ხელოვნურმა ინტელექტმა ვულკან ვეზუვის ფერფლში ჩამარხული უძველესი გრაგნილი გაშიფრა — #1tvმეცნიერება
ხელოვნურმა ინტელექტმა ვულკან ვეზუვის ფერფლში ჩამარხული უძველესი გრაგნილი გაშიფრა — #1tvმეცნიერება

ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთულია გახსნა 2000 წლის წინ ვულკან ვეზუვის მიერ ამოფრქვეული ფერფლის მიწაყრილების ქვეშ მოყოლილი პაპირუსის გრაგნილი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წაკითხვაზე. თუმცა, ხელოვნურმა ინტელექტმა მშვენიერ გზას მიაგნო.

მარტში, კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კონკურს Vesuvius Challenge გაუშვეს, რომლის ფარგლებშიც გამოაქვეყნეს დანახშირებული ჰერკულანუმის გრაგნილების რენტგენული ფოტოები და ხელოვნური ინტელექტის გაუწვრთნელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება მათ გაშიფვრაში ყოფილიყო გამოსადეგი.

ორმა სტუდენტმა ამ საქმეში უკვე მიაღწია წარმატებას: ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა სტუდენტმა ლიუკ ფარიტორმა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიორობოტიკის სტუდენტმა იოსეფ ნადერმა.

ფარიოტმა და ნადერმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოავლინეს სიტყვა „πορϕυρας“ (პორფირასი), რაც „მეწამულს“ ნიშნავს და რომელიც ხელოვნური ინტელექტის ამ პროგრამული უზრუნველყოფის მიერ გაშიფრული პირველი სიტყვა გახდა.

პომპეი

ძველ რომში, მეწამული მნიშვნელოვან ფერს წარმოადგენდა და ხშირად, სიმდიდრესა და სტატუსს განასახიერებდა. მეცნიერთა აზრით, ეს სიტყვა შეიძლება მიესადაგებოდეს სამოსს ან წოდებას, მაგრამ დაზუსტებით გასარკვევად, დამატებითი ანალიზებია საჭირო.

ფარიოტმა მანქანური დასწავლის მოდელი გაწვრთნა აგვისტოში გრაგნილზე აღმოჩენილ ერთ წარწერაზე, რომელსაც მელნის კვალი ემჩნეოდა. ხელოვნურმა ინტელექტმა მელნის კიდევ უფრო მეტი კვალი აღმოაჩინა და შესაბამისად, უკეთესად გაშიფვრაც შეძლო. საბოლოოდ, გამოჩნდა სიტყვა „პორფირასი“.

მანქანური დასწავლის მიდგომა გამოიყენა ნადერმაც, მაგრამ გაწვრთნა სურათების იმ ფორმებზე, რომლებიც დაახლოებით ასოებს ჰგავდა. ამ შემთხვევაშიც გამოიკვეთა სიტყვა „პორფირასი“ და სხვა ასოები მის გარშემო.

საკმარისი საწვრთნელი მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს რენტგენულ სურათებში ტექსტურის ოდნავი ცვალებადობის შემჩნევაც კი შეუძლიათ. ასე გამოჩნდა ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი მელნის კვალი. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მალე უფრო მეტ სიტყვას ამოიკითხავენ.

კონკურს Vesuvius Challenge-ის მთავარი პრიზი 700 000 დოლარია და გადაეცემა მონაწილეს, რომელიც რომელიმე გრაგნილში ოთხ ან მეტ პასაჟს ამოიკითხავს. თუ გსურთ, რომ ეს თქვენც შეგიძლიათ, შეგიძლიათ, ბედი სცადოთ.

ვულკანი ვეზუვი ახ. წ. აღ.-ის 79 წელს ამოიფრქვა და გრაგნილები მისი ფერფლის ქვეშ საუკუნეების განმავლობაში იყო მოქცეული; ისინი მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს ერთ-ერთი მდიდრული ვილის ნაშთებში. ეს ვილა სავარაუდოდ ეკუთვნოდა იულიუს კეისრის სიმამრს, ლუციუს კალპურნიუს პისო ცეზონიუსს.

სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ ძალიან ცოტა ასეთმა ტექსტმა მოაღწია. თუკი ამ გრაგნილების გახსნის გარეშე წაკითხვას შევძლებთ (გახსნისას ისინი შეიძლება დაიშალოს და უბრალოდ მტვრად იქცეს), შეიძლება ფასდაუდებელი ინფორმაცია მივიღოთ პირველი საუკუნის რომაელთა ცხოვრების შესახებ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.