ჰუნების ბელადი ატილა რომის იმპერიას საკუთარი ხალხის შიმშილობისგან გადასარჩენად ესხმოდა თავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ჰუნების ბელადი ატილა რომის იმპერიას საკუთარი ხალხის შიმშილობისგან გადასარჩენად ესხმოდა თავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

როგორც ჩანს, ჰუნები შეიძლება სულაც არ იყვნენ სისხლგაყინული ბარბაროსები ოქროს დაუოკებელი წყურვილით, როგორც ამას ზოგიერთი კლასიკოსი ისტორიკოსი მიუთითებდა.

ახალი კვლევა, რომელშიც ხის რგოლების საფუძველზე კლიმატური მონაცემები აღადგინეს, მიუთითებს, რომ ეს ნახევრად მომთაბარე ხალხი იძულებული გახდა, შიმშილის გამო შეჭრილიყო რომის აღმოსავლეთ პროვინციებში და იქაურობა დაერბია.

ჩეხეთსა და ბავარიაში მუხის ხეების ზრდის ხაზებში შემონახული ბუნებრივი არქივების თანახმად, მე-5 საუკუნის დასაწყისში, უნგრეთის დიდ ვაკეზე ძლიერ მშრალი ზაფხულების მთელი სერია იდგა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგთა განცხადებით, ახ. წ. 420-450 წლებს შორის, ევრაზიის სტეპებში მცხოვრებ ხალხს საკუთარ თავზე უნდა ეგრძნოთ ძლიერ მერყევი კლიმატი.

გვალვას ჰუნების საზოგადოებები იძულებული უნდა გაეხადა, ხან სოფლის მეურნეობას მიჰყოლოდნენ ერთ კონკრეტულ ადგილას, ხანაც ცხოველები ემწყემსათ ბიბინა მდელოებზე.

მართლაც, უნგრეთის დიდ ვაკეზე აღმოჩენილი ადამიანის კბილები მიუთითებს, რომ სიცოცხლის განმავლობაში, ჰუნების კვების რაციონი რამდენჯერმე შეიცვალა. როგორც ჩანს, ისინი სწრაფად ერგებოდნენ ყველაზე ხელმისაწვდომი საკვების ნებისმიერ წყაროს. ამან კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვია ცვლილებები საზოგადოების როლებში.

„თუკი რესურსების სიმწირე უკიდურესი გახდება, ერთ ადგილას დასახლებული მოსახლეობა შეიძლება იძულებული გახდეს გადასახლდეს, გაამრავალფეროვნოს საარსებო საშუალებები და იმოძრაოს სოფლის მეურნეობასა და მობილურ მესაქონლეობას შორის. კლიმატის გაუარესებისას, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი სადაზღვევო სტრატეგია ყოფილიყო“, — განმარტავს არქეოლოგი სუზან ჰაკენბეკი.

ჰუნების ბელადს ატილას, რომელმაც ძალაუფლება 430-იან წლებში აიღო, ხშირად მიიჩნევენ ყველაზე საშინელი ომის გამჩაღებლად. რომაელ ისტორიკოსთან ცნობით, მისი მმართველობის დროს, ატილა რეგულარულად არბევდა რომის ქალაქ-სახელმწიფოებს და სულ უფრო მეტ ოქროსა და მიწას ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ატილას ხშირად მოიხსენიებენ გაუმაძღარ ლიდერად, რომელმაც რომის იმპერიას ჯოჯოხეთი მოუწყო, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ საზღვრებთან მისი თავდასხმები კარპატების აუზში გაზრდილი სიმშრალის დროს ხდებოდა.

ჰუნებისა და რომაელების ურთიერთობები თავიდან ორმხრივად სასარგებლო იყო, მაგრამ 440-იან წლებში მათი თანამშრომლობა შეწყდა. სპეციალისტთა აზრით, გვალვიან წლებში, როდესაც საძოვრები იშვიათი იყო, ჰუნი მწყემსები შეიძლება იძულებული გახდნენ, ჰუნი მჩაგვრელები გამხდარიყვნენ.

სავარაუდოდ, მათი გარკვეული ნაწილი მეზობლების პირუტყვს ესხმოდა თავს და ფულადი მოთხოვნის მოლაპარაკებებს წინამძღოლი მებრძოლი აწარმოებდა.

„თუკი ასეთი მოვლენების დათარიღება საიმედოა, გამოდის, რომ ყველაზე ჰუნების გამანადგურებელი თავდასხმები, 447, 451 და 452 წლებში, უკიდურესად მშრალი ზაფხულების დროს მოხდა. ამიტომ ჩნდება კითხვა, გამოიწვია თუ არა გარემოზე ხელმისაწვდომობის შეცვლამ ადაპტაცია საარსებო გარემოსთან, ეკონომიკასთან და სოციალურ ორგანიზებასთანაც კი“, — წერენ მკვლევრები.

ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად კონკრეტული არქეოლოგიური მტკიცებულებაა საჭირო, მაგრამ დათარიღება საეჭვოა და საჭიროა დამატებითი კვლევა. თუ ავტორები არ ცდებიან, რომის იმპერიაზე ატილას ძალადობა შეიძლება მისი უკანასკნელი მცდელობა იყო საკუთარი ხალხის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

მაგალითად, იმ პერიოდის რომაული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ერთხელ ატილამ იმპერიისგან მოითხოვა მიწის ზოლი მდინარე დუნაის გასწვრივ. მართალია, ესეც ძალადობაა, მაგრამ ასეთი ჭალები შესანიშნავი ადგილია ცხვრების, აქლემებისა და ცხენების საძოვებლად.

მკვლევრები ეჭვობენ, რომ რომის პროვინციებზე თავდასხმისას ატილა ძირითადი მიზეზი არა ოქროს მიღება, არამედ გვალვიან წლებში საკვებისა და პირუტყვის ხელში ჩაგდება იყო.

მისი მმართველობისას, ჰუნები წარმატებით შეიჭრნენ გალიასა და ჩრდილოეთ იტალიაში, საბოლოოდ კი ქალაქი მილანიც აიღეს. 453 წელს ატილა მოულოდნელად დაიღუპა და მის ვაჟებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდა. მომდევნო წელს, ჰუნები სამუდამოდ დამარცხდნენ.

როგორც ყოველთვის, ისტორია მაშინაც გამარჯვებულებმა დაწერეს. რომაული ჩანაწერების გამო, ჰუნები ისტორიაში საზიზღარი და ბრაზიანი, მოძალადე და ხარბი ხალხის სახელით შევიდნენ.

მართალია, ეს კვლევა ეთანხმება, რომ ამ უძველესი ხალხის ნაწილმა სოციალური და პოლიტიკური ორგანიზება იმ პერიოდში ძალადობრივ თავდასხმებზე ფოკუსირებისკენ შეცვალა, მაგრამ ახალი აღმოჩენა ცხადყოფს, რომ სავარაუდოდ, ეს მათთვის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი იყო.

უარყოფითმა წარმოდგენამ დღემდე მოაღწია. თუმცა, ხის რგოლები გაცილებით ობიექტურ ჩანაწერებს წარმოადგენს, ვიდრე ადამიანების ჩანაწერები; ეს ბუნებრივი ხაზები მკვლევრებს ამჯერად ჰუნების ისტორიის უკეთ შესწავლაში ეხმარება.

„კლიმატის ცვლილება ადამიანებს მრავალ გადაწყვეტილებას აიძულებს. ეს გადაწყვეტილებები ყოველთვის რაციონალური არ არის, არც მათი შედეგებია აუცილებლად წარმატებული გრძელვადიან პერსპექტივაში. ისტორიის ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ხალხი კლიმატურ სტრესზე კომპლექსურად და არაპროგნოზირებადად რეაგირებს; ცხადყოფს იმასაც, რომ მოკლევადიან გამოსავლებს გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უარყოფითი შედეგები ჰქონდეს“, — ამბობს არქეოლოგი სუზან ჰაკენბეკი.

კვლევა Journal of Roman Archaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cam.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.