეც გამოიკვეთა არქტიკის მასშტაბით ზედაპირის წყლების დაკარგვის დიდი ტენდენცია.

კვლევა Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ufl.edu-ს მიხედვით.