1994 წლიდან დღემდე 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა — დედამიწა ყველაზე უარესი სცენარებისკენ მიექანება #1tvმეცნიერება
1994 წლიდან დღემდე 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა — დედამიწა ყველაზე უარესი სცენარებისკენ მიექანება #1tvმეცნიერება

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ყინულის დნობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში სწრაფდება — ხმელეთზე და წყალში, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ნახევარსფეროში.

თანამგზავრული მონაცემებით ირკვევა, რომ 1994 წლიდან დღემდე, გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე, არქტიკასა და სამხრეთის ოკეანეებში 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა.

საერთო ჯამში, დანაკარგი შეადგენს დაახლოებით გაერთიანებული სამეფოს ზომის 100 მეტრის სისქის ყინულის ფენას. მასის ნახევარზე მეტი მოდის ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისა და ანტარქტიდის ყინულის ნადნობ წყალზე.

„ყინულოვანი საფარი გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ კლიმატის განგაშის თვალსაზრისით განხილულ ყველაზე უარეს სცენარებს მიჰყვება. ზღვის დონის ამ მასშტაბით მატებას, ამ საუკუნეში ძალიან სერიოზული გავლენა ექნება სანაპირო ზოლში მცხოვრებ საზოგადოებებზე“, — ამბობს ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარი თომას სლატერი, რომელიც ხმელეთისა და წყლის ყინულის ალტიმეტრიას სწავლობს.

ჩვენ გარშემო ზუსტად ის ხდება, რაზეც მეცნიერები რამდენიმე ათეული წლის წინ გვაფრთხილებდნენ, რეალობამ საბოლოოდ მიგვიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც შეჩერების რაიმე ნიშანი უკვე აღარ ჩანს.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ 23-წლიან პერიოდში, მკვლევრებმა გლობალური ყინულის კარგვის მაჩვენებლის დაახლოებით 60-პროცენტიანი ზრდა იხილეს.

მხოლოდ შარშან, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ყინულის საფარის მოცულობამ 1979 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, ანუ მას შემდეგ, რაც გამოსახულებების თანამგზავრული ჩაწერა დაიწყო; ანტარქტიდაზე კი დნობის მაჩვენებელი იმაზე გაცილებით უარესი იყო, ვიდრე რომელიმე ექსპერტი ვარაუდობდა.

დედამიწის ყინულის დანაკარგები ცალსახად იმატებს, თანაც საშინელი შედეგებით. გრძელდება ატმოსფერული ტემპერატურის მატება, იგივე ხდება ოკეანეშიც, კლიმატის ცვლილებას ნებდება ზღვის ყინული და მთის მყინვარები მთელ მსოფლიოში.

როგორც თანამგზავრული დაკვირვებები აჩვენებს, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად მყინვარებს ურტყამს, განსაკუთრებით გრენლანდიაში, ალასკასა და სამხრეთ ანდებში. მიუხედავად იმისა, რომ მყინვარებზე დედამიწის ყინულის მთლიანი მოცულობის მხოლოდ 1 პროცენტი მოდის, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათზე მოდის ყინულის გლობალური დანაკარგების თითქმის მეოთხედი.

თანამგზავრული დაკვირვებებით დგინდება, რომ 1994-2017 წლებს შორის გრენლანდიის მთის მყინვარებზე გადნა 6,1 ტრილიონი ტონა ყინული, 2,5 ტრილიონი ტონა კი ანტარქტიდის ყინულოვან საფარზე.

საერთო ჯამში ეს ნიშნავს ზღვის დონის 35 მილიმეტრით აწევას; მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ყინულმა შედარებით მდგრადობა აჩვენა, კოლაფსი იქაც იწყება.

2012 წლიდან, ანტარქტიდაზე ყინულის დანაკარგის მაჩვენებელი გასამმაგდა წინა ორ ათწლეულთან შედარებით; მიზეზი ძირითადად მყინვარებისა და შელფური მყინვარების დნობაა.

ატმოსფერული ტემპერატურის მატებამ გავლენის მოხდენა დაიწყო ზღვის ყინულზეც, რამაც ყინულის ყველაზე ძველი და სქელი ფილების რღვევა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის დნობას პირდაპირი გავლენა არ აქვს ზღვის დონის მატებაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„არქტიკის ყინულის ერთ-ერთი საკვანძო როლი არის მზის რადიაციის უკან, კოსმოსში არეკვლა, რაც არქტიკაში სიცივეს გვინარჩუნებს“, — განმარტავს იოსებელ ლოურენსი, რომელიც ლიდსის უნივერსიტეტში ზღვის ყინულის დისტანციური ზონდირების სპეციალისტია.

მისივე თქმით, ყინულის შემცირებასთან ერთად, ოკეანე და ატმოსფერო მზის უფრო მეტ ენერგიას შთანთქავს, რაც არქტიკის იმაზე უფრო სწრაფ გათბობას იწვევს, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამისას პლანეტაზე. ეს კი აჩქარებს არა მხოლოდ ზღვის ყინულის დნობას, არამედ ამწვავებს მყინვარებისა და ყინულოვანი საფარის დნობასაც, რასაც უკვე ზღვის დონის აწევა მოსდევს.

ექსპერტების პროგნოზით, ზღვის ყოველ აწეულ სანტიმეტრზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საფრთხის ქვეშ დგება მილიონი ადამიანი. გარდა ამისა, მთის მყინვარები მტკნარი წყლის ძირითადი წყაროა მრავალი ადგილობრივი საზოგადოებისთვის.

მონაცემების ზრდასთან ერთად, სულ უფრო სავარაუდო ხდება ის სცენარი, რომლისაც მეცნიერებს ყველაზე მეტად ეშინოდათ.

თუ ყველაფერი ამ მაჩვენებლებით გაგრძელდა, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ არქტიკაში 2035 წლისთვის ყინული აღარ იქნება.

სხვა კვლევები კი მიუთითებს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობამ უკვე გადალახა უკან არდაბრუნების წერტილი.

რაც შეეხება დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს, ანტარქტიდის ყინულოვან საფარზე მოთავსებულ შელფურ მყინვართა ნახევარზე მეტი მდგრადობის დაკარგვის ზღვარზეა.

საითაც არ უნდა გავიხედოთ, დედამიწის ყინულოვანი საფარი ყველა მხრიდან კატასტროფის წინაშეა.

კვლევა ჟურნალ The Cryosphere-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია leeds.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი