ზღვიდან ამოღებული ჭურჭლის ანალიზი ძველრომაული ღვინის შესახებ დეტალებს გვიმხელს — #1tvმეცნიერება
ზღვიდან ამოღებული ჭურჭლის ანალიზი ძველრომაული ღვინის შესახებ დეტალებს გვიმხელს — #1tvმეცნიერება

რომაულ ეპოქაში, თანამედროვე იტალიის სანაპიროზე, მეღვინეებისთვის შეიძლება ჩვეულებრივი ნორმა ყოფილიყო ადგილობრივად მოწეული ყურძენი და იმპორტირებული დოქები. ამაზე მიუთითებს ქალაქ სან-ფელიჩე-ჩირჩეოს ნაპირზე ზღვიდან ამოღებული ჭურჭელი.

ზღვიდან ამოიღეს და შეისწავლეს ღვინის სამი სხვადასხვა ჭურჭელი, იგივე ამფორა, რამაც მეცნიერებს სასარგებლო ცნობები მისცა ამ კონკრეტულ რეგიონის მეღვინეობის შესახებ ძვ. წ. I-II საუკუნეებში.

კვლევა განსაკუთრებით გამორჩეულია იმით, რომ აერთიანებს ქიმიური ანალიზის ერთ-ერთი უახლესი მეთოდებისა და არქეოლოგიაში გამოყენებული სხვა მიდგომების კომბინაციას; შედეგად, ამ ჭურჭლის შესახებ უფრო მეტი რამ გაირკვა, ვიდრე სხვა მხრივ იქნებოდა შესაძლებელი.

„2018 წელს სან-ფელიჩე-ჩირჩეოს უძველესი ნავსადგურიდან ამოღებული ამფორები იშვიათ შანსს გვთავაზობს ინტერდისციპლინური კვლევისთვის, არქეოლოგიური და ქიმიური ანალიზების გზით“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ერთ-ერთი ლაბორატორიული მეთოდი, რომელიც გამოიყენეს, იყო აირების ქრომატოგრაფიისა და მასის სპექტრომეტრიის კომბინაცია, მასალაში ქიმიური მარკერების გამოცალკევებისა და იდენტიფიცირების სხვადასხვა გზები — ამ შემთხვევაში, ქილებში ჩარჩენილ ორგანულ მასალებზე.

ნარჩენებში მკვლევრები ასევე ეძებდნენ ყვავილის მტვერს. ამ სახის ანალიზები აქამდეც ჩატარებულა, მაგრამ არც ისე ხშირად ღვინის ასეთ ჭურჭელზე; ამავე დროს, იშვიათად ჩატარებულა არტეფაქტის ფართო ისტორიული კონტექსტის გარკვევის მიზნით.

ყურძნის ყვავილის მტვრის დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ დოქებს იყენებდნენ როგორც წითელი, ისე თეთრი ღვინისთვის; ირკვევა ისიც, რომ გამოიყენებოდა ადგილობრივი ყურძენი, მაგრამ უცნობია, იყო თუ არა ეს მცენარეები იმ დროს მოშინაურებული.

ამას გარდა, ფიჭვის კვალი მიუთითებს, რომ ამ მცენარეს დოქების დასალუქად და სავარაუდოდ ღვინისთვის გემოს მისაცემად იყენებდნენ. მკვლევართა განცხადებით, დოქები, რომლებშიც ფიჭვის კვალი აღმოჩნდა, რეგიონის გარედან უნდა ყოფილიყო შეტანილი, სავარაუდოდ, კალაბრიიდან ან სიცილიიდან.

„ყვავილის მტვრისა და ნახშირის შემცველობამ უკეთესი წარმოდგენა შეგვიქმნა დოქების წარმოშობის შესახებ, რაც მხოლოდ ორგანულ ნარჩენთა ანალიზით შეუძლებელი იქნებოდა“, — წერენ მკვლევრები.

პატარა ქალაქი სან-ფელიჩე-ჩირჩეო რომიდან 90 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. მის უბეში ასევე აღმოაჩინეს კერამიკის სხვა რამდენიმე არტეფაქტიც. არქეოლოგთა აზრით, ეს ზონა ერთ-ერთი რომაული არხის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო.

მართალია, მკვლევრები ბოლომდე დარწმუნებული არ არიან კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ინტერდისციპლინური მეთოდების გამოყენებამ მათ მნიშვნელოვნად გაუადვილა ჭურჭლის ნარჩენების ქიმიური შემადგენლობის ანალიზი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა ისტორიულ და არქეოლოგიურ ნაშთებზე ასეთივე ქიმიური და ბოტანიკური მეთოდების კომბინაცია ძლიერ ეფექტიანი იქნება.

კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.