პომპეიში ვულკანის მიერ ჩამარხული ძველრომაული მშენებარე სახლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პომპეიში ვულკანის მიერ ჩამარხული ძველრომაული მშენებარე სახლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

არქეოლოგებმა უჩვეულო განძი აღმოაჩინეს, რომელიც თითქმის 2000 წლის განმავლობაში იმალებოდა ახ. წ. 79 წელს ამოფრქვეული ვულკანის, ვეზუვის ფერფლისა და ლავის ქვეშ.

უძველესი სახლის, იგივე დომუსის ოთახებში მიმდინარე გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ბრწყინვალედ შემონახული მშენებარე ძეგლი. მათ შორის არის ხელსაწყოები, გამოუყენებელი ფილები, ტუფისგან გამოთლილი აგურები და კირის გროვა ძველრომაულ ბეტონში შესარევად.

სახლის რემონტი შეიძლება არაფრით იყოს გამორჩეული, მაგრამ აღმოჩენა საკმაოდ კარგ ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ აშენებდნენ ძველრომაელები საცხოვრებელ სახლებს. ასევე გვაწვდის ახალ ინფორმაციას იმ ნაგებობათა მშენებლობის მეთოდების შესახებ, რომლებიც ათასობით წლის შემდეგ, დღემდე დგანან.

„რეგიონ IX-ში მიმდინარე გათხრებმა მნიშვნელოვანი ცნობები მოგვცა ამ უძველესი ქალაქის შესახებ“, — ამბობს იტალიის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი მასიმო ოსანა.

ისტორიკოსებსა და მეცნიერებს აინტერესებთ, როგორ ცხოვრობდნენ ანტიკური ხანის ადამიანები, მაგრამ ინფორმაციის დიდი ნაწილი დროშია დაკარგული. ხელთ გვაქვს ნანგრევები, ობიექტები და მათი ფრაგმენტები, ძვლები და თუ გაგვიმართლა, ხელნაწერებიც. თუმცა, პომპეი სულ სხვა სამეფოა.

პომპეის ხალხს თავს საზარელი ტრაგედია დაატყდა. ახ. წ. 79 წელს, ქალაქი ვულკანურ ფერფლში ჩაიმარხა, რამაც ის დღემდე შემოგვინახა. ამჯერად, არქეოლოგებმა დროში გაყინული კიდევ ერთი მომენტი აღმოაჩინეს. გათხრები საკმაოდ შრომატევადია და დღემდე გრძელდება — თანდათანობით ჩვენ წინაშე გამოაქვს ქალაქის ანტიკურ მცხოვრებთა ყოველდღიურობის საოცარი დეტალები.

მშენებარე ძეგლი აღმოაჩინეს სახლში, რომელზე მიმდინარე გათხრებისასაც დადგინდა, რომ ის მცხობელს ეკუთვნოდა, ჰქონდა დიდი ღუმელიც.

სახლში ასევე აღმოაჩინეს ნახატი, რომელზეც გამოსახულია ბრტყელი პური და ჭიქა ღვინო, ასევე საარჩევნო მანიფესტები, რომლებშიც ჩანს პოლიტიკოსის, სახელად აულუს ტუსტიუს ვერუსის მხარდაჭერა. საცხობთან ახლოს იპოვეს პომპეის სამი მსხვერპლის სხეული — ორი ქალის და ერთი ბიჭის.

სახლში მუშაობისას, არქეოლოგებმა თანდათან მშენებლობის მტკიცებულებას მიაგნეს. ნაწილობრივ გადაფარებულ ატრიუმში (შიდა ეზო) იყო სამშენებლო მასალების ბლოკები და სამაგრები ტაბლინისკენ, ანუ მისაღები ოთახისკენ მიმავალ კარზე.

ლარარიუმში, სადაც სახლის სალოცავი ინახებოდა, მიაგნეს ამფორებს, რომლებშიც სავარაუდოდ კედლების შესალეს თაბაშირს ურევდნენ.

აღმოჩენა ადასტურებს რომაული ბეტონის შერევის მეთოდს, რომელსაც მხოლოდ შარშანღა მიაგნეს. იქამდე მიიჩნეოდა, რომ კირს ჯერ წყალში ურევდნენ, შემდეგ კი მშრალ ქვიშას, სახელად პოცოლანას ურევდნენ და ასე იღებდნენ ბეტონს.

ანალიზებით დადგინდა, რომ სულაც არ იყო აუცილებელი ასე მოქცევა. ამის ნაცვლად, ერთმანეთში ურევდნენ მშრალ კირქვას და მშრალ პოცოლანას, შემდეგ კი ძალიან ცხელ წყალს ასხამდნენ, რათა მიეღოთ გამძლე, სწრაფად შრობადი და თვითაღდგენადი ბეტონი.

ახლად აღმოჩენილ სამშენებლო ძეგლზე ნაპოვნი მასალები ამ მეთოდს ადასტურებს.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რამდენი რამ გვასწავლე რომის იმპერიის შესახებ პატარა ქალაქმა პომპეიმ, რომ აღარაფერი ვთქვათ ბეტონის გამოყენებაზე.

დროში დაკარგულმა მშენებლობის ასეთი მეთოდების აღმოჩენამ, შეიძლება გარკვეულ ინოვაციებამდე მიგვიყვანოს დღესაც კი, თუნდაც დაზიანებული ნაგებობების აღდგენის თვალსაზრისით.

მომზადებულია pompeiisites.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.